“გიგრძვნია ოდესმე, რომ რაც უფრო ჯიუტად ეძებ სიყვარულს, მით უფრო მეტად გისხლტება ხელიდან? ან აღიარების გარეთ ძებნა, თავს რომ დაუცველად გაგრძნობინებს? თუ ეს გიგრძვნია, ამის მიზეზიც არსებობს. ასე იმიტომ ხდება, რომ სიყვარულისა და აღიარების ძიება ორივე შეგრძნებას გაკარგვინებს. შენ შეიძლება სიყვარულის გაცნობიერების უნარი დაკარგო, მაგრამ არა თავად სიყვარული. სიყვარული თვით ჩვენ ვართ და თუ ეს ასეა, მაშ, რატომღა ვეძებთ მას ასე გამალებით და ხშირ შემთხვევაში, წარუმატებლად?
ამის მიზეზი მხოლოდ ჩვენი ფიქრებია – ფიქრები, რისიც გვჯერა და რაც სიმართლისგან შორსაა.
შენ არ ხარ ვალდებული რომელიმე მათგანის გჯეროდეს. შეგიძლია ეს შენთვის შეამოწმო წიგნის კითხვის პროცესში ან როდესაც წიგნს გვერდზე გადადებ და ოთხი შეკითხვის დახმარებით გამოიკვლევ შენს ურთიერთობას სხვა ადამიანებთან ან ამის დეფიციტს აღმოაჩენ.”
💗
“შენი უნარი – შეიცნო სხვა ადამიანი იზღუდება შენი წარმოდგენით იმის შესახებ, რაც გგონია, რომ იცი. თუ ადამიანს ყურადღებით მოუსმენ და საუბარს არ შეაწყვეტინებ მიხვდები, რომ მის შესახებ წინასწარ შექმნილი შენი წარმოდგენა მცდარია. და, რაც ყველაზე ამაღელვებელია, როგორც წესი, ეს ადამიანი იმაზე უფრო ბრძენი და კეთილი აღმოჩნდება, ვიდრე წარმოგედგინა.
ამას გარდა, შესაძლოა, საკუთარ თავზეც კი შეგეცვალოს წარმოდგენა, რომ თურმე შენც ბრძენი და კეთილი ყოფილხარ და ამასთანავე, ყურადღებიანი და გულისხმიერი მსმენელიც. რთული როდია ადამიანებით ინტერესდებოდე, მით უმეტეს, თუ ისინი შენს გაოცებას განაგრძობენ და იმაზე მეტს გთავაზობენ, ვიდრე წარმოგედგინა.”
💗
“როგორ იცვლება შენი ცხოვრება სიყვარულის, აღიარებისა თუ დაფასების დევნაში? ჩვეულებრივ, რას ვფიქრობთ ხოლმე? ჩვენ ვფიქრობთ, რომ სხვა ადამიანების მხრიდან სიყვარული და აღიარება იმ სამეფოს კარის გასაღებია, სადაც თავს ბედნიერად და წარმატებულად ვიგრძნობთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რომანტიკის ძებნას მოაქვს სიყვარული, სექსუალური პარტნიორი, მასთან მტკიცე და ხანგრძლივი ურთიერთობა, ქორწინება, ოჯახი. ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ თუ საზოგადოებაზე კარგ შთაბეჭდილებას მოვახდენთ, თუ საჭირო, გავლენიანი ადამიანების აღტაცებას შევძლებთ, ეს იქნება უმოკლესი გზა სიმდიდრისა და კეთილდღეობის მოსაპოვებლად.
ჩვენ გვგონია, რომ თუ ამ ძიების პროცესში წარმატებას მივაღწევთ, თავს უსაფრთხოდ ვიგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში, დაფასებულად და კომფორტულად.
მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ვმარცხდებით? თითქოს უსახლკაროდ ვრჩებით, სიცივეში, მარტოსული და ყველასგან მივიწყებული. რა გასაკვირია, რომ ამ დროს ადამიანს უსაზღვრო შიში ეუფლება, რომელიც მთელ მის არსებას მოიცავს. ერთ კომპლიმენტს მთელი შენი დღის გალამაზება შეუძლია, ხოლო მკვახე სიტყვას მისი დანგრევა.
ფუნდამენტური შიშები ზედაპირზე იშვიათად თუ ამოტივტივდება. ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელიც დადის და ფიქრობს, რომ სოციუმის მიღმა აღმოჩნდება, სამუდამოდ გარიყული. იმის ნაცვლად, რომ გააცნობიეროს ეს ძირეული შიში, მთელი დღის განმავლობაში ათასობით შემაწუხებელი ფიქრი უტრიალებს თავში: „შემამჩნია?“ „რატომ არ გამიღიმა?“„კარგი შთაბეჭდილება დავტოვე?“ „რატომ არ დამირეკა?“ „კარგად გამოვიყურები?“ „ეს უნდა მეთქვა?“ „ნეტავ ჩემზე რას ფიქრობენ ახლა ისინი?“ – ეს არის მუდმივი განსაჯა-შეფასება დაკარგული თუ მოპოვებული ქულებისა, აღიარების მოსაპოვებელად გამართულ დიდ დოღზე. ამ გამუდმებულ ეჭვებს შემდგომ მოქმედებაში მოჰყავთ ასობით სტრატეგია, რომ გარშემომყოფებმა გვაღიარონ, პატივი გვცენ ან მინიმუმ, სიამოვნება მაინც მივიღოთ. გამოუთქმელი რწმუნებულებაა: „სანამ ადამიანები არ გაღიარებენ, უვარგისი ხარ.“
სიყვარულისა და აღიარების მოსაპოვებლად ბრძოლის მთელი ირონია კი ის არის, რომ ეს საგრძნობლად ამცირებს შანსს ისინი შეიგრძნოთ. აღიარების ქრონიკული მაძიებელები ვერ აანალიზებენ, რომ ისინი უყვართ და მათ მხარს უჭერენ არა მათი ძალისხმევის გამო, არამედ მის გარეშეც. და რაც უფრო თავგამოდებით ცდილობენ ისინი სხვების ყურადღება მიიქციონ, მით უფრო ნაკლებად ამჩნევენ მათ.
ამ რთულ მდგომარეობაში თავს როგორ ამოვყოფთ? რამდენიმე გვერდს დავუთმობთ იმ გზების განხილვას, თუ როგორ ქმნის გამოუკვლეველი ფიქრები ჩვენს ამ გამოცდილებას. ვნახავთ ჩვენთვის კარგად ნაცნობი წვრილმანი ფიქრები რამდენად ხშირად გვიბიძგებს გვჭირდებოდეს, გვსურდეს, გვწყუროდეს და მოვიპოვებდეთ იმას, რაც უკვე გვაქვს.”
💗
“როდესაც რაიმეს ამბობ ან აკეთებ იმისთვის, რომ სანაცვლოდ რაღაც მიიღო, დაფასება დაიმსახურო, სხვა ადამიანზე გავლენა მოახდინო, ვინმე ან რამე გააკონტროლო, ამის მიზეზი შიშია, ხოლო შედეგი – ტკივილი.
მანიპულაცია სეპარაციაა, სეპარაცია კი მტკივნეულია. მოცემულ მომენტში ამ ადამიანს შეიძლება გულწრფელად უყვარდე და შენ ეს ვერც კი შენიშნო. თუ შიშით მოქმედებ, სიყვარულის მიღების შანსი არ არსებობს, რადგან შენივე ფიქრის მახეში ხარ გაბმული, რომ სიყვარულის მოსაპოვებლად რაღაც უნდა მოიმოქმედო. ყოველი სტრესის გამომწვევი ფიქრი ადამიანებს გაშორებს, მაგრამ როგორც კი გამოიკვლევ შენს ფიქრებს, აღმოაჩენ, რომ სიყვარულის მისაღებად არაფრის გაკეთება არ გჭირდება. ეს მხოლოდ გულუბრყვილობით გამოწვეული გაუგებრობა იყო. როდესაც ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენა და მათგან აღიარების მიღება გსურს, პატარა ბავშვივით ხარ, რომელიც დაჟინებით მოითხოვს: შემომხედე! შემომხედე!“ ამ ყველაფერს პატარა ბავშვთან მივყავართ, რომელსაც რაღაც სჭირდება. როდესაც შენში არსებულ ამ ბავშვს შეიყვარებ და ჩაიხუტებ, გარეთ ძიება დასრულდება.”
ბაირონ ქეითი, ნაწყვეტები წიგნიდან “შენი სიყვარული მჭირდება – ეს სიმართლეა?”