სიწითლე სახეზე,
შინაგანი სიმხურვალის განცდა,
სხეულის მოუხერხებელი მოძრაობები
– ეს იმ სიმპტომთა არასრული ჩამონათვალია,
რომელიც თან ახლავს სირცხვილის განცდას.
სექსუალურობა და სირცხვილი
სექსუალურობაზე საუბარი, ხშირად, სირცხვილთანაა დაკავშირებული. ამას განაპირობებს საზოგადოებრივი შეხედულებები, რომელიც ადრეულ ასაკშივე ინტროექტების (გარედან შემოსული წესები და კანონები) სახით მიეწოდება ბავშვს.
“სექსუალურობა დანაშაულია”
“ნახე, რა კარგი გოგოა, როგორ ბიჭივით იქცევა”
“რა ქალაჩუნა ხარ”
“სექსი ეს სიბინძურეა”
და სხვ.
ფრაზები, რომლებიც ადრეული პერიოდიდან გვესმის, დიდ გავლენას ახდენს დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე. ეს ერთგვარი კულტურულ-რელიგიური ფონია, რომელიც იმკვიდრებს საზოგადოებაში და რომელთან ერთადაც გვიწევს ცხოვრება.
იყო ბიოლოგიურად ქალი არ ნიშნავს ქალურობას
და
იყო ბიოლოგიურად კაცი არ ნიშნავს მამაკაცურობას
ბავშვობის ადრეულ ეტაპზე ხშირია სექსუალურობაზე არასწორი ყურადღების გამახვილება, რაც გულისხმობს საკუთარი სქესის მიმღებლობაზე დაფიქრებას. “ეს კაცების საქმეა”, “ქალებში რა გესაქმება” და სხვ. მსგავსი კონტექსტი ხშირად მოიაზრებს რომელიმე სქესის დაკნინებას, ან უპირატესობას.
14 წლის ლუკა ხედავს ფაქტს, რომ ის ბიოლოგიურად კაცია, მაგრამ ვერ გრძნობს მამაკაცურობას, რომელიც მის ირგვლივ მყოფებისთვის დაცინვის ობიექტი ხდება. ირკვევა, რომ მშობლები გოგოს ელოდნენ და ბიჭის დაბადება მოულოდნელი იყო. სახელიც კი მოფიქრებული ჰქონდათ – გარდაცვლილი მამიდის საპატივცემულოდ ელენე უნდა დაერქმიათ.
მოზარდისათვის რთულია მსგავს გარემოში ადაპტირება. ირგვლივ ესმის რომ იგი ქალურია და იწყებს ფიქრს, იქნებ მართლაც ქალური ელემენტები ჭარბობს მასში?! იწყებს ექსპერიმენტებს და საკუთარი თავის ძიებას.
16 წლის ნინოს სახლში სულ ეჩხუბებიან იმის გამო, რომ მამაკაცების ყურადღებას იპყრობს ქუჩაში. მისი სხეულის ფორმები საკმაოდ მიმზიდველი და სექსუალურია. ფიზიოლოგიური მონაცემების გამო, ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით, იგი ვალდებულია ატაროს თავისუფალი სტილის სამოსი. “ქუჩაში ისე უნდა გაიარო, რომ არავის ყურადღება არ მიიქციო”, “თუ კაცმა შემოგხედა და გაღიზიანდა ეს შენი ბრალია” და სხვ.
მსგავსი შემთხვევების შედეგად ზრდასრულობაში საქმე გვაქვს დაბალ თვითშეფასებასთან, ანორგაზმთან, მენსტრუალური ციკლის დარრვევებთან და სხვ.
სექსი – “ეს არის სიბინძურე, ვინც მისით კავდება ბინძურდება”. მშობლისთვის ხშირად რთულია ზრდასრულ შვილს ესაუბროს სექსზე, მაშინაც კი, როდესაც მისი შვილი სექსუალურად აქტიურია, ჰყავს შვილები. და რამდენად რთულია ბავშვთან, მოზარდთან ამ თემაზე საუბარი?!
შეჯამება
სამყაროსთან ჰარმონიულ დამოკიდებულებას, პირველ რიგში, განაპირობებს საკუთარი სქესის და სექსუალურობის მიღება. სექსუალურობის არსებობა, ეს ბუნებრივია. იქ, სადაც ჩვენ ვართ – არის სექსუალურობაც. მისი გაცნობიერება და მიღება შიშის, სირცხვილის, დანაშაულის გრძნობის გარეშე გვაძლევს დიდ თავისუფლებას.
პრაქტიკული სავარჯიშო ტრენინგიდან
სექსუალურობა მშობლისა და შვილის ურთიერთობაში:
10 ქულიანი სკალით შეაფასეთ თქვენი სქესის მიმღებლობა (0- საერთოდ ვერ ვიღებ საკუთარ სქესს, 10- მთლიანად ვიღებ საკუთარ სქესს). ეს გააკეთეთ დღის სხვადასხვა დროს, როცა კი გაგახსენდებათ, სხადსხვა სიტუაციაში და დააკვირდით, იცვლება თუ არა თქვენი შეფასება?!
იგივე გააკეთეთ თქვენს სექსუალურობასთან დაკავშირებით.
სპეციალურად „ჟოლოსთვის“
ანასტასია ნათია მარღანია
ფსიქოლოგი, გეშტალტთერაპევტი
პიროვნული ზრდის ხელოვნება “მიზანი”