fbpx

ვინ იცოდა უცნობი ჯარისკაცის ვინაობა და ვინ ჩამოასვენა ის საქართველოში

ავტორი ჟოლო
151 ნახვა

«22 წლის ბიჭია, შვილო, მის სახელს და გვარს რა დამავიწყებს» — ამბობს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, პოლკოვნიკი ივანე ჩოხელი და წლების წინ, ჟურნალისტთან უცნობ ჯარისკაცზე საინტერესო ისტორიას ჰყვება.

ივანე ჩოხელი: «დიდი სამამულო ომის დასრულების ოცდაათი წლისთავზე, 1975 წელს საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ თხუთმეტივე მოძმე რესპუბლიკაში უცნობი ჯარისკაცის მემორიალური საფლავები შექმნილიყო. ამ ბრძანების განხორციელება საქართველოში თბილისის მაშინდელი საბჭოს თავჯდომარეს შოთა ბუხრაშვილს დაევალა.

თავდაპირველად ამ საქმეს ბევრმა სამხედრო მოსამსახურემ მოჰკიდა ხელი. თუმცა

საბოლოოდ დარჩა მხოლოდ ხუთი ადამიანი, ვინც დათანხმდა ამ მისიის შესარულებას. ესენი იყვნენ: გენერალი ჯანჯღავა, გენერალი ყურაშვილი, გენერალი თავართქილაძე, პოლკოვნიკი ჩოხელი და პოლკოვნიკი ქანთარია.

-ეს ურთულესი მისია იყო. უნდა გვეპოვა 30 წლის წინ დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ცხედარი და საქართველოში ჩამოგვესვენებინა. დაღუპული ჯარისკაცის ნეშტის მოძიება ძნელი არ იყო, მაგრამ დავალების მიხედვით, აუცილებლად ქართველი უნდა ყოფილიყო. წარმოიდგინეთ, რის მიხედვით უნდა დაგვედგინა ცხედრის ეროვნება. ეს არც არავის აინტერესებდა, ბრძანება აუცილებლად უნდა შესრულებულიყო და 9 მაისს თბილისში მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ცხედარი უნდა ჩამოგვესვენებინა.»

დავალება მიღებისას ქალაქის საბჭოში ფიცი დავდეთ, რომ ჩვენი მისიის დეტალები და მით უმეტეს, აღმოჩენილი ქართველი ჯარისკაცის ვინაობა არასოდეს გამჟღავნდებოდა.

ვინაიდან ყველაზე მეტი ქართველი ქერჩში დაიღუპა, მისიის შესასრულებლად ქერჩში ჩავედით.

ჩასვლისთანავე ადგილობრივი სამხედროების დახმარებით შევუდექით საქმეს. გადავთხარეთ უამრავი სამარხი. ვეძებდით და ვეძებდით. რისი იმედი გვქონდა, არ ვიცი… უამრავი ნეშტი კი ვიპოვეთ. ქალების და მამაკაცების ცხედრებს ადვილად ვარჩევდით ერთმანეთისგან, მაგრამ როგორ უნდა დაგვედგინა ჩვენ მიერ ნაპოვნი ძვლები, ნამდვილად ქართველს ეკუთვნოდა თუ არა… მაშინ ეს წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, მაგრამ საქმე სულ სხვანაირად შემოტრიალდა…

საერთოდ ომის წესი გახლდათ ასეთი, რომ თითოეულ ჯარისკაცს შარვლის ქამარში ჩაკერებული ჰქონდა ტყვიის მასრა. მასში ინახებოდა ქაღალდი, სადაც ჯარისკაცის სახელი, გვარი და საცხოვრებელი ადგილი იყო მითითებული. როდესაც ჯარისკაცი ომში ან ჰოსპიტალში გარდაიცვლებოდა, ამ მასრას იღებდნენ და მასზე მოცემული ინფორმაციის საფუძველზე ატყობინებდნენ ოჯახს მეომრის გარდაცვალებას.

დიდი ხნის უიმედო ძიების შემდეგ სწორედ ასეთ მასრას მივადექით. ყურაშვილმა დამიძახა, «ვანო, მგონი გადავრჩითო»… მისკენ რომ შევტრიალდ, ხელში მასრა ეჭირა, რომელიც ახლადგათხრილი საფლავიდან ამოეღო. «თუ ძმა ხარ ნახეო», — დაამატა და მასრა გადმომცა. დავითხოვეთ ყველა დამხმარე მუშა და როდესაც ხუთნი დავრჩით, მასრა გავხსენით. ქართველი აღმოჩნდა…

შიგ ჩადებულ პატარა ფურცელზე სახელი, გვარი, დაბადების წელი და მისამართი იყო მითითებული… მის სახელს და გვარს რა დამავიწყებს, შვილო, მაგრამ ვერ გავთქვამ ამ საიდუმლოს. იმ ხუთი ადამიანიდან მხოლოდ მე ვარ ცოცხალი და ეს საიდუმლო მიწაში უნდა ჩავიტანო.

მაშინ მივხვდი, ჩვენ რატომ გამოგვიშვეს ამ მისიის შესასრულებლად, ენაჭარტალა მამაკაცები ამ საქმეში არ გამოდგებოდნენ, ჩემმა გარდაცვლილმა მეგობრებმა ეს საიდუმლო საფლავში ჩაიტანეს და მეც ასე მოვიქცევი… ამ ჯარისკაცის სახელი და გვარი სამუდამოდ უცნობი უნდა დარჩეს, რათა ყველა ოჯახს, რომელსაც ვინმე დაკარგული ჰყავს ფრონტზე, ეს ჯარისკაცი თავისი მიცვალებული ეგონოს. მე ბოლო ვარ და საიდუმლოს საფლავში ჩავიტან. ფიცი მაქვს დადებული, აი ამას რომ თვალწინ მიკლავდნენ (ბატონმა ივანემ ჭოჭინაში მოთამაშე წლი-ნახევრის შვილთაშვილისკენ მიგვახედა), მაინც ვერ ვიტყვი, არ შემიძლია».

ერთდაერთი, რაც შემიძლია გითხრათ, დასავლეთ საქართველოდანაა, შვილო, ახალგაზრდა 22- 23 წლის ბიჭია… ამის მეტს ვერაფერს გეტყვით, ისედაც ძალიან ბევრი გითხარით. მის დამმარხავს ეტყობა მასრის ამოღება გამორჩა და ეს ადამიანი დღესაც უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება მისი ოჯახისათვის…

მისი ძვლები ჩვენი ხელით ამოვალაგეთ, წითელი დროშისმაგვარი ზეწარი გადავაფარეთ, ქერჩის განაპირა ეკლესიის მაგვარ შენობაში დავასვენეთ და საქართველოში დავბრუნდით.

ბატონ ბუხრაშვილს ვაცნობეთ, რომ ქართველი ჯარისკაცი მოვძებნეთ და ახლა მხოლოდ მისი ტრანსპორტირების საკითხიღა იყო მოსაგვარებელი. ჩვენი დავალების მეორე ნაწილი ამ ცხედრის საქართველოში 9 მაისს ჩამოსვენება იყო. დავბრუნდით ისევ ქერჩში…

ჯავშანტრანსპორტიორში ჩავასვენეთ და ისე წამოვასვენეთ. როდესაც საქართველოში შემოვედით, გზადაგზა გაშლილი სუფრები გვხვდებოდა, ხალხი გვეგებებოდა, ტიროდა… როდესაც ზუგდიდში ჩამოვედით, სამი მტირალი შაოსანი ქალი მოგვეგება. თურმე ერთ მათგანს სამი შვილი

უგზოუკვლოდ დაჰკარგვოდა ომში, მეორეს — ორი, მესამეს კი ტყუპი ძმები აღარ დაბრუნებოდნენ ფრონტდან. ამოვიდნენ ბეტეერში და კუბოს გადაეხვივნენ… მე მოხევე კაცი ვარ და ემოციების გამოხატვა ჩემთვის უცხო იყო, მაგრამ ეს ქალები ისე საბრალოდ ტიროდნენ, მეც კი მეტკინა გული და ავტირდი… ქალები კუბოს ვერ მოვაცილეთ, თბილისამდე გამოგვყვნენ… სამტრედიაში უარესი ამბავი დაგვხვდა… ზესტაფონში შემოვლითი გზით ვიარეთ, რადგანაც იქაც ზღვა ხალხი გველოდა, არადა თბილისში დროზე უნდა ვყოფილიყავით…

გორშიც ვერ ავცდით დიდ სამგლოვიარო დახვედრას. მახსოვს, კაცებს ურემზე ხუთასლიტრიანი ღვინის კასრები შემოედგათ და ხალხი ამ ჯარისკაცის შესანდობარს სვამდა…

საბოლოოდ, თბილისში რომ ჩამოვედით, 8 მაისი თენდებოდა. ჯარისკაცი ოფიცერთა სასახლეში დავასვენეთ. მეორე დღეს საზეიმო-სამგლოვიარო მსვლელობა რუსთაველის გამზირზე დაიწყო და ვაკის პარკში დასრულდა..”

წყარო: გაზეთი “კვირის პანორამა”

ინტერვიუ შედგა 2005 წელს, რამდენიმე წელში ივანე ჩოხელი გარდაიცვალა

უცნობი ჯარისკაცის დაკრძალვის ცერემონია ვაკის პარკში, 1975 წლის 9 მაისი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment