ეს, რასაც ახლა ვწერ, არ არის ერთი ადამიანის ტრაგედია. ამ ამბავს არ ჰყავს ერთი კონკრეტული ადრესატი. გმირი, მითუმეტეს !
გარდაიცვალა! თავი მოიკლა! უკურნებელი სენი შეეყარა! იარაღი გაუვარდა! შემოაკვდა! (ათასში ერთხელ გაიელვებს შემდეგი სიტყვები – გაბედნიერდა! დაიბადა! )
შენ, დედამიწის მეორე ბოლოში ხარ და ისე ისმენ, თუ უყურებ ამ ამბებს, როგორც საინფორმაციო გადაცემას, რომელიც გინდა რომ მალე დასრულდეს!
იხსენებ რომ ოდესღაც, შენც იყავი იმ საზოგადოების ნაწილი, საიდანაც ხორცმეტივით მოგიკვეთეს! იშვიათ შემთხვევაში, შენ მოიკვეთე საკუთარი თავი ნებით, თუ უნებლიედ.
ნწ, ნწ … დამწუხრებული გადააქნევ თავს მარჯვნივ და მარცხნივ.
თვალები ცრემლით გევსება. საკუთარი უუნარობა გგუდავს. გინდა იქ იყო. იმ ცეცხლსა და წკვარამში იტრიალო. გინდა სხეული გეტკინოს. ჰო, გეტკინოს, რომ მიხვდე – ცოცხალი ხარ!
“რა ბედენაა ეს სიცოცხლე?!”
ენატრები – გენატრება!
სჭირდები – გჭირდება!
უყვარხარ – გიყვარს! უმჯობესია, ასე ვთქვა – გიყვარს(?)
ჯანდაბას სიყვარული!
ვიღაც, სისხლმოწყურებული კოღოსავით ჩაგწუის – სიყვარული კი არა, მოკვდა! თავი მოიკლა! შემოაკვდა! უკურნებელი სენი შეეყარა! რა გესიყვარულება, თუ ღმერთი გწამს.
ბედნიერიც იყავი და უბედურიც! სიხარულის და მწუხარების გემოც იცი! მოგკვდომია, კიდეც, მაგრამ ….. მაგრამ იქ იყავი, მათ გვერდით. ხორცმეტივით გიფრთხილდებოდნენ, არ დაზიანებულიყავი, რათა უფრო არ ტკენოდათ, შენი ცუდად ყოფნა! ეს თავიდან! თორემ მერე ხომ იცი, აუცილებლად იშორებენ ხორცმეტს!
ბრძოლის ველზე მარტო ხარ(თ) შენ და უფალი. “ყველაფერი კარგად იქნება” – ყალბად იმეორებ გაზეპირებულ სიტყვებს, უფრო მოვალეობის მოხდის მიზნით.
არაფერიც არ იქნება კარგად!
ისევ მოგიკვდება! ისევ დასჭირდები! ისევ ეყვარები, მაგრამ შენ არ იქნები ახლოს. საერთოდ, არსად არ იქნები.
თუ არ ვცდები, “ხალხი” კრებითი სახელია. შენ, არც აქ მოიაზრები. “ვინ” კითხვა(ც) არ დაგესმის!
წლების მანძილზე აშენებ ოცნების კოშკს! აშენებ, რომ ნანგრევებში მოყვე, რადგან დამარხვაზე არავინ შეაწუხო.
ტრაგედია მოხდა-ო!
ნწ, ნწ… გადააქნევენ თავს მარჯვნივ და მარცხნივ!
„წლების მანძილზე აშენებ ოცნების კოშკს! აშენებ, რომ ნანგრევებში მოყვე“- ემიგრანტი ათენიდან
78
წინა სტატია