ყოველდღიურობაში ხშირად გვავიწყდება კარგი და სასიამოვნო სიტუაციები და სამწუხაროდ ნეგატიურზე უფრო მეტად ვკონცეტრირდებით…
მაგ: „სამი საათი საცობში ვიდექი, წყალი შეწყდა, კოლეგამ ნერვები მომიშალა“ და ა.შ… შეიძლება მთლიანობაში დღე კარგი იყო, მაგრამ ჩვენ მაინც ნეგატივი გვახსოვს და ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას პოზიტიურ მოვლენებს.
არადა, სიხარული, სიამოვნება, იმედი, სიამაყე, აღფრთოვანება, ის დადებითი ემოციებია, რომელთა გაძლიერებაც სტიმულს გვაძლევს, უფრო ჯანმრთელს და ბედნიერს გვხდის და პოზიტიურ გავლენას ახდენს მთლიანად ჩვენს ცხოვრებაზე.
ამიტომაც კარგია უფრო მეტი დრო დავუთმოთ იმაზე მუშაობას, თუ როგორ გავაძლიეროთ პოზიტიური აზროვნება
მაშ ასე:
5 მეთოდი თუ როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი ყოველდღიურობა:
🔹️ ყოველდღიურად ჩამოწერეთ 5 მიღწევა, თუნდაც მცირედი.
მიღწევების ჩამოწერით ჩვენ არ ვაუფასურებთ თუნდაც იმ წვრილმან გაკეთებულ საქმეს, რასაც ვუთმობთ დროს და ენერგიას. ასევე ამ დროს (რაღაცის მიღწევისას) გამოიყოფა დოფამინი, ბედნიერების ჰორმონი და როცა ამას ვახსენებთ ჩვენს თავს, კვლავ განვიცდით სიხარულს და სურვილი გვიჩნდება ისევ გავიმეოროთ ეს ქცევა.
🔹️ ჩამოწერეთ თქვენი ძლიერი მხარეები იქნება ეს პროფესიული თუ პიროვნული.
საკუთარი თავის კარგი თვისებების ჩამოწერა, თვითშეფასების ამაღლებასა და თავდაჯერებულობას უწყობს ხელს.
🔹️ დაუთმეთ დრო ფიზიკურ აქტივობას, თუნდაც 10-15 წუთი დღეში.
ფიზიკური აქტივობა ხსნის დაძაბულობას… კვლევების თანახმად რეგულარული ვარჯიში კარგია არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის და ჯანსაღი წონის შენარჩუნებას უწყობს ხელს, არამედ ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგრადობას. აუმჯობესებს განწყობას, ზრდის ენერგიის დონეს, აყალიბებს თვითდისციპლინას.
🔹️ ყოველდღიურად ჩამოწერეთ მადლიერება, როგორც საკუთარი თავისადმი, ასევე სხვა ადამინების მიმართ.
მადლიერების ჩამოწერის ჩვევა ერთ-ერთი მთავარია რაც ადამიანმა უნდა დანერგოს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მთელი გულით გადაიხადეთ მადლობა იმისთვის რაც გაქვთ, თუნდაც „წვრილმანებისთვის“ და ნახავთ თუ როგორ მოიზიდავთ უფრო მეტ პოზიტივს და ისეთ სიტუაციას, რომლის გამო კიდევ უფრო მადლიერი იქნებით.
🔹️დააკვირდით ლექსიკას, ნაკლებად ან საერთოდაც ამოიღეთ ნეგატიური სიტყვები (წუწუნი, ლანძღვა, უკმაყოფილება)
რადგან ჩვენი სიტყვები თვითრეალიზებადი წინასწარმეტყველება შეიძლება გახდეს.
ყოველ სიტყვას თავისი ძალა აქვს. წუწუნი, ლანძღვა და უკმაყოფილება უარყოფითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე, ემოციურ მდგომარეობაზე, ცხოვრებაზე. შეცვალეთ ნეგატიური სიტყვები დადებითით და ნახეთ როგორ შეიცვლება და გალამაზდება თქვენი დღე.
ანა კვატაშიძე, ქოუჩი