fbpx

ბავშვობის გიჟური „სიყვარულები“ და გასვენებაში მოტანილ გვირგვინზე დაწერილი „მიყვარხარ“

ავტორი ჟოლო
242 ნახვა

თაკო სონღულაშვილის ამ ფოტომ ჩემი ბავშვობის გიჟური “სიყვარულები” გამახსენა. ყველაზე ორიგინალური, ნაფიქრი და რომანტიული ისტორიებიდან კი ყველაზე მეტად ესენი მახსოვს:

ერთხელ ერთმა ბიჭმა ჩემი ძველი სტატიები მთხოვა, გადავიკითხავო. ვათხოვე. ჰოდა, აღარ მიბრუნებდა. ბევრჯერ მოვიკითხე. გავიდა დრო, ერთხელ სახლში ვესტუმრე და მისი ოთახის მთელს კედლებზე გაყვითლებული გაზეთები იყო ლურსმნებით მიჭედებული….ჩემი სტატიებით;

ეს კიდევ სხვაა, ბათუმური ამბავი. აღარც მახსოვს რა ერქვა, მგონი მეზღვაური იყო. ჰოდა, ერთხელ ერთი მანქანა მოლუსკები გამომიგზავნა. ცხოვრებაში გასინჯული არ მქონდა. არც გამისინჯავს…დიდხანს ვერ გავიყვანე სახლიდან თევზის სუნი…ის მოლუსკები კი, სანაპიროზე “გამაგრებულ” მოძრაობის თეატრის მსახიობებს დავურიგე. ბევრიც მლოცეს.

ესეც წინა საუკუნის: ერთმა გადარეულმა ბაბუას გასვენებაში მოტანილ გვირგვინზე დამიწერა – “მიყვარხარ”.

კიდევ იყო ამბავი, უფრო ძველი, გარდასულ დღეთა მოგონება:
მე მიყვარდა ერთი ბიჭი. გამაბრაზა. დავშორდი და 260 ლექსი დავუწერე. არცერთი აღარ დამრჩა, მორიგმა შეყვარებულმა გამანადგურებინა ის რვეული.

კიდევ სხვა ბიჭიც იყო, სასიყვარულო წერილებს მწერდა სულ. ჩემი საპასუხო წერილებიც ჰქონდა.დაშორება რომ გადავწყვიტე, არ მინდოდა ჩემი წერილები დამეტოვებინა მისთვის. არ მიბრუნებდა არაფრით, ერთხელაც შეხვედრა ვთხოვე, “მუშთაიდის” ბაღში დავიბარე. მახსოვს, საშინლად წვიმდა. ზუსტად იმ დროს, როცა შეხვედრაზე მივიდა, ქუჩაში იდგა და სველდებოდა, მე მეგობართან ერთად მის სახლში მივედი. იქ მდგმურად იყო და გასაღები მეპატრონეს გამოვართვი. ყველა ჩემი წერილი მოვაგროვე და გავიქეცით…მახსოვს, მე და ჩემი მეგობარი გოგო “ვორონცოვზე” როგორ მივრბოდით – მე ბედნიერი და თავისუფალი…ფეხშველა, წვიმაში, გახარებული…მეგონა, რომ იმ წერილებთან ერთად ჩემი სიყვარულიც მოვპარე, დავიბრუნე – ღირსი იყო ის ბიჭი!

რანაირი იყო მაინც ის დრო. სულ სხვა ცხოვრება, სულ სხვა…. 

ქეთი ხოსიტაშვილი

წყარო: www.facebook.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment