ტანტრა — ენერგია და ექსტაზი
ოშო რაჯნეში
ენერგია
სექსუალური ენერგია, როგორც ასეთი, არ არსებობს. ენერგია ერთიანია – ერთი და იგივე. სექსი ენერგიის მხოლოდ ერთ-ერთი გამოსასვლელია, ერთ-ერთი მიმართულება; მისი ერთ-ერთი შესაძლო გამოყენება. სასიცოცხლო ენერგია ერთიანია, თუმცა შეიძლება თავი მრავალი მიმართულებით გამოავლინოს. სექსი ერთ-ერთი მათგანია. როცა სასიცოცხლო ენერგია ბიოლოგიური ხდება, ის ვლინდება, როგორც სექსუალური ენერგია.
სექსი მხოლოდ სასიცოცხლო ენერგიის გამოყენების სფეროა. თუ ენერგია სხვა მიმართულებით მიედინება, სექსი არ არის. თუმცა ამას სუბლიმაციას ვერ დავარქმევთ; ეს ტრანსფორმაციაა. სექსი სასიცოცხლო ენერგიის თანდაყოლილი, ბუნებრივი გადინება და მისი უმდაბლესი გამოყენებაა. სექსი ბუნებრივია, რამეთუ მის გარეშე შეუძლებელია სიცოცხლე. უმდაბლესი კი იმიტომ არის, რომ ის საფუძველი და არა მწვერვალი. თუ ყველაფერს სექსი ცვლიდა, ცხოვრებას ამაოდ ჩაუვლია. წარმოიდგინეთ, რომ გამუდმებით საძირკველს ყრით, შენობა კი, რომლისთვისაც ის იყრება, არ შენდება.
სექსი – ეს არის საშუალება სასიცოცხლო ენერგიის უფრო მაღალ საფეხურზე ტრანსფორმირებისა. სანამ ეს ასეა, პრობლემები არ ჩნდება, მაგრამ საკმარისია სექსმა ყველაფერი დაჩრდილოს და სიცოცხლის ენერგიის ერთადერთ გამოსასვლელად იქცეს, რომ ის ნგრევას იწყებს. ის შეიძლება იყოს ინსტრუმენტი, საშუალება და არა თვითმიზანი, არა დასასრული; ინსტრუმენტს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, სანამ საბოლოო მიზანი ახსოვთ. თუ ინსტრუმენტს არასწორად ხმარობენ, თუკი საშუალებას ბოროტად იყენებენ, მთელი აზრი იკარგება.
როცა სექსი ცხოვრების აზრად იქცევა, როგორც ეს ჩვენს დროში ხდება – მაშინ საშუალება ცვლის მიზანს. სექსი არსებობის, სიცოცხლის გაგრძელების ბიოლოგიურ საფუძველს უზრუნველყოფს. ის საშუალებაა და თავად მიზნად არ უნდა ვაქციოთ.
იმ წამსვე, რაწამსაც სექსი მიღწევის ზღვრად იქცევა, იკარგება სულიერების სივრცე. მაგრამ თუ სექსი მედიტაციური გახდა, ის სულიერებისკენ მიემართება და მიზნისკენ ამავალი კიბის საფეხურად, თავისებურ ტრამპლინად იქცევა.
ენერგია ყოველთვის ნეიტრალურია. თავისთავად ენერგია უსახელოა – სახელს მას აძლევს კარი, რომლიდანაც ის გამოედინება. სახელწოდება არ წარმოადგენს ენერგიის, როგორც ასეთის სახელს; ეს მხოლოდ იმ ფორმის სახელია, რომელსაც ენერგია იღებს. გამოთქმაში „სექსუალური ენერგია“ იგულისხმება ენერგია, რომელიც სექსუალური ბიოლოგიური ცენტრიდან გამოედინება.
როცა ღვთაებრივში მიედინება, იგივე ენერგიას „სულიერი“ ეწოდება. თვით ენერგია კი ნეიტრალურია.
ბუნების მეშვეობით გამოხატულს, მას სექსი ეწოდება.
ემოციის მეშვეობით გამოხატული, იგი ხასიათდება როგორც სიყვარული, სიძულვილი ან მრისხანება.
გამოხატული ინტელექტუალურად, იგი შეიძლება გახდეს მეცნიერება ან ლიტერატურა.
როდესაც სხეულში გაედინება, ის ფიზიკური ხდება, გონებაში გამავალი კი მენტალურად იქცევა.
განსხვავება არ წარმოადგენს ენერგიის, როგორც ასეთის სხვაობას – განსხვავდებიან მხოლოდ გამოვლინების სფეროები.
ბევრნი სიყვარულით არიან დაკავებული, მაგრამ სულ მცირე წარმოდგენაც კი არა აქვთ, რა არის ორგაზმი, რადგან უკვე ყველაფერი გაფლანგეს. სასიყვარულო აქტის დროს ადამიანები ცარიელები არიან – მათში არ არის ენერგია, რომელიც შეიძლება პარტნიორს გაუზიარო. ისინი არ არიან ენერგიით გადავსებულნი. ყველაზე დიდი რამ, რაც მათ ელით, გენიტალიური ორგაზმია – ძალიან პატარა, უმნიშვნელო ორგაზმი, რომელშიც ერთი წვეთი სულიერებაც კი არ არის. ასეთი ორგაზმი დაცემინებას მაგონებს. დაცემინების შემდეგ, რა თქმა უნდა შვებას იგრძნობთ. ზურგის მოიფხანაც უმალ შვებას მოგგვრით – მოეშვებით.
ორგაზმი შვება არ არის, ის დღესასწაულია. ორგაზმი – ეს არის თქვენი შეხვედრა ყოველივესთან პარტნიორის დახმარებით. ორგაზმი ყოველთვის ღვთაებრივია -სხვა ხდება კარი, შესასვლელი, რომ თქვენ ღვთაებრივში შეაღწიოთ.
ორგაზმი ყოველთვის სულიერია და არასოდეს – სექსუალური. მათ, ვინც ორგაზმს სექსის კატეგორიას მიაკუთვნებენ, არაფერი გაეგებათ. მათ სექსის შესახებ არაფერი იციან – ორგაზმული განცდების შესახებ მათთვის არაფერია ცნობილი.
ორგაზმი ყოველთვის სამადჰია – ექსტაზი. მაგრამ ადამიანებს ამაზე წარმოდგენაც არა აქვთ, რადგან ერთმანეთს მოთხოვნილების გამო ხვდებიან და არა ენერგიის სისავსის შედეგად.
თავისი გაუცნობიერებლობის, ცხოველური საწყისის გამო სექსს ყოველთვის, ყველა რელიგიური მაძიებლისათვის უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა. ის გახდა კრიტერიუმი იმის გასაგებად, მიაღწია თუ არა კონკრეტულ ადამიანში სასიცოცხლო ენერგიამ ღვთაებრივს.
ძნელია ზუსტად თქმა, ეზიარა თუ ვინმე ღვთაებრივს, თუ შეხვედრა არ შედგა – როგორ გავიგოთ, რომ ადამიანმა ბრილიანტები იპოვა? – თუმცა თუ ვინმემ ქვები გადაყარა, იმ წუთას მივხვდებით, რადგან ჩვენთვის ცნობილია, რა არის ქვა. ასევე იმწუთასვე ვიგრძნობთ, რომ ადამიანმა სექსის ტრანსცენდენტირება მოახდინა, რადგან ვიცნობთ სექსს. სექსი იმდენად აბეზარი რამ არის, იმდენად გაუცნობიერებელი, ისეთი ძალის მქონე, ღვთაებრივის მიღწევამდე მისი ტრანსცენდენტირება შეუძლებელია. ამიტომ ბრაჰმაჩარია*, ცელიბატი* ღვთაებრივთან ჭეშმარიტი შერწყმის კრიტერიუმი გახდა.
მიუხედავად ამისა არასწორია იმის მტკიცება, რომ თუ სექსს შორს მოისვრის, ადამიანი ღვთაებრივს მიაღწევს. ამგვარი მტკიცება მცდარია. ადამიანი, რომელმაც ბრილიანტები იპოვა, გადაყრის ქვებს, რომელიც მანამდე ჰქონდა, თუმცა საწინააღმდეგოს თქმა ჭეშმარიტება არ იქნება. ქვები შეიძლება გადააგდოთ, მაგრამ ეს მოქმედება იმას არ ნიშნავს, რომ ალმასები იპოვეთ.
ასეთ შემთხვევაში ძალზე ძნელ მდგომარეობაში მოხვდებით – გონება გექნებათ ჩახშობილი, მაგრამ არა ტრანსცენდენტირებული. თქვენში, შიგნით სექსი დუღილს გააგრძელებს და შინაგან ჯოჯოხეთს მოგიწყობთ.
ეს სექსის საზღვრებს გარეთ გასვლა არ არის. ჩახშობილი სექსი მახინჯია, ავადმყოფული, ნერვოტული. ჩახშობილი სექსი გარყვნილებად იქცევა. სექსისადმი ეგრედ წოდებულმა რელიგიურმა დამოკიდებულებამ გარყვნილი სექსუალურობის გაჩენამდე, აბსოლუტურად ნერვოტული სექსუალური კულტურის წარმოშობამდე მიგვიყვანა. მე არ ვარ ამგვარი მიდგომის მომხრე.
სექსი ბიოლოგიური ფაქტია. მასში არ არის არაფერი არასწორი, მასში არ არის არაფერი ცუდი. არ ღირს სექსთან ბრძოლა, თორემ ის გარყვნილებად გადაიქცევა, გარყვნილი სექსი კი არა მგონია წინ გადადგმულ ნაბიჯად იქცეს. ეს ნორმალურ დონეზე დაბლა დაცემაა; ეს სიგიჟისკენ გადადგმული ნაბიჯია. როცა ჩახშობა იმდენად ინტენსიურია, რომ შეკავება შეუძლებელი ხდება, ხდება აფეთქება და ამ აფეთქებაში თქვენ თავს კარგავთ.
თქვენში მოცემულია ყველა ადამიანური თვისება, ყველა შესაძლებლობა. ნორმალური სექსი ჯანმრთელია თავისი არსით, თუმცა არანორმალური ჩახშობის პირობებში ის ავადმყოფობად იქცევა. ძალიან ადვილია ღვთაებრივიკენ სიარული გონების ნორმალური მდგომარეობიდან; ხოლო მოძრაობა ღვთაებრივისკენ გონების ნერვოტული მდგომარეობიდან ძნელია, რაღაც აზრით შეუძლებელიც კი. ჯერ უნდა გავხდეთ ჯანმრთელები, ნორმალურები. მხოლოდ მაშინ გაჩნდება სექსის ტრანსცენდენტირების შესაძლებლობა.
მაშ რა უნდა ვქნათ? სექსი უნდა შევიცნოთ! მასში ცნობიერად უნდა ვიმოძრაოთ! ამაშია ახალი კარის გახსნის საიდუმლო. თუ სექსში გაუცნობიერებლად შედიხართ, თქვენ მხოლოდ ინსტრუმენტი ხართ ბიოლოგიური ევოლუციის ხელში, მაგრამ თუ სექსუალური აქტის დროს ყოველივეეს აცნობიერებთ, თვით გაცნობიერებულობა ღრმა მედიტაციად იქცევა.
სექსუალური აქტი იმდენად არაცნობიერი, იმდენად მანიაკალურად აბეზარი რამ არის, რომ ძნელია მასში გაცნობიერებულობა შეინარჩუნო. მიუხედავად ამისა, ეს შესაძლებელია. თუკი გაცნობიერებულობის შენარჩუნებას სექსუალური აქტის დროს შეძლებთ, ეს ნიშნავს, რომ ცნობას უკვე აღარაფერში დაკარგავთ, რამეთუ თავისი სიღრმით სექსუალური აქტი სიცოცხლის ნებისმიერ მოქმედებას აღემატება.
თუ შეძლებთ, ცნობიერები იყოთ სექსში, მაშინ სიფხიზლეს სიკვდილის წამსაც კი შეინარჩუნებთ. სექსუალური აქტის და სიკვდილის სიღრმე თანაბარია – ეს პარალელური ხასიათის მოვლენებია, რადგან ორივე შემთხვევაში ერთსა და იმავე წერტილამდე მიდიხართ.
მაშ ასე – სექსუალური აქტის დროს გაცნობიერებულობის შენარჩუნება უდიდესი მიღწევაა. არაფერია ქვეყნად მისი ფასი.
გამოიყენეთ სექსი, როგორც მედიტაცია. ნუ გამოუცხადებთ მას ომს, ნუ წახვალთ მის წინააღმდეგ. შეუძლებელია ბუნების წინააღმდეგ ბრძოლა; თქვენ მისი ნაწილი ხართ. აუცილებელია სექსისადმი მეგობრული, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება. ასეთია უღრმესი დიალოგი თქვენსა და ბუნებას შორის.
სინამდვილეში შეუძლებელია სექსუალურ აქტს მამაკაცსა და ქალს შორის დიალოგი ვუწოდოთ. ეს არის მამაკაცის დიალოგი ბუნებასთან ქალის მეშვეობით და ქალის დიალოგი ბუნებასთან მამაკაცის მეშვეობით. ეს ბეუნებასთან დიალოგია.
წამით თქვენ კოსმიურ ნაკადში შედიხართ; თქვენ ღვთაებრივ ჰარმონიაში ხართ; ერთიანი ხართ მთელთან*. ასე რეალიზდება კაცი ქალის მეშვეობით, ქალი კი კაცის მეშვეობით.
მამაკაცი და ქალი მთლიანნი არ არიან. ისინი ერთი მთელის ორ ფრაგმენტს წარმოადგენენ; და რა წამსაც ერთიანდებიან და სექსუალურ აქტში ერთმანეთს ერწყმიან, წარმოიქმნება ჰარმონია საგანთა ბუნების არსთან – დაოსთან. ასეთ ჰარმონიას შეუძლია ბიოლოგიური დასაბამი დაუდოს ახალს. თუ ცნობიერი არ ხართ, მხოლოდ ეს შესაძლებლობა-ღა რჩება. ხოლო თუ ცნობიერი ხართ, სექსუალური აქტი შეიძლება თქვენივე დაბადებად, სულიერ დაბადებად იქცეს. ამ გზით ორჯერშობილი* გახდებით.
თუკი ორგაზმის დროს ფხიზელი და ცნობიერი ხართ, მაშინ მის გაგრძელებას უსასრულოდ შესძლებთ. ორგაზმის ხანგრძლივობის გაზრდა შესაძლებელია. თანდათან თქვენ ისწავლით ორგაზმის მდგომარეობაში ყოფნას დღეში ოცდაოთხი საათის განმავლობაში. ბუდა ყოველდღე, ოცდაოთხი საათის განმავლობაში ორგაზმის მდგომარეობაში ცხოვრობს. დღიდან ბუდას გასხივოსნებისა მისი სიკვდილის დღემდე ორმოცდაორი წელი ძევს. მთელი ამ ორმოცდაორი წლის მანძილზე ის აბსოლუტური ორგაზმის მდგომარეობაში იმყოფებოდა.
უბრალოდ დაფიქრდით! თქვენთვის ხელმისაწვდომი რამდენიმე წამი არაფერია ბუდას ორგაზმთან შედარებით.
ნებისმიერი ენერგია შეიძლება ბრძნულად გამოვიყენოთ. არაფერზე ღირს უარის თქმა. არაფრის მხედველობაში არმიღება არ ღირს. ეს არის ყველაზე მთავარი, რასაც მე ვასწავლი – არაფერი არ უნდა იქნას გადაგდებული. სულიერებაში მთელი თქვენი არსების ტოტალურობით უნდა შეაბიჯოთ. ჩვენ შევცვლით თქვენს ენერგიებს, შევცვლით მათ განლაგებას, შევქმნით ახალ ჰარმონიას, წარმოიქმნება სხვა, ახალი სიმფონია, მაგრამ არაფერი იქნება გადაგდებული.
მოცემულ მომენტში თქვენ შარადას წარმოადგენთ: გაფანტულ ფრაგმენტებს, რომლებიც მოკლებული არიან რაიმენაირ ლოგიკურ თანმიმდევრობას, ყოველგვარ შინაგან კავშირს. თითოეული თქვენი ფრაგმენტი სხვა ფრაგმენტებს ეომება. თქვენ ბრბოს გავხართ – უამრავი ნოტია, მაგრამ მელოდია არ არის. ნოტებისგან შეიძლება მუსიკა დაიბადოს. სანამ ეს არ მოხდება, ტანჯვაში გაიფლანგებით.
მაშინათვე, როცა სექსუალური აქტის დროს მოხდება მედიტაცია, იმ წუთასვე გაიღება ახალი კარი. თქვენ ახალ განზომილებაში მოხვდებით, უცნობში და გაუგონარში – უდიდეს ნეტარებაში ჩაიძირებით. რაღაც ისეთ ნეტარსა და კურთხეულს შეხვდებით, რომ სექსი მნიშვნელობას დაკარგავს, თავისთავად მოგცილდებათ. ამიერიდან თქვენი ენერგია აქეთკენ აღარ წარედინება. ენერგია ყოველთვის ნეტარებისკენ მიილტვის. იგი მიემართება სექსისკენ, რადგან ნეტარება სექსუალური კონტაქტის დროს წარმოიქმნება, მაგრამ თუ თქვენ დიდ ნეტარებას ეძებთ – ნეტარებას, რომელიც სექსს აღვთაებრივებს* და მას აღემატება – უფრო ღრმა, უფრო სავსე, უფრო დიად ნეტარებას, _ მაშინ ენერგია თვითონვე შეწყვეტს სექსის მიმართულებით დენას.
როდესაც სექსი მედიტაცია ხდება, ის სიყვარულისკენ იწყებს დენას; და ეს ყვავილობა არის მოძრაობა ღვთაებრივისკენ. აი რატომ არის სიყვარული ღვთაებრივი. სექსი ფიზიკურია, სიყვარული კი სულიერი. თუ სიყვარულის ყვავილი გაიშალა, ლოცვა იბადება. აქედან ღვთაებრივი ძალიან ახლოსაა. თქვენ სახლს მიუახლოვდით.
თარგმნა ლევან რამიშვილმა
სექსუალური რევოლუცია (ნაწილი 1)
სექსუალური რევოლუცია ( ნაწილი2) ენერგია
„არ ღირს აჩქარება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მიეცე სექსს“… სექსუალური რევოლუცია (ნაწილი3)
სიყვარული — ეს გონებისა და სხეულის შეხვედრაა… სექსუალური რევოლუცია (ნაწილი4)
„სიყვარული“ და „სექსი“, — სექსუალური რევოლუცია (ნაწილი5)