fbpx

„არ ღირს აჩქარება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მიეცე სექსს“… სექსუალური რევოლუცია (ნაწილი3)

ავტორი ჟოლო
1K ნახვა

ტანტრა — ენერგია და ექსტაზი 

ოშო რაჯნეში

ბუნების საჩუქარი

სექსი მოღვაწეობის ერთ-ერთი სახეობაა, ბუნების მიერ ნაბოძები, რომელიც მასში მყოფთ კვლავ და კვლავ აწმყოს მომენტში გაგდებთ. ჩვეულებრივ ადამიანი არასოდეს იმყოფება აწმყოში – გარდა იმ მომენტისა, როცა სიყვარულითაა დაკავებული. და ამ დროსაც ის აწმყოში მხოლოდ რამდენიმე წამით ხვდება. ტანტრა ამბობს, რომ ადამიანმა უნდა გაიგოს სექსი, გაერკვეს მასში. თუ სექსი ასე აუცილებელია სიცოცხლის გაჩენისთვის, ესე იგი მასში უნდა იყოს კიდევ რაღაც. ეს `კიდევ რაღაც~ წარმოადგენს ღვთაებრივის – ღმერთის გასაღებს.

შეიძლება შევეცადოთ სექსის გაკონტროლებას, თუმცა სექსუალურობის წყალქვეშა დინება დენას გააგრძელებს და თავს სხვადასხვა სახით იჩენს.

მთელი თქვენი რაციონალიზირების მიუხედავად სექსი კვლავ და კვლავ წამოყოფს თავს. მე სექსის ტრანსცენდენტირებას არ გთავაზობთ. პირიქით: დაივიწყეთ მისი ტრანსცენდენტირების შესახებ. შედით სექსში იმდენად ღრმად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. სანამ ენერგია ამ სფეროსკენ არის მიმართული, შედით მასში რაც შეიძლება ღრმად, გიყვარდეთ რაც შეიძლება ღრმად, გადააქციეთ ეს ხელოვნებად. 

ეს არის ტანტრას აზრი: სიყვარულის ხელოვნებად გადაქცევა. ადამიანი, რომელსაც დახვეწილი გემოვნება აქვს, სექსში მთლიანად დანთქმისას უამრავი უნატიფესი ნიუანსის გარჩევას იწყებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მთელი ცხოვრება სექსით იყო დაკავებული, მაგრამ სიამოვნება მაინც ვერ მიიღო, რამეთუ სიამოვნება ესთეკასთანაა დაკავშირებული. ის სულში დაბადებული უნაზესი მუსიკის მსგავსია.

თუ სექსს ჰარმონიამდე მიყავხართ, სიყვარული კი დაძაბულობას გიხსნით და შვებას გგვრით, თუ სიყვარული თქვენთვის იმ ენერგიის უბრალო გამოსროლა კი არაა, რომელსაც არ იცით, რა უყოთ, თუ ეს მხოლოდ შემსუბუქება კი არ არის, არამედ მოდუნება, თუ თქვენ თქვენს ქალში დუნდებით, ქალი კი დუნდება თქვენში, თუ ორიოდე წამით ან რამოდენიმე საათით თქვენ ივიწყებთ, ვინ ხართ, თუ თავდავიწყებაში ვარდებით – მაშინ თქვენი განცდიდან უფრო წმინდა, უფრო უცოდველი და უბიწო გამოხვალთ. ასეთი განცდის შემდეგ თქვენ სხვა ტიპის არსად იქცევით – მოშვებულ, ცენტრირებულ, ფესვმაგარ არსად.

ფროიდისა და უილიამ რაიხის დროიდან მოყოლებული, სექსი დასავლეთში სულ უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ამჟამად ხდება შემდეგი: საკმარისია ერთი დღე მაინც უსექსოდ გაატაროთ, რომ იმ წამსვე დანაშაულის გრძნობა გიჩნდებათ. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, როგორაც არ უნდა იქცეოდეთ, თავს დამნაშავეთ  გრძნობთ. ადრე სექსით რომ იყავით დაკავებული, მაშინ გრძნობდით დანაშაულს: რატომ ვარ დაკავებული ამით? რაში მჭირდება ეს ცხოველური ინსტინქტები? როდის მოვახდენ სექსის ტრანსცენდენტირებას? როდის დადგება ყოველივე ცხოველურისგან განდგომის დღე? ახლა კი, თუ ერთხელ მაინც არ მოგინდათ სექსი, დანაშაულის გრძნობა გიპყრობთ, თითქოს ისევ არასწორად იქცევით – თქვენ ვალდებული ხართ, სექსით დაკავდეთ; ვალდებული ხართ, რაღაც აკეთოთ – არ შეგიძლიათ ბუნებას თავის ნებაზე სიარულის ნება დართოთ.

მიზანს მხოლოდ ის აღწევს, ვინც ბუნებას მიჰყვება. არ არის აუცილებელი, უკიდურესი მიზნის მიღწევისთვის ემზადო – ბუნებამ უკვე ყველაფერზე იზრუნა. თქვენ თესლი ხართ – წინასწარდასახულობა. გეგმა უკვე არსებობს თქვენში – საჭიროა მხოლოდ ბუნებას მიენდოთ. თესლის მსგავსი ხართ: მას მიწაში აგდებენ, მასში კი უკვე ჩადებულია მთელი შემდგომი განვითარების პროგრამა – ხის მთელი აგებულება, თითოეული ფოთოლი, რომელიც ჯერ კიდევ არ გაჩენილა ქვეყნად, თითოეული ყვავილი, რომელიც ოდესმე მის ტოტებზე გაიფურჩქნება. მომავალი განვითარების მთელი გეგმა ჩადებულია თესლში – მხოლოდ ის არის საჭირო, რომ ბუნების ძალებს მოქმედების საშუალება მისცეთ.

თქვენ მხოლოდ კარგი ნიადაგი უნდა აირჩიოთ, უნდა მორწყათ, მოუაროთ და სასუქი შეიტანოთ – მეტი არაფერი! არ არის საჭირო კიდევ რაიმეს კეთება. არ ღირს თესლს დავარიგოთ: წესიერად მოიქეცი! ასე ან ისე გააკეთე, ეს კი არასოდეს ქნა, თორემ შენგან ხე არ გაიზრდება. ადამიანებს თესლისთვის მითითებების მიცემა რომ შეძლებოდათ, დედამიწაზე არც ერთი ხე არ იქნებოდა; თესლები ვერ გაიგებდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ და ჭკუაზე შეიშლებოდნენ. თესლი სამყაროსეულ ცნობიერებას ეყრდნობა და არა პირად ინტელექტს.

ადამიანი ღმერთად ქცევისთვისაა გაჩენილი – არც მეტი არც ნაკლები. ადამიანი ღვთის თესლია – ადამიანური ცნობიერება ხომ მხოლოდ დასაწყისია. ის უნდა გაიზარდოს, მიუახლოვდეს იმ წერტილს, რომელშიც ის სამყაროსეული ხდება. თქვენის მხრივ არაფრის კეთება არ არის საჭირო – არავითარი დისციპლინა, არავითარი კრედო, დოგმა თუ რელიგია. საკმარისია ერთი ბუნება! საშუალება უნდა მისცეთ ბუნებას, იმოქმედოს.

ფარული ჰარმონია

რასაც არ უნდა ამბობდეს, ნუ მოუსმენთ ავტორიტეტეს. უსმინეთ ბუნებას. თუ ბუნება ამბობს, სიყვარულის დრო მოვიდაო, გიყვარდეთ. თუ ბუნება ამბობს, რომ დრო დადგა განდგომისა, განდექით. ნუ მოუსმენთ ბრიყვ ფსიქოანალიტიკოსებსა და ფსიქოლოგებს დასავლეთიდან. როგორ უნიკალურ მოწყობილობებსაც არ უნდა ფლობდნენ ისინი, რა ინსტრუმენტებსაც არ უნდა იყენებდნენ, რამდენი ვაგინაც არ უნდა გამოიკვლიონ, მათ მაინც არაფერი იციან სიცოცხლის შესახებ.

ზოგჯერ ისიც კი მგონია, რომ ეს დასავლელი სპეციალისტები ეროტიული სცენების ჭვრეტით ავადმყოფურ დაკმაყოფილებას იღებენ. ისინი სექსით შეპყრობილები არიან; წინააღმდეგ შემთხვევაში ვინ დაიწყებდა ინსტრუმენტების მეშვეობით ათასობით ვაგინის შესწავლას და იმაზე დაკვირვებას, თუ რა ხდება შიგნით, როცა ქალი სიყვარულითაა დაკავებული? ვის აინტერესებს ეს? რა სისულელეა!

ასეთი რამეები მაშინ ჩნდება, როცა ყველაფერი გაუკუღმართებულია. სწორედ მაშინ ხდებიან ჯონსონისა და კინსის მსგავსი ხალხი ექსპერტები და უმაღლესი ინსტანციები; და თუ სექსუალური პრობლემები გიჩნდებათ, თქვენ მათ მიმართავთ. მე მგონი მათ ახალგაზრდობაში რაღაც გამოტოვეს, მათი სექსუალური ცხოვრება დარღვეული იყო – სადღაც რაღაც არ ჰყოფნით და ასეთი ტრიუკების მეშვეობით სიცარიელის შევსებას ცდილობენ.

მეცნიერული ცოდნის საფარს ამოფარებულებმა რაც გნებავთ ის შეგიძლიათ აკეთოთ. დასავლელმა მეცნიერებმა ხელოვნური პენისი გამოიგონეს. სანამ ელექტროპენისი ნამდვილ ვაგინაში პულსირებს, ისინი ცდილობენ გაარკვიონ, რა ხდება ქალის შიგნით _ ვაგინალური ორგაზმი აქვს თუ კლიტორისმიერი, რომელი ჰორმონები გამომუშავდება ამ დროს და რომლები არ მონაწილეობენ აქტში, რამდენ ხანს შეუძლია ქალს, სექსით იყოს დაკავებული და ა.შ. მეცნიერები ამტკიცებენ: სულ ბოლომდე – ქალს შეუძლია სექსით იყოს დაკავებული სასიკვდილო სარეცელამდე.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მენოპაუზის _ სადღაც ორმოცდაცხრა წლის შემდეგ ქალს კიდევ უფრო უკეთ შეუძლია სექსით დაკავდეს. რატომ ამბობენ ისინი ამას? იმიტომ რომ, ამტკიცებენ მეცნიერები, მანამდე ქალს დაფეხმძიმების ეშინიათ _ დაფეხმძიმების შიში მათ მუდამ თან სდევს, რადგან ვერც ერთი ჩასახვისსაწინააღმდეგო საშუალება ვერ იძლევა ასპროცენტიან გარანტიას.

მონოპაუზის დადგომის შემდეგ, როცა თვიურები წყდება, შიშიც ქრება და ქალი სრულ თავისუფლებას იძენს.

თუკი ეს სწავლება გავრცელდება, ქალები ნიმფომანებად გადაიქცევიან. ხანშიშესული ქალბატონები კაცებს დევნას დაუწყებენ _ საშიში ხომ აღარაფერია, თანაც ასეთი საქციელი ავტორიტეტული ხალხის მიერაა სანქციონირებული. ისინი მრთლაც ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ მონოპაუზის შემდეგ ქალისთვის განცხრომის დრო დგება, თანაც ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე.

ისინი მამაკაცებსაც იგივეს ეუბნებიან. მონახავენ კაცს (ახლა მეცნიერები სტატისტიკურ მონაცემებს უკვე აღარ მიმართავენ), რომელიც სამოცი წლის ასაკში დღეში ხუთჯერ კავდება სექსით. ასეთი კაცი უფრო სექსუალურ მანიაკს გავს. მას აშკარად ჰორმონალური დარღვევა აქვს…

თქვენ მხოლოდ წარმოიდგინეთ, სამოცი წლის ასაკში! ეს არ არის ბუნებრივი, იმიტომ, რომ რამდენადაც მე მესმის, _ და ამას მრავალი ცხოვრების მანძილზე დაგროვილი საკუთარი გამოცდილებით ვლაპარაკობ, _ ორმოცდაცხრა წლის ასაკისთვის ნორმალური მამაკაცი ქალებისადმი ინტერესს კარგავს. ინტერესი როგორც მოდის, ისევე მიდის.

ყველაფერი წარმავალი უნდა წავიდეს. ის, რაც მაღლა ადის, ვარდება. ზეაზიდული ტალღა იძულებულია გაქრეს. უნდა დადგეს დრო, როდესაც სექსი გვტოვებს.

მამაკაცი, რომელიც სამოცი წლის ასაკში დღეში ხუთჯერაა სექსით დაკავებული, არანორმალური მოვლენაა. მისი სხეული არასწორად ფუნქციონირებს. მსგავსი ქცევა იმპოტენციის საპირისპირო უკიდურესობაა. არასწორია, თუ მოზარდი თოთხმეტი წლის ასაკში აგზნებას არ განიცდის ან თუ თვრამეტი წლის ჭაბუკსი სურვილი არ გააჩნია _ ასეთი ახალგაზრდა სამკურნალოა. როცა სამოცი წლის მოხუცს ყოველ დღე ხუთჯერადი სექსის მოთხოვნილება აქვს, მას რაღაც არა აქვს წესრიგში. მისი სხეული შეიშალა. ის არ ფუნქციონირებს ისე, როგორც საჭიროა.

თუკი თქვენ მოცემულ წამში ცხოვრობთ ტოტალურად, მომავალზე ზრუნვის საჭიროება ქრება. სწორად ნაცხოვრებ ბავშვობას სწორი, მომწიფებული სიჭაბუკე მოაქვს – ენერგიის აყვავებული, ცოცხალი, ბობოქარი ოკეანე. სწორედ გატარებულ სიჭაბუკეს ძალზე მოწესრიგებულ, მყუდრო და მშვიდ ცხოვრება მოაქვს. მშვიდ და აუჩქარებელ ცხოვრებას რელიგიურ ძიებამდე მივყავართ: რა არის სიცოცხლე?უბრალოდ ცხოვრება საკმარისი არ არის – ადამიანს საიდუმლოში შეღწევა ჭირდება. მშვიდ და აუჩქარებელ ცხოვრებას მედიტაციის მომენტებამდე მიყავხართ. მედიტაციას მიყავხართ ყოველივე უნაყოფისგან – ნაგავისგან განდგომამდე. მთელი ცხოვრება გამოუსადეგარ ხარახურად იქცევა; მხოლოდ ერთი რამ რჩება მუდამ ფასეული. ეს ერთირამ გაცნობიერებულობაა.

მხოლოდ ამგვარად

ეს თქვენი ცხოვრებაა – იზრუნეთ მასზე! გიყვარდეთ იგი! იმეგობრეთ მასთან! მეგობრადქცეული სიცოცხლე უამრავ საიდუმლოს გაგიხსნით, იგი მიგიყვანთ იმ კარამდე, რომლის უკანაც ღმერთი გელით.

ჩახშობა

სექსუალურობის ჩახშობისას იმდენად ბევრი რამ იკარგება, რომ ადამიანი მუდმივ ძიებაშია: „სადღაც უნდა იყოს სიხარული, აქის არ არის…“

ღვთისმსახურებმა სექსის ბოლომდე მოსპობა ვერ მოახერხეს, მაგრამ მათ მოწამლეს იგი. სიყვარულში ჩაფლული ქალი დამამაკაცი გაორების მდგომარეობაში იმყოფებიან. გონება თეოლოგების სექსის გამკიცხავი მტკიცებულებებით აქვთ დაბინდული, სხეული კი სიყვარულს მისცემია. ვერცერთი პარტნიორი ვერ შედის სექსში ტოტალურად.

თესლის ნაადრევი ამოფრქვევა მამაკაცისთვის ფსიქოლოგიურ პრობლემას არ წარმოადგენს. ეს რელიგიური ავადმყოფობაა, რამეთუ გონებას ისე ეშინია, არ შესცოდოს, რომ გადაწყვეტს, რაც შეიძლება სწრაფად მოუღოს ყველაფერს ბოლო! თუ უნდა შევცოდო, ბარემ მალე მოვრჩე! მთელი პატივი და დიდება იესოს, მუჰამედს და მაჰავირას რჩებათ. ნაადრევი თესლგამოფრქვევით თქვენ ვერ იამაყებთ; ეს ძალიან რელიგიური რამეა. თქვენ არ შეგიძლიათ ცელიბატი დაიცვათ და უბიწოება შეინარჩუნოთ, რამეთუ ბუნებას თავისი მიაქვს. მაგრამ სიყვარულში სიხარულით, თამაშით გადაშვებაც არ შეგიძლიათ, იმიტომ, რომ გონება გამუდმებით გიმეორებთ, რომ არასწორად იქცევით.

უკვდავება

არც ერთ მამაკაცსარ უნდა, მისი პარტნიორი ქალი აქტიური იყოს – წინააღმდეგ შემთხვევაში ის „ლედი“ ვეღარ იქნება. თვით სიტყვა „ლედი“ კარგ სექსუალურ პარტნიორს ნიშნავს – წყნარს, უსიტყვოს, მკვდარს: „შენ საქმეს აკეთებ და ათავებ“. თქვენ ისე ჩქარობთ, გონება ისე შეწუხებული გაქვთ, რომ არ შეგიძლიათ, ორგაზმი განიცადოთ. თესლგამოფრქვევა ჯერ კიდევ ორგაზმი არ არის. თესლგამოფრქვევა ენერგიის ფუჭი ფლანგვაა.

*ინგლისური სიტყვიდან ლაყ, რაც სლენგზე სექსუალურ პარტნიორს (უფრო ქალს) ნიშნავს.

ბუნებაში მდედრი და მამრი ერთდროულად მოძრაობენ. ისინი ორგაზმულ მდგომარეობას ერთდროულად აღწევენ – მათთვის ხომ არავის უთქვამს, რომ სექსი ცოდვაა, ამიტომაც არსად ჩქარობენ.

გონებას ზიზღს გვრის ის, რითიც ხართ დაკავებული, ამიტომაც მიგერეკებათ, გაჩქარებთ. ქალი ნელა ხურდება. მას უფრო ნატიფი, დელიკატური აგებულება აქვს, მთელი მისი სხეული ეროგენულია. ამ გაგებით მამაკაცი ბუნებამ დაჩაგრა. მას მხოლოდ გენიტალიები აქვს ეროგენული, დანარჩენი ყველაფერი სასქესო ორგანოების დანამატია.

მაგრამ ქალის სხეული ეროგენულია. სრულიად ბუნებრივია, რომ მა სუფრო მეტი დრო ჭირდება იმისათვის, რომ სიხარულისგან ვიბრირება დაიწყოს, გახურდეს. იმ მომენტისთვის, როცა ქალს სურვილი იპყრობს, კაცი უკვე ხვრინავს. მან თავის სამუშაო უკვე შეასრულა და ახლა ისვენებს.

ჩემთვის ბევრ ქალს უთქვამს, რომ სექსის შემდეგ ტირის. როგორ არ იტირებ და იქვითინებ, ასეთი მამაკაცი თუ შეგხვდა? ქალი ჯერ მხოლოდ მიუახლოვდა განცდას, კაცმა კი უკვე გაათავა!

თქვენი რელიგიური სწავლებების წყალობით სექსი კაცისთვის დამაძინებელ საშუალებად იქცა. გონება ეშვება, ენერგია ხომ უკვე გამოშვებულია და უკვე აღარ აწუხებს, და მამაკაცსაც ეძინება.

მაგრამ სექსის დანიშნულება ეს არ გახლავთ. ძილის საშუალება? აფთიაქში ნებისმიერი დამაძინებელი საშუალების პოვნა შეიძლება, ამისთვის ქალი არ არის საჭირო. ქალის უძილობის წამლად გადაქცევა შეურაცხმყოფელია.

სექსუალური აქტის დროს სიჩქარე რელიგიური აღზრდის შედეგია, რელიგია ხომ კიცხავს სექსს.

ღვთისმსახურებმა სექსის მოსპობა ვერ შეძლეს, თუმცა პროცესის მინიმუმამდე შემცირება კი მოახერხეს. ამიტომ, როცა შეყვარებულები სიყვარულს მიეცემიან, ორივენი სირცხვილს განიცდიან, თითქოს რაიმე ძალიან ცუდს აკეთებდნენ, ასე რომ რაც უფრო მალე დამთავრდება ყველაფერი, მით უკეთესი!

ბიოლოგიური აზრით ამგვარი სექსი სავსებით მისაღებია – ბუნებას თქვენი ორგაზმი სულ არ ადარდებს. თუკი შეძლებთ სექსის პროცესი გაახანგრძლივოთ, გადააქციოთ იგი მედიტაციად, ლამაზ, ჩუმ ლოცვის აღვლენად … აბაზანა მიიღეთ და შედით საძინებელ ოთახში იმ შეგრძნებით, რომ ტაძარში შედიხართ. იგი არის კიდეც სიყვარულის ტაძარი, მაგრამ ამ ტაძარში ადამიანები ჩხუბობენ, ომობენ, ბრაზდებიან, ერთმანეთს ბალიშებს ესვრიან, ყვირიან, ბღავიან; მთელი განწყობა იკარგება.

საჭიროა კეთილსურნელების ანთება, მშვიდი მუსიკის ჩართვა, ცეკვა. არ ღირს აჩქარება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მიეცე სექსს, – სექსი კულმინაციად, მთელი ამ თამაშის მწვერვალად უნდა იქცეს. იმედიტირეთ ერთად, დაჰყავით ხანი სიჩუმეში, იცეკვეთ. ცეკვით, სიმღერით, კეთილსურნელთა არომატით თქვენს საძინებელ ოთახში ერთობლივად შექმენით ტაძრის ატმოსფერო – და მხოლოდ შემდეგ… საკუთარ თავს სექსს ნუ დააძალებთ; დაე ეს სპონტანურად, თავისთავად მოხდეს. თუ არაფერიც არ მოხდა, არც მაშინ ღირს ნერვიულობა – თქვენ მედიტაციით დატკბით, სიამოვნება მიიღეთ ცეკვით, მუსიკით გაიხარეთ. ეს ყველაფერი თავისთავად მშვენიერი იყო, დაანებეთ თავი.

ჩვენი სიყვარული არ უნდა იყოს მოქმედება, ის უნდა იქცეს სპონტანურ მოვლენად, რომელმაც გაგაკვირვათ. მხოლოდ ასეთ სპონტანურობაში შეუძლია სიყვარულს ორგაზმად გადაიქცეს. 

ორი ტიპის ხალხი არსებობს… ძალიან ეგოისტური ადამიანები ყოველთვის სექსის წინააღმდეგ გამოდიან; თავმდაბლებს მისი საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. მაგრამ ვინ უგდებს ყურს თავმდაბალ კაცს? თავმდაბალნი არასოდეს არაფერს ქადაგებენ, ეს ეგოისტთა ხვედრია.

მაგრამ რაშია სექსსა და ეგოს შორის კონფლიქტის არსი? საქმე ის არის, რომ სექსი თქვენი ცხოვრების იმ სფეროს განეკუთვნება, რომელშიც ეგოისტად დარჩენას ვერ შესძლებთ, რომელშიც სხვა თქვენზე უფრო მნიშვნელოვანი ხდება. თქვენი კაცი, თქვენი ქალი თქვენზე უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში მთავარი თქვენ ხართ, მაგრამ სასიყვარულო ურთიერთობისას სხვა დაუჯერებლად მნიშვნელოვანი მოქმედი პირი ხდება.

თქვენ იქცევით თანამგზავრად, მთავარი პლანეტის გარშემო რომ ტრიალებს; იგივე მოსდის თქვენს პარტნიორსაც. თქვენ მისთვის იქცევით ყველაფრის გულად, ცენტრად, რომლის ირგვლივაც ტრიალებს მისი ცხოვრება. ასეთია ურთიერთდანებება. ორივე ნებდება სიყვარულის ღმერთს, ორივე თავმდაბალი ხდება.

სექსი ერთადერთი ენერგიაა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ვიგრძნოთ, რომ რაღაც ისეთი, რაც თქვენს კონტროლს არ ექვემდებარება. შეიძლება აკონტროლო ფული, პოლიტიკა, სამრეწველო ბაზარი, ცოდნა, მეცნიერება, მორალი, სექსს კი სულ სხვა სამყაროში მიყავხართ… აქ თქვენ ვერაფერს გააკონტროლებთ.

ეგო უდიდესი მაკონტროლებელია. ის ბედნიერია, თუ სიტუაციის კონტროლი ძალუძს და უბედურდება, თუკი რაიმე მის კონტროლს არ ექვემდებარება. სწორედ აქ იწყება კონფლიქტი სექსსა და ეგოს შორის. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ ბრძოლას ეგო ვერასოდეს მოიგებს, რამეთუ იგი ზედაპირულია, სექსს კი ღრმად აქვს ფესვები გამდგარი. სექსი თქვენი სიცოცხლეა. ეგო მხოლოდ და მხოლოდ გონებაა, თქვენი თავი. სექსი მთელს თქვენს არსებაშია გამჯდარი, ეგო კი მხოლოდ თქვენს იდეებში – ზედაპირულად, მხოლოდ თავში.

ბევრი კაცი ამბობს, რომ ქალების ეშინია, ქალები კი კაცების წინაშე მათ შიშზე ლაპარაკობენ. ადამიანი შიშის გარეშე იბადება. ასე რომ არ იყოს, ვერცერთი კაცი ვერ შეძლებდა ქალთან სექსუალურ კონტაქტში შესვლას, და ვერც რომელიმე ქალი შეძლებდა ახალი სიცოცხლის ჩასახვას, რადგან ეს მხოლოდ მამაკაცის მონაწილეობით არის შესაძლებელი.

სულ თავიდან თქვენ არაფრის გეშინოდათ. ბევშვი უშიშარი იბადება. შემდეგ ჩვენ მას ვასწავლით შიშს, მისივე გონების განპირობების გზით.

აუცილებელია თავიდან მოვიშოროთ ეს თამაშები. ქცევის ასეთმა მოდელმა ადამიანი ნევრასთენიკად აქცია. ადამიანები მუდმივი კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფებიან – ცოლები და ქმრები ერთმანეთს ეძებენ. ოჯოხურ წყვილებს ვერ გაუგიათ, რატომ მტრობენ ერთმანეთს, რატომ მოაქვს ურთიერთობებს მხოლოდ წყენა და იმედის გაცრუება.

რატომ ხდება ასე? თქვენ მოგწამლეს, ახლა კი გმართებთ, შეგნებულად მოიშოროთ ძველი განპირობებულობა. თუ ასე არ მოხდა, შიში თქვენთან დარჩება.

არაფერია საშიში კაცში ან ქალში. ისინი ისეთები არიან, როგორიც თქვენ ხართ, – ისევე სჭირდებათ სიყვარული და ისევე ესწრაფივიან თქვენთან გამთლიანებას, როგორც, თქვენ. ისინი თქვენს ცხოვრებაში მონაწილეობას ელტვიან და უნდათ, რომ ვინმემ მათ საკუთარ ცხოვრებაში მიიღოს მონაწილეობა – რაც უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობს ერთმანეთის ცხოვრებაში, ხომ უფრო მეტი სიხარული მოაქვს ამას. ადამიანები ძალზე სევდიანები ჩანან. ისინი ძალიან მარტონი არიან.

მაშინაც კი, როცა ხალხში არიან, ადამიანები ეულნი რჩებიან, იმიტომ, რომ თითოეულ მათგანს ეშინია ყველასი. მაშინაც კი, როცა სხვების გვერდით ვზივართ, ჩვენ თავს ვიკავებთ, ისე ძლიერ ვიკავებთ, რომ ჩვენი სხეული ქვასავით ხევდება. ადამიანი ჯავშნითაა შებორკილი, მთელი მისი არსება გაუმტარი დამცავი ფენითაა დაფარული. ამიტომ, მაშინაც კი, როცა ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, ნამდვილი შეხვედრა არ ხდება. ადამიანები ერთმანეთს ხელს ართმევენ, მაგრამ ხელის გულები ცივი აქვთ – მათში არ გაედინება სიყვარული. ადამიანები ერთმანეთს ეხვევიან, ძვლებს ჭახა-ჭუხი გააქვთ, მაგრამ გული სადღაც ძალიან შორს არის.

ადამიანებს უნდა უყვარდეთ ერთმანეთი. სიყვარული უდიდესი მოთხოვნილებაა _ ისეთივე აუცილებლობა, როგორიც საჭმელი. საჭმელი უმდაბლესი მოთხოვნილებაა, სიყვარული – უმაღლესი. სიყვარული უმაღლესი ფასეულობაა. 

სამყაროს გასაუმჯობესებლად აუცილებელია ბავშვებს ერთმანეთის სიყვარული ვასწავლოთ. გოგოები და ბიჭები არ უნდა გავაცალკევოთ. არავითარი დაყოფა _ საპირისპირო სქესისადმი არავითარი ზიზღი არ უნდა ჩავუნერგოთ. რატომ წარმოიშვა ასეთი მტრული მიუღებლობა? – სექსისადმი უზარმაზარი შიშისგან. საზოგადოება სექსს არ იღებს. ამაშია მთელი პრობლემა: თუკი სექსი არ არის მიღებული, ბავშვები დაცალკევებულად უნდა გაიზარდონ. კაცობრიობა დაიტანჯება, სანამ სექსს თავის ცხოვრების ბუნებრივ ფენომენად არ მიიღებს. ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის მთელი პრობლემა სექსის გაკიცხვის შედეგად წარმოიშვა.

შეიცადეთ გაიგოთ ფსიქოლოგიის უბრალო კანონი: თუკი რაღაც მძაფრად უარიყოფა, ის ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. თვით უარყოფის ფაქტი სძენს მას დიდ მნიშვნელობას. სექსი აკვიატებული აზრის სახეს იღებს. გოგოები და ბიჭები ოც წლამდე ცალ-ცალკე ჰყავთ, რის შედეგადაც ისინი ვეღარაფერზე ფიქრობენ, გარდა თავისივე საპირისპირო მხარისა.

ანტისექსუალური სწავლების ოცწლიანი წრთვნა გონებას შეპყრობილს, წინდაწინ ამოჩემებული ცუდი აზრებით სავსეს ხდის, აქედან ჩნდება ყველა სახის გარყვნილება… ჰომოსექსუალიზმი, ლესბოსელობა; ადამიანები იძირებიან ფანტაზიებში, ჩნდება პორნოგრაფია – ყველაფერი ჩვენს მიერ ჩადენილი სისულელეების შედეგად იბადება. თქვენ გსურთ პორნოგრაფია აღკვეთოთ? – მისი გავრცელების შეჩერება შეუძლებელია, რადგან ამის ხელსაყრელი პირობები თქვენ თვითონ შექმენით.

გოგოები და ბიჭები ერთად რომ იზრდებოდნენ, შიშველი ნატურის ფოტოებს არავინ დაუწყებდა თვალიერებას. თქვენ რომ „პლეიბოი“ ინდოეთის იმ ხალხებს აჩვენოთ, ცხოვრებაში ტანსაცმელი რომ არ ჩაუცვამთ, გაეცინებათ. მე ვცხოვრობდი მათთან, ველაპარაკებოდი მათ და ისინი იცინოდნენ. თვალებს არ უჯერებდნენ და მეკითხებოდნენ: „რა არის ეს?“ ისინი შიშვლები ცხოვრობენ, ამიტომ მათთვის ცნობილია, როგორ გამოიყურება ქალი, როგორ კაცი. შიშველი ადამიანის ფოტოსურათი მათ ახალს არაფერს ეუბნება.

პორნოგრაფია თქვენმა ღვთისმსახურებმა შექმნეს; ისინი არიან მისი საფუძველი და დასაყრდენი.

ადამიანები ჩემს წინააღმდეგ არიან მომართული, იმიტომ, რომ მე ვასწავლი, როგორ უნდა უყვარდეთ. მე ვყვები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადავაქციოთ სიყვარული ლოცვად. მე ვლაპარაკობ იმაზე, თუ როგორ უნდა გიყვარდეს ისე ღრმად, რომ თვით სიყვარული იქცეს თქვენს ლოცვად… რომ ერთხელაც თქვენი ქალი გაქრეს, მის ადგილას კი გაჩნდეს ღმერთი, რომ გაქრეს კაცი, მისი ადგილი კი ღვთაებრივმა დაიკავოს; რომ ერთხელაც უღრმეს ერთიანობაში, ღრმა ორგაზმულ განცდაში, ექსტაზში, წამით ორივე პარტნიორი გაქრეს და მათ ნაცვლად ღმერთი გამოჩნდეს.

ასწლეულების მანძილზე თქვენ სექსის წინააღმდეგ განგაწყობდნენ, რამაც მხოლოდ სექსუალურობის გაძლიერებამდე მიგიყვანათ. საჭიროა გავერკვეთ ამ პარადოქსში. თუ გსურთ მე გამიგოთ, ეს პარადოქსი ძალზე ღრმა დონეზე უნდა გააცნობიეროთ… სექსით შეპყრობილებად თქვენ სწორედ სექსის უარყოფამ გაქციათ.

თქვენი პათოლოგიური დაინტერესება სექსით ჩახშობის შედეგია. საკმარისია მხოლოდ ჩახშობა მოვხსნათ, რომ ინტერესიც გაქრება. დარჩება ბუნებრივი გრძნობა, რომელიც არც აკვიატებული აზრია და არც პათოლოგია. ყველაფერი, რაც ბუნებრივია, კარგია. პრობლემა არსებობს; ის შექმნეს ღვთისმსახურებმა, პოლიტიკოსებმა, ეგრედწოდებულმა მაჰატმებმა. ისინი ბოროტმოქმედები არიან. ისინი კვლავ განაგრძობენ მდგომარეობის დაძაბვას და მიაჩნიათ, რომ კაცობრიობრიობას სექსის საზღვრებს გარეთ გასვლაში ეხმარებიან. მაგრამ ეს ასე არ არის! კაცობრიობას მთელს ამ სიგიჟეში სწორედ ისინი ითრევენ.

ადამიანები ჭრილობებისგან იტანჯებიან. სექსი მოუშუშებელ იარად იქცა, რომელიც განკურნებას საჭიროებს. არ დაგავიწყდეთ, რომ არ ღირს ქალების ან კაცების გეშინოდეთ. თქვენ ყველანი ერთმანეთის მსგავსნი ხართ, ჩვენ ყველანი ვართ ერთიანი ღმერთი. ჩვენ უნდა ვსწავლობდეთ ერთმანეთის სიყვარულს. თვენ უნდა დავუახლოვდეთ ერთმანეთს – ეს ხომ ღმერთთან მიახლოების ერთადერთი საშუალებაა. სიყვარული პირდაპირი გზაა ღმერთისკენ, გაცნობიერებულობა – კიდევ ერთი გზა.

აღმოსავლეთი გაცნობიერებულობის გზას მიყვებოდა და ცალმხრივი გახდა. დასავლეთი სიყვარულის გზას მისდევდა და ისიც ცალმხრივი გახდა. მე ერთსაც გასწავლით და მეორესაც: მოყვარულ სიფხიზლეს, გაცნობიერებულ სიყვარულს. ამ მეთოდებისა მეშვეობით თქვენ ინტეგრირებული პიროვნება გახდებით.

თარგმნა ლევან რამიშვილმა

სექსუალური რევოლუცია (ნაწილი 1) 

სექსუალური რევოლუცია ( ნაწილი2) ენერგია 

„არ ღირს აჩქარება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მიეცე სექსს“… სექსუალური რევოლუცია (ნაწილი3)

სიყვარული — ეს გონებისა და სხეულის შეხვედრაა… სექსუალური რევოლუცია (ნაწილი4)

„სიყვარული“ და „სექსი“, — სექსუალური რევოლუცია (ნაწილი5) 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment