fbpx

„სიყვარული“ და „სექსი“, – სექსუალური რევოლუცია (ნაწილი5)

ავტორი ჟოლო
2.6K ნახვა

სიყვარული

ჩვეულებრივ ჩვენ ისე ვხმარობთ სიტყვებს „სიყვარული“ და „სექსი“, თითქოს მათ შორის შინაგანი მსგავსება არსებობდეს. ეს ასე არ არის. სიყვარული მხოლოდ სექსის წასვლის შემდეგ მოდის. ამ მომენტამდე სიყვარული სატყუარაა, პრელუდია და სხვა არაფერი. ის მხოლოდ ნიადაგს ამზადებს სექსუალური აქტისათვის. ეს სხვა არაფერია, თუ არა სექსის შესავალი, მისთვის მომზადება. რაც უფრო მეტი სექსი აქვთ პარტნიორებს, მით უფრო ნაკლებია მათ შორის სიყვარული, რადგან პროლოგის მოთხოვნილება აღარ ჩნდება.

თუკი ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს და სექსი არა აქვს, მათ შორის რომანტიული სიყვარული წარმოიქმნება. როგორც კი ჩნდება სექსი, ასეთი სიყვარული ქრება. სექსი მეტისმეტად უხეშია. სექსი თავისთავად ძალადობრივი ბუნებისაა, ამიტომ საჭიროებს იგი პრელუდიას, წინასწარ მომზადებას. სიყვარული, იმ სახით, რომლითაც ის ადამიანებისთვის არის ცნობილი, მხოლოდ და მხოლოდ სექსის გაშიშვლებული ფაქტის საფარველია.

უფრო ღრმად რომ ჩავიხედოთ იმაში, რასაც თქვენ სიყვარულს უწოდებთ, მასში ნახტომისთვის მომზადებულ სექსს დავინახავთ. სექსი ყოველთვის ჩასაფრებულია. მაშინ, როცა სიყვარული გესაუბრებათ, სექსი ჩუმათ შეტევისთვის ემზადება.

ეს ეგრედწოდებული სიყვარული სექსთან ასოცირდება, ოღონდ მხოლოდ როგორც პრელუდია, შესავალი. როგორც კი იწყება სექსი, სიყვარული მაშინვე ავიწყდებათ.

აი რატომაა, ოჯახური ცხოვრება რომანტიულ სიყვარულს რომ კლავს, თანაც საბოლოოდ. ორნი ერთმანეთს გაიცნობენ, მიეჩვევიან და პრელუდია, სიყვარული არასაჭირო ხდება.

ნამდვილი სიყვარული არაფრის შესავალი არ არის. იგი სუფთა სურნელია ყვავილობისა. ის არც სექსამდეა და არც მის შემდეგ. არც პროლოგია და არც ეპილოგი.

თუკი სექსის გავლის შემდეგ თქვენ თქვენს პარტნიორს თანაუგრძნობთ, ესეიგი თქვენში სიყვარული ვითარდება.

თუკი თქვენ მედიტირებთ, თანაგრძნობა აუცილებლად გაჩნდება. თუ სექსუალური აქტის დროს მედიტირებთ, პარტნიორი თქვენი ფიზიკური სიამოვნების დაკმაყოფილების საშუალება აღარ ხდება. მის მიმართ უზარმაზარი მადლიერება ჩნდება, რადგან ორივენი ღრმა მედიტაციაში შეხვედით.

თუკი სექსის დროს იმედიტირებენ, პარტნიორებს შორის ახალი მეგობრულობა გაჩნდება, ერთმანეთის მეშვეობით ხომ ისინი ბუნებასთან შედიან კონტაქტში; მათ წინაშე სინამდვილის მანამდე უცნობი სიღრმეები იხსნება.

ჩნდება მადლიერების გრძნობა და თანაგრძნობა ერთმანეთის მიმართ… თანაგრძნობა გადატანილ ტანჯვათა გამო, მუდმივი ძიების გამო – თანაგრძნობა მოყვასის, თანამეგზურის მიმართ.

მხოლოდ მაშინ, როცა სექსი მედიტაციურია, ჩნდება არომატი… შეგრძნება, რომ ეს არა მხოლოდ სექსის პრელუდიაა, არამედ დასრულებულობა, ზრდა, მედიტაციური რეალიზაცია.

თუკი სქესობრივი აქტი მედიტაციური გახდება, თქვენ გამოცდით სიყვარულს. სიყვარული მადლიერების, მეგობრულობის და თანაგრძნობის ნაერთია. თუ სამივე ეს კომპონენტი ადგილზეა, ესეიგი თქვენ გიყვართ.

ტანტრა წმინდა სიყვარულია. ტანტრა – ეს არის სიყვარულის ყოველივე ზედმეტისგან, მონალექ-შეძენილისგან გაწმენდა.

თუკი გიყვართ იმ სიყვარულით, რომელზეც მე ვსაუბრობ, თვით თქვენი სიყვარული დაეხმარება პარტნიორს ინტეგრირებაში. თქვენი სიყვარული თქვენი პარტნიორისთვის შემადუღაბებელ ძალად გადაიქცევა. თქვენს სიყვარულში პარტნიორი საკუთარი თავის მოკრებას შეძლებს, რადგან ასეთი სიყვარული განიჭებს თავისუფლებას; თქვენი სიყვარულის ჩრდილქვეშ, მისი დაცვის ქვეშ თქვენი პარტნიორის ზრდა დაიწყება.

ყველაფერი, რაც იზრდება, სიყვარულს საჭიროებს – უპირობო სიყვარულს. თუკი სიყვარული პირობებს აყენებს, შეუძლებელია ზრდა ტოტალური გახდეს, რამეთუ წამოყენებული პირობები ზრდის გზაზე დაბრკოლებებად გადაიქცევა.

გიყვარდეთ უპირობოდ. სანაცვლოდ ნურაფერს მოითხოვთ. ბევრი რამ თავისთავად მოვა, მაგრამ ეს სულ სხვა საქმეა.

ნუ იქცევით მათხოვრად. სიყვარულში იმპერატორები, მეფეები იყავით. უბრალოდ გაეცით და დააკვირდით, რა მოხდება… თქვენ ერთიასად მოგეგებად.

მაგრამ ეს უნდა ისწავლოთ, სხვანაირად ტანჯვა არასოდეს დამთავრდება. ადამიანი სულ ცოტას გასცემს და ჯილდოს ელის; თუმცა-ღა თქვენი მოლოდინი და იმედი მთელს სილამაზეს აფუჭებს იმისა, რაც სრულქმნილია.

თუკი თქვენში მადლიერების მოლოდინია, პარტნიორი იგრძნობს, რომ თქვენ მისით მანიპულირებთ. მან შეიძლება ეს თქვას ან გაჩუმდეს, მაგრამ თქვენი მხრიდან მანიპულირებას აუცილებლად იგრძნობს.

მანიპულაცია ყოველთვის პროტესტს იწვევს, ამიტომაც სულის მოთხოვნილებათა წინააღმდეგ მიდის _ რადგან ნებისმიერი გარეგანი მოთხოვნა მთლიანობას გართმევთ.

ნებისმიერი მოთხოვნა გარედან, გვერდიდან თქვენში გათიშულობას იწვევს. ნებისმიერი გარეგანი მოთხოვნა თქვენს წინაშე დანაშაულს წარმოადგენს, რადგან ამით იბილწება თქვენი თავისუფლება. თქვენ უკვე ვეღარ ხართ იდუმალი, წმინდა. თქვენ უკვე ვეღარ ხართ მიზანი – თქვენ გამოგიყენეს როგორც დამხმარე საშუალება.

ყველაზე ამორალური საქციელი ამ ქვეყნის ზურგზე სხვა ადამიანის დამხმარე საშუალებად გამოყენებაა.

თითოეული არსება თავისთავად ფასეულია. სიყვარული თქვენ გეპყრობათ, როგორც მიზანს. ნუ მისცემთ მოლოდინს საშუალებას ხაფანგში გამოგიმწყვდიოთ.

ტანტრა სიყვარულის უმაღლესი ფორმაა. ტანტრა – ეს მეცნიერებაა, სიყვარულის იოგა.

დაიხსომეთ რამოდენიმე რამ, რისი ცოდნაც ღირს.

პირველი: სიყვარული მოთხოვნილება არ არის, არამედ გაზიარება – გიყვარდეთ, მაგრამ ნურაფერს მოელით სანაცვლოდ – გაეცით.

გიყვარდეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი სიყვარული სხვისთვის საპყრობილედ არ უნდა იქცეს.

გიყვარდეთ, მაგრამ ძალიან ფრთხილად იყავით _ თქვენ წმინდა მიწაზე მიაბიჯებთ.

ყველაზე სპეტაკ და წმინდა ტაძარში შედიხართ.

ფრთხილად იყავით!

ტაძრის კარს მიღმა დატოვეთ ყველაფერი უწმინდური.

როდესაც ადამიანი გიყვართ, ნურასოდეს გეყვარებათ მამაკაცი, როგორც მამაკაცი, რადგან თუკი თქვენ გიყვართ მამაკაცი, როგორც მამაკაცი, თქვენი სიყვარული ძალიან, ძალიან ჩვეულებრივია. ის ვერ იზრდება წადილზე, ვნებაზე მაღლა.

თუკი გეყვარებათ ქალი, როგორც ქალი, თქვენი სიყვარული სულის მწვერვალებზე ვერ აიჭრება. გიყვარდეთ ქალი, როგორც ქალღმერთი და მაშინ სიყვარული თაყვანისცემად იქცევა.

ჩვენ ისეთი გაქნილები და ეშმაკები ვართ, რომ ყალბი სიყვარული შევქმენით, რომელიც სექსის შემდეგ კი არ მოდის, არამედ მანამდე. ეს ხელოვნური ქმნილება, არტეფაქტია. აი რატომაა, სქესობრივი აქტის შემდეგ სიყვარულის დაკარგვის შეგრძნება რომ გეუფლებათ. სიყვარული მხოლოდ აქტისთვის მომზადება იყო, რომლის შემდეგაც იგი საჭირო აღარაა.

ჭეშმარიტი სიყვარული ყოველთვის სექსის მიღმაა; ის სექსის უკან იმალება. შედით სექსში ღრმად, მის პროცესში იმედიტირეთ და თქვენ გონების მოყვარულ მდგომარეობაში აყვავილდებით.

ხელოვნება

სიყვარული იმდენად მშვენიერია, რომ მისი ხელოვნება უნდა ისწავლოთ, ისევე, როგორც უნდა ისწავლოთ ცხოვრების ხელოვნება.

თუკი ცხოვრებისეული გარემოებანი ხელს გიწყობთ, გამოყავით ცალკე ოთახი სიყვარულისთვის – დაე ეს ოთახი ტაძარი გახდეს. სიყვარულის ოთახში შესვლისას ფეხსაცმელი გარეთ დატოვეთ. იქვე დატოვეთ თქვენი ჭკუა – ფეხსაცმელში ჩადეთ. სანამ სიყვარულით დაკავდებით, შხაპი მიიღეთ – სხეული სუფთა უნდა იყოს. ცოტაოდენი დრო მედიტაციას დაუთმეთ. გადააქციეთ სიყვარულის აქტი განცდად მშვენიერისა.

დაე ოთახს ელექტრობა კი არა, სანთლები ანათებდეს. აანთეთ სურნელოვანი ჩხირები, ისე როგორც ტაძარში. ნურასოდეს გააკეთებთ სიყვარულის ოთახში სხვა რამეს – არავითარი სკანდალები და უსიამოვნება. თუკი ხასიათზე არა ხართ, ჯობს სიყვარულის ოთახში საერთოდ არ შეხვიდეთ.

ბევრ რამეს ვერ აცნობიერებთ… ცოლი და ქმარი იმავე ლოგინში აწყობენ სკანდალებს, რომელშიც სძინავთ. აქვე კავდებიან სიყვარულით. მათ არ ესმით, რომ ყოველ მოქმედებას, ყოველ საქციელს, ყოველ გრძნობას საკუთარი ვიბრაცია აქვს. სიყვარულის ოთახი მხოლოდ სიყვარულის ვიბრაციებით უნდა იყოს გაჟღენთილი.

დაე სიყვარული თქვენს ერთადერთ ღმერთად იქცეს.

თუმცა საჭირო არ არის ღმერთთან ურთიერთობისას მეტისმეტად სერიოზული იყოთ.

იყავით ლაღები*, სიხარულით სავსენი.

მთავარი იმის გაგებაა, თუ რა ხდება თქვენს თავს, იმის გაგება კი, თუ რა ხდება, ყველაფერს ცვლის.

„უკვდავება“

სექსი დიად მედიტაციურ ხელოვნებად უნდა იქცეს. ასეთია ტანტრას წვლილი კაცობრიობის მონაპოვარში. ტანტრას წვლილი შეუფასებელია, რამეთუ ის გაძლევთ უმდაბლესის უმაღლესში ტრანსფორმაციის გასაღებს. იგი გასწავლით ფსკერის შლამის ლოტოსად გადაქცევის მეთოდს. ეს მეცნიერებათა შორის ყველაზე დიდი მეცნიერებაა.

ოშო

თარგმნა ლევან რამიშვილმა

სექსუალური რევოლუცია (ნაწილი 1) 

სექსუალური რევოლუცია ( ნაწილი2) ენერგია 

„არ ღირს აჩქარება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მიეცე სექსს“… სექსუალური რევოლუცია (ნაწილი3)

სიყვარული — ეს გონებისა და სხეულის შეხვედრაა… სექსუალური რევოლუცია (ნაწილი4)

„სიყვარული“ და „სექსი“, — სექსუალური რევოლუცია (ნაწილი5) 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment