ალექსი ჯაყელს ახასიათებენ, როგორც ორიგინალური სპექტაკლების ავტორს და ამბობენ, რომ ის არის რეჟისორი, რომელმაც დროს გაუსწრო.

ცხოვრობს საფრანგეთში, ლა ბოლი-ესკუბლაკში, სადაც ორი თეატრალური ფესტივალი და თეატრალური კომპანია – Djakeli Art Compagnie – „ჯაყელის არტ კომპანია“ დააფუძნა. 2010 წლიდან 2018 წლამდე საფრანგეთში 47 ქართველი არტისტი მიიწვია…
ალექსი ჯაყელი: “ახლა ერთდროულად ორ სპექტაკლზე ვმუშაობ. მაგრამ იყო დრო, ერთდროულად შვიდ სპექტაკლზეც მიმუშავია. პრემიერა 22 მაისს გვაქვს.
სპექტაკლებს და ნახატებს ოპუსებად ვნომრავ.
ახლა ოპუს მესამასე და ოპუს სამასმეერთე სპექტაკლებს ვდგამ.
ამ ორიდან ერთი სპექტაკლი ჩემს ლექსზე ავაწყე.
მცივა, ვიწვი, რაღაც იდუმალი ყვირილი მესმის
სული კვნესის, გული ტირის,
ღრიალი წივილი, ყვირილი მესმის,
მესმის იდუმალი ლაპარაკი ღმერთის, როგორც ღრიალი მომაკვდავი გედის.
დედის ღრიალი, იდუმალი გოდება ღმერთის
რაღაცა მართლა მესმის?!

და სპექტაკლს ასე ჰქვია – “რაღაცა მართლა მესმის?!”
ადამიანი იხსენებს თავის ცხოვრებას, რომელსაც ერთი ნახვით შეუყვარდა ქალი. ეს სიყვარული იყო საოცარი და მერე ჰყვება კაცობრიობის ისტორიას, თუ როგორ ნახა, ჯერ მონათმფლობელური წყობა, მერე კოცონზე როგორ დაწვეს ჯორდანო ბრუნო, მერე ჰიტლერი და მისი დიქტატურა. გმირს ბებია, იტალიურ ეზოში, პუშკინის „ოქროს თევზის“ ზღაპარს უყვებოდა… მორალი კი ის არის, ვისაც ყველაფერი უნდა, იმას არასდროს არაფერი შერჩება.
55 წუთიანი სპექტაკლია ცოტა ტექსტით, მოძრაობასა და მუსიკაშია გაკეთებული.
მეორე სპექტაკლს სემუელ ბეკეტის „გოდოს მოლოდინის” მიხედვით ვაკეთებ, რომელსაც ჰქვია „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი“.
გამოყენებული მაქვს ხუთი მეტრანახევრიანი შავი ყუთი. ნოეს კიდობნის ვარიანტია. გამოყენებული მაქვს ჰამლეტის მონოლოგი, ტიბეტელი ბერების საუბარი…
ბოლოს ისმის ხმები – “ღმერთმა თეატრიდან გამოგვაგდო. ხელოვნება არ არსებობს, ის თქვენ ხართ, ღმერთი არ არსებობს, ის თქვენ ხართ…” ისმის მრავალჟამიერი…
ორივე სპექტაკლში დავაკავე თბილისიდან ჩამოსული მარიამ სალუქვაძე, ნიჭიერი მსახიობია. თუმცა თეატრალურის დასრულების შემდეგ, პოლიციაში მუშაობდა.

მე როლზე არ ვეპატიჟები ადამიანს, რომელმაც გზა ნაცნობობით თუ ნიჭით გაიკვალა. ვეპატიჟები ნიჭიერს, რომელმაც გზა ვერ გაიკვლია.
შარშან ჟურნალისტი მოვიწვიე “თეატრალურ ბრეინსტორმინგში” სათამაშოდ. ჩემი გადაწყვეტილება ძალიან ზუსტი და სწორი იყო. არც მე შემშლია, არც – მას. ხომ შეიძლებოდა ავყევით ემოციას, ჩამოვიდა და ვერ ითამაშა. არა! დეა თავბერიძე აბსოლუტურად ჩაჯდა იმ ატმოსფეროში, რაც მას დახვდა. განათლებული ადამიანია და ესმის, რასაც ეუბნები.

ფეისბუქით მოხდა ჩვენი დაკავშირება. არც ვიცნობდით ერთმანეთს. პირველი რაც მომწერა იყო – როლზე უნდა დამაკავოთ? მსახიობი ხარ-მეთქი? არა, ვოცნებობო. არც ვაციე, არც ვაცხელე და ჩამოდი, გათამაშებ-მეთქი, ვუთხარი. მანაც, არც აცია, არც აცხელა, კარგი ჩამოვალო.
გვეწერა აფიშაზე – დეა თავბერიძის განსაკუთრებული მონაწილეობა. ის იყო განსაკუთრებული, რომ მას შეხება არ ჰქონია თეატრთან, მხოლოდ ოცნებობდა მსახიობობაზე და მან სპექტაკლი ითამაშა.

ჩემს სპექტაკლებს მეორე-მესამე წარმოდგენაზე ხსნიდნენ საქართველოში. მიზეზი დემაგოგიაა. ჩვენს ქვეყანას მაშინ ეშველება, როდესაც ჩვენი აზროვნება პირადულს გასცდება. სანამ თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს ეგონებათ, რომ ეს ამხელა თეატრები მათი დუქნებია, მანამ არ გვეშველება. არც რუსთაველის თეატრია ვინმეს დუქანი, არც მარჯანიშვილი, არც სხვა თეატრი. სამხატვრო ხელმძღვანელებს არ შეუძლიათ თავის ნებაზე იქცეოდნენ, ვიღაც გააგდონ, ვიღაც მოიყვანონ, ვიღაცას იმიტომ აქებდნენ, რომ მასთან კარგი პირადი ურთიერთობა აქვთ…
ახლა ბევრ სამუშაოს აღარ ვეძებ. უფრო ფერწერაზე ვარ გადართული. რკინაშიც ვმუშაობ. ვერთობი.
ჩემი ოცნებაა, საქართველოში ჩამოვიდე, მომცენ ყველაზე წყალწაღებული თეატრი და მე ფეხზე დავაყენო. არადა, უკვე 59 წლის ვარ, უკვდავი ხომ არ ვარ?!
ავტორი: თამუნა გონგაძე
წყარო: პრაიმტაიმი








ფოტოების ავტორი: მარიამ ოდიშელიძე ჯაყელი