როგორც ყველამ ვიცით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან უკვე გასულია 33 წელი, ანუ დაახლოებით 12500 დღე. 7 წლის შემდეგ, როდესაც უკვე 40 წელს მივუახლოვდებით, კიდევ დაახლოებით 2500 დღე გავა. ამ დროისთვის თაობა Alpha ს წარმომადგენლები 21 წლის ასაკის იქნებიან. ზუმერები (გენ Z) 30-ის. მილენიალები 40 წლის. ჩემი თაობა (X) კი უკვე 50 ის მიღმა…
ესენი რა თქმა უნდა უბრალოდ დაახლოებითი მაჩვენებელია იმისი, თუ საით, როგორ და რა ტემპით მიდის განვითარება და ჩვენი ერის კოლექტიური ფორმაცია. ანუ, ახალ თაობებს კიდევ უფრო მეტი გაცნობეიერება ექნებათ, უფრო მეტის გაკეთება შეეძლებათ, უფრო მეტ გავლენას იქონიებენ ქვეყნის გავითარებაზე, ვიდრე დღეს და მიწაზეც უფრო მყარად იდგებიან თავიანთი ღირებულებებით…
ძველი ბიბლიური გადმოცემით ალბათ ყველას გვახსოვს, მოსემ უდაბნოს გზებით ებრაელები 40 წლის მანძილზე რომ ატარა. ამ ხანგძლივი ვოიაჟის მთავარი მიზანი იყო 2 თაობის გამოცვლა, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნებოდა ებრაელების ერი კოლექტიურად მონური ფსიქოლოგიისგან გათავისუფლებული…
საგარეო პოლიტიკური სიტუაციების მიუხედავად, ევროპა იქნება ეს, რუსეთი, ირანი, თუ იზრაელი, განვითარების ამ „ფრეიმვორკს“ ვერ ავცდებით, რადგან ჩვენც კაცობრიობის კოლექტიური ცნობიერების ნაკადის ერთ ერთი განშტოებას წარმოვადგენთ…
მოდით გადავხედოთ დიდი სურათით, თუ რა მოხდა ბოლო რამდენიმე დეკადის მანძილზე საქართველოში:
თავიდან გვყავდა ზვიადი – ეროვნული, „სულიერი მესია“, რომელიც ჯერ გავაღმერთეთ და მერე დავამხეთ ტანკებით. ამის მერე გვყავდა ედუარდი – პოლიტიკური, „გონებრივი მესია“, რომელიც ასევე გავაღმერთეთ და მერე ისიც დავამხეთ ახლა უკვე ვარდებით. ამის მერე მიშა – რეფორმატორი, „ემოციური მესია“, ესეც გავაღმერთეთ და მერე დავამხეთ ისევ ახალი გამოცდილებით, ახლა უკვე გადადგომით. ამის მერე ბიძინა – მატერიალური, „ფიზიკური მესია“, ესეც გავაღმერთეთ და ახლა ჯერ მისი დამხობა არა, მაგრამ იმიჯის განადგურება უკვე კარგა ხანია მიმდინარეობს…
ბუნებრივი დინება იქითკიენ მიდის, რომ ამის მერე სამომავლოდ ოპოზიციური პარტიები უფრო თანაბარი ძალებით იქნებიან წარმოდგენილები პარლამენტში. ეს ჩვენი ერის ცნობიერების განვითარების ლოგიკური მომდევნო საფეხური იქნება. ასევე ისიც აღსანიშნავია, რომ ყველა მომდევნო ლიდერი წინას რადიკალური ანტიპოდი იყო. თავად სტალინიც რომ ყოფილიყო საქართველოს მეთაური, აქ მასაც მალევე ჩამოაგდებდნენ. ამიტომ იყო ის რუსერთში, სადაც დღესაც კი მეთაური მეფის ტოლფასია…
მეტი ასეთი “მარჩენლის” გამოცდილება აღარ გვესაჭიროება, რადგან ამ 33 წლის განმავლობაში უკვე გვყავდა ყველანაირი მამა მარჩენალის სახის არქეტიპი. სულიერი, გონებრივი, ემოციური და ფიზიკური… (მათი ქრონოლოგიური თანმიმდევრობაც ძალიან სიმბოლურია…) შემდეგი ლიდერი მხოლოდ ფუნქციონალური იქნება, რომელიც ჩვენი ერის წარმომადგენელი სახე იქნება. ახლა ვართ ბოლო და ყველაზე მტკივნეულ სტადიაში, მაგრამ მე ამაში ღმერთის წყალობასაც ვხედავ, იმ გაგებით, რომ ეს მოვლენები დაჩქარებულია საბოლოო კეთილდღეობისთვის. რაც არ უნდა დროში გაიწელოს, შემდგომი 7 წლის მანძილზე ყველა ეს ცვლილება უკვე აღსრულებული გვექნება. ამას დიდი წინასწარმეტყველება არ ესაჭიროება. უბრალოდ ცოტა უფრო მეტი დისტანციიდან უნდა გადავხედოთ სურათს – „Big Picture“.
ქართულ გამონათქვამში გხვდება: ბაბუას ნაჭამმა ქლიავმა შვილიშვილს კბილი მოჭრაო. ეს არა მარტო მეტაფორა, არამედ ასევე სიღრმისეული ეზოთერული ცოდნაა, რომლის ანალოგიები ასევე სხვა ერების კულტურებშიც გვხვდება.
საინტერესოა, რატომ შვილიშვილს და არა მაგალითად შვილს, ან შვილთაშვილს? შვილი პირდაპირ იმკის იმის შედეგს, რაც მისმა წინა თაობამ დათესა. შვილიშვილი კი ცდილობს ამის გამოსწორებას. ანუ, არაცნობიერედ ოჯახთან მისი განკუთვნადობის შეგრძნების გამო, ის თავის თავზე იღებს ბაბუის მიერ მოუგვარებელ, ან დაუმთავრებელ შინაგან და გარეგან ცხოვრებისეულ საკითხებს და ამითი ოჯახის შინაგანი ბალანსის აღდგენას ცდილობს. ეს შვილიშვილის მხრიდან მისი ლოიალურობით მსხვერპლის გაღებაა.
არსებობს ასევე მეორე, ცნობიერი შიდა დინამიკაც. ამის მეტაფორული და ზოგჯერ კონკრეტული მაგალითიია ის, რომ ბაბუის მიერ დარგული ხის ჩრდილით შეეძლება შვილიშვილს სარგებლობა. ეს კი უკვე წინაპრების ღირებულებითი მონაპოვარია, რაც შვილიშვილისთვის საყრდენი ნიადაგი და წინსვლის ბიძგიც არის ერთდროულად.
სწორედ ეს ტვირთი და ეს პასუხისმგებლობა იკისრეს ჩვენმა ახალმა თაობებმა თავის თავზე. წინა თაობების შეცდომების გამოსწორებაც და ერის სიყვარულიც. მათ ააქვთ ცხადი და რეალური ხედვა, რომელიც განვითარებისკენ მიისწრაფვის. ეს განვითარება დღეს, რაც არ უნდა არ მოგვწონდეს ვიღაცეებს და ვაკრიტიკებდეთ, მაინც დასავლეთია და ევროპაა, რადგან სხვა ალტერნატივა უბრალოდ წარსულში დაბრუნება და სულის დასამარებაა…
ამის არ დანახვა და მათ მიმართ თანაგანცდის არ ქონა უპატიებელი იქნება. მათ მიმართ ფიზიკური, ემოციური და სულიერი თანადგომა ყველა ჩვენთაგანის გულანთებულობის მიზეზი და სულისკვეთება უნდა იყოს. ამითი შევიტანთ თითოეული ჩვენთაგანი ჩვენს წვლილს საკუთარი ქვეყნის ცნობიერების განვითარებაში, რაც დღეს ისე გვესაჭიროება, როგორც არასდროს. დღევანდელი არჩევანი და ეს გზაჯვარედინი ჩვენი ქვეყნის მომავლის ბედს განსაზღვრავს და განკარგავს მრავალი წლის მანძილზე…
ცხოვრება კომპლექსური ფენომენია და ის ბევრ სფეროს მოიცავს, როგორებიც არის, მაგალითად სოციალური, სულიერი, მატერიალური და ასევე პოლიტიკური სფეროები. თუ ადამიანი ცხოვრებას მთლიანად ღებულობ, ისეთს, როგორიც ის არის, თავისი მრავალფეროვნებით, პოლიტიკაც მისი განუყოფადი ნაწილია. მხოლოდ „სულიერება“ არ არის ასკმარისი. ამიტომ გამოვხატავ მეც ჩემს აზრს დრევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით საქართველოში…
რას ვერ აცნობიერებს ჩვენი მთავრობა თავისი ყველასთვის ცნობილი პოზიციით? იმას, რომ განვითარების ღირებულება სიცოცხლის ტოლფასია და ამას წინ ვერაფერი ვერ დაუდგება. ამ მთავრობას სამწუხაროდ მხოლოდ ტაქტიკური ხედვა აქვს და არა გრძელვადიანი და სტრატეგიული. მათი ნებისმიერი სვლა დღეს მხოლოდ ძალაუფლების და გავლენის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული. მხედველობის არეალიდან მათ სრულიად გამორჩენილი აქვთ “დიდი სურათი” და ამიტომ ვერც წარსულის გამოცდილებებისგან ვერ გამოაქვთ შესაბამისად ვერანაირი გონივრული დასკვნები…
როდესაც მთავრობა ხალხთან კონტაქტს და ემოციურ კავშირს კარგავს, ის ყოველთვის განწირულია. შორს რომ არ წავიდეთ, ეს ასე იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში…
ბოლოს მაინც მიდა ვთქვა, რომ მთავარი გაკვეთილი ჯერ არ გვისწავლია. ერთმანეთის მიმართ დაუნდობლობა. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი სოციალური ემპათია და ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მტერი და სიმპტომიც, რომელიც ისტორიულად სულ თან დაგვყვება. ლევან სანიკიძის ერთ ერთ ისტორიულ ნაწარმოებში წმინდანი გოორგი ათონელი ქართველების ბუნების აღწერისას, ჩვენს უდიდეს ნაკლოვანებას სწორედ ამ თვისებას მიიჩნევს. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მტერი და ამითი სარგებლობენ ჩვენი მტრებიც და ამიტომ უჭირთ ჩვენს გვერდით დგომა ჩვენს მოყვარეებსაც…
განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი ჰუმანური არსებაა და მას თავისი ღირსება გააჩნია. ამისთვის ის არც უნდა გავანადგუროთ და არც უნდა ავიტანოთ, არამედ პატივი უნდა ვცეთ.
ეს მოახერხა ევროპამ, წერტილი. ამიტომ, თუ გვინდა რომ ჩვენც გვაღიარონ ევროპული ოჯახის წევრად, ამისათვის უნდა გავიზარდოთ ამ კუთხით. გარეგანი მტრის დამარცხებას შინაგანი მტრის დამარცხებით უფრო შევძლებთ და ეს შინაგანი მტერი ვინმე “ნაცი” და “ქოცი” კი არ არის, ეს ჩვენი ერთმანეთისადმი უსიყვარულო, დაუნდობელი, უპატივცემლო და უღირსი დამოკიდებულებაა
მოქშა ფეიქარი