ბებიაჩემის დედა (მამის მხრიდან) ლიზა ალავიძე 100 წლის გარდაიცვალა. პატარა ვიყავი, იმ დროისთვის, ბევრი საოცარი და საინტერესო ამბების მოყოლა და ჩემთვის უცნაური დარიგება იცოდა.
– ახლა შეილება ვერ გაიგო, მაგრამ დაიმახსოვრე, მერე გამოგადგება, ცხოვრება ტკბილია თან მზაკვარი. ( ეს სიტყვა მისგან გავიგე პირველად ,,მზაკვარი” სამწუხაროდ დღესაც ხშირად მიხდება ამ სიტყვის ხმარება.
– ბებია, ადამიანს რომ უსმენ ან ესაუბრები, თვალებში უნდა უყურო და გიყვარდეს.
– არასოდეს ცუდი არ თქვა სხვაზე, თორემ მისი სატკივარი შენთან მოვა. თუ დაგიშავებს შენ გაჩუმდი, არ იჩქარო, მას ღმერთი გასცემს პასუხს.
მაშინ, თან ვხვდებოდი, თან ვერ ვხვდებოდი რას მეუბნებოდა. მოგვიანებით ყველაფერს მივხვდი, თან ძალიან კარგად.
,,არასოდეს ცუდი არ თქვა სხვაზე, თორემ მისი სატკივარი შენთან მოვა” ეს სიტყვები ღრმად მაქვს ჩაბეჭდილი გონებაში, სულში და გულში, ამიტომ არასოდეს არავიზე ცუდს არ ვამბობ, პასუხსაც არ ვცემ თუ დამიშავებენ.
ვინც ძალიან მიყვარს პირში ვეუბნები რა მეწყინა და რა მეტკინა. თუ ვერ გავაგებინე ბოდიშს ვუხდი და მშვიდად მივდივარ მისგან.
ირგვლივ, ამ დროში რაც ხდება აღარ მიკვირს.
სამწუხაროდ, დღეს ადამიანები ერთმანეთზე იმდენ ცუდს ამბობენ, იმდენს ლანძღავენ ერთმანეთს და მიწასთან ასწორებენ, ეპიდემიასავით მოსდებიათ ერთმანეთის სატკივარი და ისე აზიანებენ ერთმანეთს ვერც კი ხვდებიან რას ჩადიან.
აგრესიით, ბოღმით, ერთმანეთზე ლანძღვით აქვთ გაჯერებული გონება და ვერ გაუგიათ, რატომ არ უმართლებთ, რატომ არიან უბედურები და რატომ იღუპებიან.
გიორგი ჯაჯანიძე