“შენ დგახარ მთის მწვერვალზე და აღტაცებული ტკბები ბუნების საოცარი ხედებით, შენს თვალწინ გადაშლილი ხეობების თვალუწვდენელი სივრცითა და დათოვლილი მწვერვალების სიდიადით.
განა შეეძლო სუსტ ადამიანს აქ ამოსვლა? ან არაგულწრფელს? არა, მთები ყველას არ ღებულობენ. ისინი ცდიან ადამიანს გამძლეობასა და სულის სიმტკიცეზე.
იყო მომენტები, როცა დაღლილობისგან არაქათგამოცლილს სასოწარკვეთილება გიპყრობდა და გულში გაგიელვებდა აზრი: „ვის რაში სჭირდება ეს ყველაფერი?“ მაგრამ იმავე დროს შენშივე იყო ბევრად უფრო მეტი, ვიდრე დაღლილობა და სისუსტე, რომელიც გეძახდა და გიზიდავდა მწვერვალისკენ.
და აი შენ აქ ხარ, შენი სული ზეიმობს და ახლა უკვე აღარ განაღვლებს გადატყავებული, დასისხლიანებული ხელ–ფეხი და დაზიანებული მუხლი. შენ ბედნიერი ხარ!
შენ მარტო დგახარ მწვერვალზე, მაგრამ არა ხარ მარტო. შენთან ერთადაა თავალუწვდენელი მწვერვალების სიდიადე და ლაჟვარდოვანი ცის უზარმაზარი სივრცე და სამყარო მზადაა შეგმოსოს მადლიერებით იმის გამო, რომ შენ მასთან ხარ, რომ აქამდე მოაღწიე!
შენ უკვე რჩეული ხარ!
შენ დაბრუნდები ადამიანებთან, მაგრამ დაბრუნდები უკვე სულ სხვანაირი, ბევრად უფრო ძლიერი და თავდაჯერებული. ადამიანებიც იგრძნობენ ამას და როცა შენ მოუყვები თუ რა იგრძენი იქ, მაღლა, მათაც მოუნდებათ მწვერვალების დაპყრობა, ოღონდ ყველას საკუთარი მწვერვალის!
და დაიწყება ასე სინათლის გავრცელება დედამიწაზე…”
წყარო: mebonia.com