ისწავლეთ ის, რომ საკუთარ თავს ესაუბროთ არა ხელმოცარულისა და დამარცხებულის პოზიციიდან, არამედ შედით გამარჯვებულის როლში და ამ როლის გადმოსახედიდან დაამყარეთ ურთიერთობა საკუთარ თავთან.
იქნებ იგნორირება უყოთ შეზღუდვებისა და უსუსურობის გამომხატველ აზრებს და ჩაანაცვლოთ ისინი უსასრულო შესაძლებლობების მქონე ადამიანის აზრებით?
რა მოხდება, თუკი თქვენს ნეგატიურ აზრებს გარდაქმნით პოზიტიურ აზრებად?
რა იქნება, რომ განზე გადასწიოთ მსხვერპლად ყოფნის განცდა და მსხვერპლობის „ენა“ ჩაანაცვლოთ ძალმოსილებისა და საკუთარი უფლებამოსილების ენით?
თუკი გჩვევიათ გამუდმებული თვითკრიტიკა და თვითდათრგუნვა, ხომ ვერ შესძლებდით თქვენი გამუდმებით მოკრიტიკე და დამცინავი ნაწილი გადააქციოთ თქვენს კეთილმოსურნე მწვრთელად, რომელიც გაგავარჯიშებთ, რომ საკუთარ ძალებში რწმენის დონე აიმაღლოთ და პირნათლად შეეგებოთ სარისკო სიტუაციებს?
ქვემოთ შევეცდები შემოგთავაზოთ ტექნიკები, რაც დაგეხმარებათ გამარჯვებულის პოზიციიდან შეხედოთ საკუთარ თავს და ნეგატიური აზრები პოზიტივად გარდააქციოთ.
დავიწყოთ იმით, რომ ნეგატიური, შფოთვის, დეპრესიის, აკვიატების, ბრაზისა და იმპულსურობის აზრები ავტომატურად აღმოცენდებიან, თქვენს ნებას არ ექვემდებარებიან და არაკონტროლირებადი არიან. მათ ფსიქიატრმა დანიელ ამენმა ავტომატური ნეგატიური აზრები („ანა“) უწოდა. დანიელ ამენმა „ანა“-ს ანუ ავტომატური ნეგატიური აზრების „გათელვის“ მეთოდი შეიმუშავა. მე ჩემებურად მოდიფიცირება გავუკეთე ამ მეთოდს და სახეცვლილი სახით წარმოგიდგენთ. ეს მეთოდი სამი ნაბიჯისაგან შედგება.
პირველი ნაბიჯი
კარგად გააცნობიერეთ და დააფიქსირეთ „ანა“-ები. ნუ განდევნით „ანა“-ს, პირიქით მიუშვით თვითდინებაზე ავტომატური ნეგატიური აზრები და დააკვირდით მათ. შეიმუშავეთ მათდამი დამკვირებლის პოზიცია და თითქოს გამადიდებელი შუშით უმზერთ მათ, რათა დეტალურად დაინახოთ. სპეციალურ ფურცელზე ჩამოწერეთ ისინი და შეადგინეთ მათი ნუსხა.
მეორე ნაბიჯი
შეაჯანჯღარეთ თქვენი ნეგატიური აზრები, დაიწყეთ მათი „ჩამოფერთხვა“ და შეხედეთ მათ როგორც გამოწვევასა და ბიძგს ახალი სასიკეთო ცვლილებებისაკენ.
როცა ვამბობ შეაჯანჯღარეთ-თქო, ვგულისხმობ, რომ აიღოთ ეს ქაღალდზე ჩამოწერილი აზრები, ერთმანეთში აურიოთ, გააკეთოთ მათგან „გუნდა“ და ისროლოთ იგი ზევით ან ქვევით, ფეხქვეშ გათელოთ ან დაწვათ ან ნაფლეთებად აქციოთ;
როცა ვამბობ „ჩამოფერთხეთ“-თქო, ვგულისხმობ, რომ მკაფიოდ წარმოიდგინოთ ეს აზრები და სხეულით, ხელებით, ფეხებით, ტანითა და თავით გააკეთოთ ძაგძაგის, ჩამოფერთხვისა და მძაფრი ვიბრირების მსგავსი მოძრაობები იმ აზრით, რომ სხეულით მოისვრით და ჩამოიფერთხავთ ამ შემაწუხებელ აზრებს.
ხოლო როცა ვამბობ შეხედეთ ამ აზრებს როგორც გამოწვევასა და ცვლილებების ბიძგსა-თქო, ვგულისხმობ, რომ მიაგნოთ თუ რა სასიკეთო ცვლილებისაკენ გიბიძგებთ თქვენი ავტომატური ნეგატიური აზრები („ანა“).
მესამე ნაბიჯი
ჩაანაცვლეთ თქვენი შეჯანჯღარებული, ჩამოფერთხილი და ცვლილებების მაუწყებელი ავტომატური ნეგატიური აზრები („ანა“) ახალი აზრებით, კერძოდ კი იმ აზრებით, რომლებიც თავისი შინაარსით იმ ცვლილებებს გამოხატავენ, რისკენაც „ანა“ გიბიძგებდათ როგორც გამოწვევისაკენ.
ნოდარ სარჯველაძე