სად ვიწყებით და სად მთავრდება ჩვენი როგორც ,,მეს” საზღვრები?!
როგორ ვაგრძელებთ ცხოვრებას ,,მე” და ,,შენ”?! როცა ერთად ვართ და გვინდა ამ ერთობაში იდენტობა არ დავკარგოთ?! …
ალბათ, იქ სადაც ,,მე “და ,,შენ ” ვხდებით ,,ვარ» და ,,ხარ” სწორედ ერთმანეთის მიღების და აღიარების დასაბამია და გენიალური ქართული სიტყვა ,,მიყვარხარ» სწორედ ამას ხსნის.
ჯერ კიდევ ფსიქოანალიზის გარიჟრაჟზე ფროიდი ამბობდა: ,,ადამიანები არასდროს ხვდებიან ერთმანეთს შემთხვევით, რადგან ყოველთვის ირჩევენ იმას, ვინც დიდი ხანია მათ ქვეცნობიერში ცხოვრობს”. იდეა, რომ ჩვენ შემთხვევით არ ვირჩევთ ჩვენს ურთიერთობებს ფროიდის აზრით უკავშირდება არაცნობიერ ლტოლვას იმისკენ, რაც ჩვენს შინაგან სამყაროში არსებობს, ხშირად დაუკმაყოფილებელი საჭიროებების, დაუმთავრებელი ემოციური გამოცდილებების ან ბავშვობიდან წამოღებული თემების სახით.
ამგვარად, ჩვენი ურთიერთობები შეიძლება იყოს გზა, რომლითაც ჩვენი ქვეცნობიერი ცდილობს სწორედ დაუმთავრებელი, ან დაუკმაყოფილებელი ემოციური საკითხების გადაჭრას.
ამ მოსაზრების გამყარებაში იუნგი უფრო მასშტაბური იყო, როცა თვლიდა, რომ ჩვენს ურთიერთობებს არა მხოლოდ პიროვნული არაცნობიერი, არამედ კოლექტიური არაცნობიერიც განაპირობებს. მისი თქმით, კოლექტიური არაცნობიერი არის საერთო ფსიქოლოგიური შრე, რომელიც მთელი კაცობრიობის ცნობიერების მიღმა არსებობს და მოიცავს არქეტიპებს – მემკვიდრეობით მიღებულ, უნივერსალურ სიმბოლოებს და სქემებს, რომლებიც ყველა ადამიანის ფსიქიკაშია ჩადებული.
კოლექტიური არაცნობიერის მიხედვით, ადამიანები ხშირად იზიდავენ ერთმანეთს, რადგან მათში მოქმედებს არქეტიპული ფორმები, როგორიცაა ანიმა და ანიმუსი (ქალისა და კაცის შიდა არქეტიპები), დედის, მამის, გმირის ან სხვა უნივერსალური სიმბოლოების გავლენა. ეს არქეტიპები გავლენას ახდენენ იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავსა და სხვებს და გვიბიძგებენ ისეთი პარტნიორებისკენ, რომელთა მეშვეობითაც შეგვიძლია გავაცნობიეროთ ჩვენი შიდა არქეტიპული ფორმები და გავიზარდოთ. ჩვენი ურთიერთობები არ არის უბრალოდ პიროვნულ დონეზე შექმნილი. ისინი კოლექტიური არაცნობიერის თანხვედრითაც ყალიბდება, რაც ჩვენს არჩევანს კიდევ უფრო ღრმა მნიშვნელობას ანიჭებს, რათა გავიგოთ და განვიცადოთ პირად ისტორიებში ის არქეტიპული სიმბოლოები და თემები, რომლებიც კაცობრიობის ისტორიის ნაწილია.
,,აზრი რომ ეს შენით არ დაწყებულა”…,რომ ჩვენი ისტორიები კონტექსტი და გაგრძელებაა იმ სისტემის, რომლის ნაწილებიც ვართ და რომლის მიმართაც ვგრძნობთ შინაგან ,,განკუთვნადობას”ეკუთვნის სისტემური საოჯახო განლაგების ავტორს, ფილოსოფოსს და ფსიქოთერაპევტს ბერტ ჰელინგერს. მისი კონცეფციით თითოეულ ადამიანს აქვს სისტემური კავშირი თავის ოჯახის წევრებთან, და ამ კავშირებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ როგორც მის ემოციურ მდგომარეობასა და ქცევაზე, ასევე მის არჩევანსა და გადაწყვეტილებებზე.
ოჯახის წევრების ურთიერთობები, ტრავმები და გაუგებრობები შეიძლება „გადაეცეს“ თაობიდან თაობას და მართოს მთელი ოჯახური სისტემა.
სისტემური თერაპია გვეხმარება გავიგოთ ჩვენი ადგილი ოჯახში, როგორც ერთ დიდ სისტემაში, რომელიც მოიცავს წინაპართა არაერთ თაობას იმის მიუხედავად ვიცნობდით ჩვენ მათ და გვქონდა თუ არა რამე სახის ინფორმაცია მათზე, ასევე დავინახოთ ის კავშირები რომლებიც მართავენ ამ დინამიკას.
ჰელინგერი გვთავაზობს რამდენიმე შეკითხვას ურთიერთობების დინამიკის კვლევისთვის, რომელიც სწორედ იმ დაუმთავრებელი ისტორიების აღმოჩენაში გვეხმარება, რომლებიც არსებობენ ჩვენში და ხშირად არ გვაძლევენ საშუალებას დავრჩეთ პარტნიორულ ურთიერთობაში პირისპირ წინაპრების ისტორიების, წარსული გამოცდილებების და გადაუმუშავებელი ტრავმებისგან მაქსიმლურად თავისუფალნი.
როდესაც ჩვენს ურთიერთობაში კრიზისი იწყება, მნიშვნელოვანია დავსვათ კითხვა. რა ხდება ჩემს თავს ან ჩემს ოჯახში ისეთი, რამაც მსგვსი ამბები განაპირობა?!
კითხვა გვაიძულებს გარე სამყაროდან შიგნით მივმართოთ ცნობისმოყვარეობის ვექტორი და ვრეფლექსირდეთ. თვითრეფლექსია არის ჩვენს აზრებზე, განზრახვებზე, მეტყველებასა და მოქმედებაზე დაკვირვების აქტი, რათა უკეთ გავიგოთ ვინ ვართ, რა გვსურს და როგორ გავაუმჯობესოთ საკუთარი თავი.
ურთიერთობის დინამიკის კვლევისთვის და მისი განმსაზღვრელი ფარული დინებების გასარკვევად მნიშვნელოვანია დავაფიქსიროთ რა არის ჩვენი მთავარი უთანხმოება ან პრეტენზია პარტნიორთან. პასუხი ამ კითხვაზე პირდაპირ მშობელთან მიდის. განსაკუთრებით დედასთან, რომელიც გვაძლევს სიყვარულის მიღების და გაცემის პირველ და დაუვიწყარ გაკვეთილს.
ჩვენ მუდმივად ვოპერირებთ მის მიერ მოწოდებული სცენარის ან ზუსტი განმეორებით ან მისი რადიკალური ცვლილებით, რაც შედეგობრივად არაფერს ცვლის. თუ დედა იყო ,,ცივი”ურთიერთიბებში და ჩვენ ვართ ზედმეტად ,,თბილი” ვავლენთ არაადაპტურ და დისფუნქციურ ქცევას, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს მუდმივი დისბალანსი ჩვენს ,,გაცემულ” ქმედებასა და პარტნიორისგან ,,მიღებულ” უკუკავშირს შორის, ყოველი ასეთი არათანაბარი, დაუბალანსებელი აქტი, ჩვენ გვარწმუნებს, რომ ვერ მივიღეთ ჩვენი ,,მოლოდინის “შესაბამისი პასუხი კომუნიკაციებში, რაც უმეტესად არის გარანტი მათი რღვევის.
შემდეგი ეტაპზე მნიშვნელოვანია აღვწეროთ ჩვენი მშობლები. რა სიტყვებით და ეპითეტებითაც ვიხსენებთ მათ, სწორედ იმ ემოციებით ვდისტანცირდებით პარტნიორისგან.
მაგ: თუ ვამბობთ რომ დედა იყო დომინანტი და შეუპოვარი, მამა კი მოსიყვარულე, მაგრამ უფუნქციო. სწორედ ჩვენი დომინაციურობა და შეუპოვრობა შეიძლება თრგუნავდეს პარტნიორის თვითგამოხატვას, რათა მოხდეს სიყვარულის ენერგიის ბუნებრივი დინება და გამტარობა ჩვენს ურთიერთობებში.
მნიშვნელოვანია დავსვათ კითხვა და დავფიქრდეთ ყველაზე დიდ შიშზე ჩვენს ურთიერთობაში. სწორედ ის არის პასუხისმგებელი იმ შეზღუდვებზე, რომელიც ჩვენს რეალურ ურთიერთობებს აფერხებს.
მაგ: გვეშინია რომ მეტი სიახლოვით დავანგრევთ უკვე არსებულს. ეს შიში გვაიძულებს ვდისტანცირდეთ და სწორედ ეს არის რეალურ მოცემულობაში ნგრევის მიზეზი.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, ის ჩვენს ოჯახურ ისტორიებს უკავშირდება. დავფიქრდეთ, თუ არსებობს მძიმე ან ტრაგიკული ამბავი ოჯახის რომელიმე თაობის ისტორიიდან.
მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერებაც, რომ ეს ამბები შემთხვევით არ ილექებიან ჩვენს ცნობიერებაში, მაშინ როცა მათთან შესაძლებელია არანაირი პირდაპირი კავშირი არ გვქონდეს. მიზეზი თუ რატომ ,,გადმოგვედო» კონკრეტულად ესა თუ ის ისტორია ,,ოჯახური ალბომიდან” შეიძლება აღმოჩნდეს ტრანსგენერაციული პატერნი ჩვენი ურთიერობების დინამიკის.
ამ პატერნის(ქვეცნობიერი ქცევების და ემოციების კომპლექსი, რომლებიც გარკვეული მოვლენებით არის სტიმულირებული) საფუძველი კი შეიძლება იყოს ტრანსგენერაციული ტრავმა.
– ფსიქოლოგიური კონცეფცია იმის შესახებ, რომ ტრავმატული გამოცდილებები, ემოციური დაძაბულობა და სტრესული მოვლენები შეიძლება თაობიდან თაობას გადაეცეს, მიუხედავად იმისა, რომ ახალ თაობას უშუალოდ არ განუცდია ეს მოვლენები. განსაკუთრებით იმ ოჯახებში ან საზოგადოებებში, რომლებიც ისეთი გლობალური ტრავმის ქვეშ აღმოჩნდნენ, როგორიცაა ომები, გენოციდი, რეპრესიები ან მიგრაცია ეს ტრავმა სიმპტომურია. ტრავმის გადაცემა ხშირად ხდება არაცნობიერი გზით, მაგალითებით, როგორიცაა მშობლების შფოთვა, გადაჭარბებული კონტროლი ან ემოციური სიცივე, რაც შთამომავლებს პირდაპირ არ ესმით, მაგრამ გავლენას ახდენს მათ ემოციურ მდგომარეობაზე.
ტრანსგენერაციული ტრავმის კვლევამ აჩვენა, რომ ეს პროცესები არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად, არამედ ბიოლოგიურადაც გადაეცემა — ეპიგენეტიკური ცვლილებების მეშვეობით, რომელიც ტრავმისგან გამოწვეულ გენების ქცევაში ცვლილებებს იწვევს.
ადამიანი კომპლექსური, რთული ფენომენია და თავისი არსით სოციალური, ამიტომაც ჩვენს ყოველდღიურ სოციალურ კავშირებს ჩვენი რთული სისტემა მართავს, რაც უამრავი თაობის, კოლექტიური გონის და ჩვენი ინდივიდუალური უნიკალური საწყისის კრებულია. იმისთვის რომ ამ მრავალმხრივობის სინთეზი შევძლოთ აზრი, რომ ,,ეს ჩვენით არ დაწყებულა” ანუ ჩვენ დიდი სისტემის ნაწილები ვართ, შეგვიძლია გამოვიყენოთ არა მხოლოდ იმისთვის, რომ ზოგჯერ სხვებს ,,გადავაბრალოთ” ჩვენი არშემდგარი ისტორიები და ამით დროებითი შვება ვიგრძნოთ, არამედ ეს დიდი დინამიკა რესურსად ვაქციოთ, დავინახოთ ის რაც ვერ შეძლეს დაენახათ ჩვენს წინაპრებს და ვიქცეთ დიდი სურათის იმ ნაწილად, რომელსაც სხივი შეაქვს მთელი სიუჟეტის აღქმაში.
ჭეშმარიტად, ყველა ცოდნა, ყველა გამოცდილება, ყველა მარცხი და წარმატება არსებობს მხოლოდ იმისთვის, რომ გაგვზარდოს პირად საზღვრებში და მოგვცეს უკეთესი შესაძლებლობა ჩვენი დაცული, აღიარებული საზღვრების გადმოსახედიდან კარგად აღვიქვათ და პატივი ვცეთ სხვისას. სწორედ ეს არის ურთიერთობის უნივერსალური ალგორითმი და მე-შენ სიტყვათშეთანხმების უპირობო მნიშვნელოვნება და მაშინ როცა მე და შენ ურთიერთობებში ვხდებით ,,ვარ” და ,,ხარ”ანუ ვიქცევით სიყვარულად ,,მიზეზშედეგობრიობის ქარები ჩემს ფეხქვეშ განირთხმიან და ბედისწერის ქარიშხლებიც ცხრება” (მარტინ ბუბერი). სწორედ მაშინ ვხვდებით, ყოველი ნამდვილი სიცოცხლე შეხვედრაა, და რომ ცხოვრება მოგზაურობას გავს. ყოველ მოგზაურობას კი თავისი საიდუმლო მიზანი აქვს, რომლის შესახებ არაფერი იცის მოგზაურმა და მოგზაურობის ხიბლიც ეს არცოდნაა.
ეკა ჩემია, პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი
,,ასტრო-თამაშები“- პირველი სერია
ტრანსფორმაციული ვორქშოპი (სამუშაო შეხვედრა) პირადი ასტროლოგიური რუკის და სისტემური განლაგების სინქრონიზაციით თემაზე: ურთიერთობები.
✔️ 10 ნოემბერს, კვირას, 12:00 სთ
✔️ მენტორები:
ეკატერინე ჩემია – ზრდასრულთა და მოზარდთა პრაქტიკოსი-ფსიქოლოგი – ფსიქოკონსულტანტი.
სისტემური საოჯახო განლაგების ფასილიტატორი.ნინა გეგეჭკორი – ასტროლოგი, ასტროფსიქოლოგი, საბაზისო ფსიქოთერაპიული განათლებით.
დეტალურ ინფორმაციას გაეცნობი ბმულზე https://shorturl.at/Y51sm