ყოველთვის, როცა ქუჩაში მათხოვარს წავაწყდები, თავში მაშინვე ამოტივტივდება შეკითხვა:
— ღირს თუ არა ფულის მიცემა?
პასუხებიც ხშირად ურთიერთგამომრიცხავი და დამაბნეველია, მაგრამ ამას წინათ, ამ შეკითხვაზე საკმაოდ საინტერესო პასუხი მივიღე ჩემი ერთ-ერთი პირველი მენტორის და ამჟამად მეგობრის, ცნობილი რუსი ფსიქოლოგის და ექიმის ვლადიმირ ფეისგან ივანოვი).
„მე ბევრი მიფიქრია ამ თემაზე და ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო პასუხები მიმიღია, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგებოდა, ყოველთვის განვიცდიდი დისკომფორტს, მიუხედავად იმისა, ვაძლევდი ფულს თუ არა.
ხშირად მიფიქრია დავლაპარაკებოდი ამ თემაზე სასულიერო პირებს, მაგრამ ვინაიდან მაშინ მოძღვარი არ მყავდა, ვერ გადამეწყვიტა ვისთვის მიმემართა და აი ერთხელ, 2011 წელს, კიევში ყოფნისას, როცა ქუჩაში მივსეირნობდი უცებ, არც კი ვიცი საიდან და როგორ, მაგრამ რატომღაც ეს შეკითხვა ამოტივტივდა და თითქმის იმავე წამს შევნიშნე რომ ჩემს წინ სასულიერო პირი მიდიოდა. და რადგან მე მაშინ უკვე ვიცოდი, რომ შემთხვევით ამ ქვეყნად არაფერი ხდება, გადავწყვიტე დავლაპარაკებოდი მამაოს.
ჩემდა სასიამოვნოდ, მამა ალექსანდრე (ის ასე გამეცნო) საკმაოდ კეთილგანწყობით შემხვდა და ჩვენი საუბარიც თავისუფლად აეწყო.
— ჩვენ ყოველთვის თვითონ ვართ პასუხისმგებლები ჩვენს საქციელზე. საქმე სინამდვილეში იმაში კი არ არის, უნდა მივცეთ თუ არა ფული მათხოვარს, მნიშვნელოვანი აქ ის არის, თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ჩვენმა ფულმა ეს ადამიანი, რას მიიღებს ის საბოლოოდ?
დავუშვათ, თქვენ მიეცით ფული მათხოვარს, ის კი წავიდა, იყიდა არაყი, დალია, მოკვდა. გამოდის, რომ თქვენ, ნებსით თუ უნებლიედ, ამ უბედურებაში რაღაც წვლილი მიგიძღვით.
— კი მაგრამ მე ხომ ფული კეთილი განზრახვით მივეცი?
— შესაძლოა… მაგრამ, საერთოდ, ადამიანები ნებისმიერი საქციელს სჩადიან რაღაც სარგებლის მიღების მიზნით. აი, მაგალითად, ავიღოთ თუნდაც ეს შემთხვევა: რატომ აძლევს ადამიანი ფულს მათხოვარს?
— მიზეზი შეიძლება იყოს უამრავი — ვუპასუხე მე ჩაფიქრებულმა. — მაგალითად: ეცოდება მათხოვარი, ასეა აღზრდილი, ეუხერხულება უარის თქმა და ა.შ.
— დიახ, მიზეზი მართლაც ბევრი შეიძლება მოიძებნოს, მაგრამ ყველა ეს მიზეზი ძირითადად მაინც იმის მიზეზია, ვინც გასცემს და არა იმისი ვინც იღებს. გასაგებია, რომ მათხოვრისთვის ფულის მიცემა ცუდი განზრახვით არ გვინდა, მაგრამ უბრალოდ ფულის მიცემის არჩევანი, ეს არის არჩევანი ნაკლები წინააღმდეგობის მქონე გზით სიარულისა. მივეცით ფული და მორჩა, ჩვენი სინდისი სუფთაა. ჩვენ ხომ დავეხმარეთ?
— მაშ რა უნდა ვქნათ, არ დავეხმაროთ ადამიანს, რომელსაც უჭირს?
— დახმარება საჭიროა, მითუმეტეს თუ გთხოვენ. მაგრამ არ არის აუცილებელი ეს დახმარება იყოს მაინცდამაინც ქუჩაში, ან თუნდაც ეკლესიასთან მათხოვრებისთვის ფულის დარიგება.
ჩემის აზრით უმჯობესია ყურადღებით დავაკვირდეთ ადამიანებს ჩვენს გვერდით. მათ შორის ყოველთვის გამოერევა ან მარტოხელა მოხუცი, მცირე პენსიით, რომელსაც ფული აუცილებელი პროდუქტისთვისაც კი არ ყოფნის. ან მრავალშვილიანი ოჯახი, სადაც მშობლები ძალიან ბევრს შრომობენ, მაგრამ მაინც ძლივს გააქვთ თავი. ან მარტოხელა დედა, რომელსაც ხანდახან ბავშვის საჭმელიც კი არა აქვს…
ეს ხალხი ძალიან ცდილობს, მაგრამ მაინც მძიმე მდგომარეობაშია. და იქნებ მათხოვრებისთვის ქუჩაში ფულის მიცემას ჯობია ვუყიდოთ რამე ან გავუზიაროთ საკუთარი საკვები იმ მარტოხელა მოხუცს.
ან, იქნებ ხურდების მიცემას იმ ადამიანისთვის რომელიც არც კი ვიცით რაში გამოიყენებს ჩვენს მიცემულ თანხას, ჯობდეს სათამაშოები ვუყიდოთ იმ მარტოხელა დედას ბავშვებისთვის. ასე ხომ ბავშვებს მივანიჭებთ დიდ სიხარულს და თანაც ისინი გაიზრდებიან იმის რწმენით, რომ სამყაროში სიკეთე არსებობს?
მე პასუხი არ გამიცია, უბრალოდ გულისყურით ვუსმენდი და ვგრძნობდი, თუ როგორ იფანტებოდა თითქოს ბურუსი, მშვიდდებოდა გონება და გული სითბოთი და სინათლით ივსებოდა.
ამ დღის მერე მე შევეშვი ხურდების დარიგებას მოვალეობის მოხდის მიზნით და დავიწყე ადამიანების დახმარება.“
P.S. მართლაც საინტერესო ვერსიაა, თუმცა კიდევ უფრო საინტერესო იქნება თქვენი აზრის მოსმენა ამ თემაზე, ამიტომ გთხოვთ თამამად გაგვიზიაროთ ისინი აქვე კომენტარებში.
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
წყარო: «პიროვნული ზრდა და თვითგანვითარება»
