fbpx

პაბლო პიკასო – ლადო გუდიაშვილის მოგონება

ავტორი ჟოლო
754 ნახვა

„როცა პიკასოზე ვფიქრობ, ჩემს ცნობიერებაში შორეული ახალგაზრდობის დღეები ცოცხლდება და კიდევ უფრო მიმზიდველად მეჩვენება კაფე “როტონდა” – ადგილი, სადაც მას ვხვდებოდი ხოლმე“ – წერს პიკასოს შესახებ ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი: ერთხელ მაგიდასთან მარტო ვიჯექი და ყავას ვსვამდი. შემოვიდა პიკასო… თან წვრილ ჯაჭვზე გამობმული პატარა ფრანგული პუდელი მოიყვანა. პაპიროსის ბოლით დანისლულ დარბაზს თვალი მოავლო, ჩემს გვერდით თავისუფალი ადგილი შენიშნა და გამოემართა (მისი სკამი, რაც ეგზომ იშვიათად ხდებოდა, იმჟამად დაკავებული აღმოჩნდა). პუდელი გვერდით ჩაცუცქდა… პიკასომ ღიმილით გადმომხედა და თავი დამიკრა. მერე გარსონი იხმო, ყავა და ბუტერბროდი მოატანინა. იმ დროს მას შორიდან ვიცნობდი… ვიცოდი, რომ პიკასო იყო. გამიხარდა, ჩემს მაგიდასთან რომ დაჯდა… ძალიან გართული იყო ძაღლით… ვაკვირდებოდი მის სახეს, ხელებს, მოძრაობას… გასაოცრად ლამაზი, პატარა ხელები ჰქონდა. რაღაც მოუსვენრობა ემჩნეოდა. შემდეგში, როცა შედარებით უფრო კარგად გავიცანი, მივხვდი, რომ მოუსვენრობა მისი ხასიათის თვისება ყოფილა. არასოდეს სხვანაირი არ მინახავს. როცა უმოძრაოდ და უგუნებოდ გამოიყურებოდა, მაშინაც კი მოუსვენარი იყო. ამ თვისებას კიდევ უფრო უსვამდა ხაზს საოცრად ცოცხალი თვალები. უკვე შეჭაღარავებული შავი თმა ჰქონდა. ხშირად მინახავს სევდიანი, ფიქრში წასული. საათობით ჩუმად იჯდა ხოლმე “როტონდაში”. მინახავს ძალიან მხიარულიც.

მერე ჩემკენ მოტრიალდა და მკითხა: რომელი საათიაო…

არაფრანგული აქცენტი მქონდა…

– გეტყობაო, აქაური არ ხართ…

– დიახ… ქართველი გახლავართ. ჯორჯია თუ გაგიგონიათ?

– ოო, დიახ, დიახ… როგორ არა, გამიგონია… პარიზში რას აკეთებთ?

– მხატვარი ვარ…

– სასიამოვნოა. მე პიკასო ვარ. – მითხრა და მთლიანად ჩემკენ მოტრიალდა. გამომკითხა, როგორა ხარ, გამოფენებში თუ იღებ მონაწილეობასო. კი-მეთქი. გაეცინა. შენ უკვე წინ წასულხარო. შემდეგ გამაფრთხილა: – არ დაგჩაგრონ, აქ პარიზიაო.

მე ვკითხე, “როტონდაში” რატომ არაფერი გამოფინეთ-მეთქი… იმ დღეებში იქ ახალი ჯგუფური გამოფენა იყო.

ყველგან რომ გამოვფინო, არ შემიძლია, ვიღლები. მალე როზენბერგის სალონში ახალი გამოფენა მექნება და მობრძანდითო…

ასეთი იყო ჩვენი პირველი შეხვედრა.

ყოველ კვირა დღეს მხატვრები თავიანთ სურათებს ჰფენდნენ ბუნების წიაღში – ბულვარზე, ბაღებში, სადაც ბევრი პარიზელი და საერთოდ, ბევრი დიდად ცნობილი მხატვარი მონაწილეობდა. პიკასოც მოიტანდა ხოლმე თავის ნამუშევრებს. პიში სულ ჩიბუხი ჰქონდა გაჩრილი. დილის ექვსი საათიდან ხალხი უკვე თავს იყრიდა, შეიქმნებოდა რიგი. იყო ერთი ამბავი, გამოდიოდა გამოფენის პროგრამა. ერთხელ მე და პიკასოს ერთ კედელზე მოგვიხდა გამოფენა. ხშირად გადმომძახებდა, რა ჰქენი, როგორ მიდის საქმეო.

პარიზელებს უყვართ მხატვრობა. ასეთ გამოფენებზე კი შედარებით იაფად იყიდებოდა ისეთი მხატვრების ნამუშევრებიც კი როგორიც თუნდაც პიკასო იყო… თანაც ავტოგრაფით. ყველა ცდილობდა შეეძინა ცნობილი თუ არაცნობილი, მაგრამ მათი თვალსაზრისით, საინტერესო ნამუშევრები… იყო ერთი ხმაური. მარტო მხატვრები, ან მოქანდაკეები კი არა, კომპოზიტორებიც იღებდნენ მონაწილეობას ამ “ბაზრობაში”. მაგალითად, რომელიმე კომპოზიტორი გამოიტანდა როიალს, იქვე თხზავდა ძალიან მელოდიურ მუსიკას, ცხადია მარტივს, იქვე უკრავდა, ან მღეროდა, და ნოტებს ჰყიდდა.“

უკანასკნელი ასწლეულის საუკეთესო მხატვარი

ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მხატვარია მსოფლიოში 1973 წლის 8 აპრილს ქალაქ მუჟენში (საფრანგეთი) გარდაიცვალა.

პარიზში პიკასოს უდიდესი მუზეუმია. იქ წარმოდგენილია უდიდესი კოლექცია პიკასოს ნამუშევრებისა, მონახაზებიდან დაწყებული და დასრულებული ნახატების ჩათვლით. ეს ნამუშევრები თავად პიკასოს შეგროვებულია. თვითონ პიკასო ამბობდა კიდეც: “მე ვარ პიკასოს უდიდესი კოლექციონერი მსოფლიოშიო”.  მხატვარმა თავის ცხოვრების მანძილზე შექმნა დაახლოებით 20 000 ნამუშევარი. გარდა საკუთარი შემოქმედებისა პიკასოს კოლექციაში შედიოდა სხვა შემოქმედთა ნამუშევრები (სეზანი, დეგა, რუსო, სიურატი, მატისი). ასევე ძველი იბერიული ბრინჯაოს ნივთები (იგულისხმება პირინეის იბერია) და პრიმიტიული ხელოვნების ნიმუშებიც.

პიკასოს შრომებს ხშირად პერიოდების მიხედვით აჯგუფებენ. მიუხედავად იმისა, რომ მისი ბოლო პერიოდების სახელებზე ურთიერთშეთანხმება მიღწეული არ არის, მისი ყველაზე ერთხმად მიღებული პერიოდები იყო:

ცისფერი პერიოდი (1901—1904), სევდიანი, ცისფერი შეფერილობის ნახატები, რომელზეც გავლენა მისმა ესპანეთში მოგზაურობამ და ახლო მეგობრის გარდაცვალებამ იქონია; ხშირად აღწერს აკრობატებს, არლეკინებს, მეძავებს, მათხოვრებსა და ღარიბ მხატვრებს.

ვარდისფერი პერიოდი (1905—1907), უფრო ხალისით სავსე სტილი ნარინჯისა და ვარდისფერი საღებავებით; აქაც მრავალი არლეკინი ფიგურირებს. ამ პერიოდში პარიზში ის ხვდება ფერნანდა ოლივიეს, რომელიც მხატვრებისა და სკულპტორებისთვის მოდელირებდა, და მრავალი ნახატი გამსჭვალულია ოსტატის მოდელისადმი თბილი დამოკიდებულებით, ფრანგულ მხატვრობასთან ახლო გაცნობასთან ერთად.

აფრიკული პერიოდი (1908—1909), აფრიკული ხელოსნური ნაკეთობების ზეგავლენით; მნიშვნელოვანი ნიმუშია „Les Demoiselles d’Avignon“ (ავინიონის დიაცები).

ანალიტიკური კუბიზმი (1909—1912), ხატვის სტილი, რომელიც მან ბრაკთან ერთად განავითარა მონოქრომული მოყავისფრო ფერების გამოყენებით, სადაც მათ ობიექტები დაშალეს და „ანალიზი“ ჩაუტარეს ფორმებს. პიკასოსა და ბრაქის ამ პერიოდის ნამუშევრები ერთმანეთს ზედმიწევნით ემსგავსება.

სინთეტიური კუბიზმი (1912—1919), სტილი კოლაჟისა და ქაღალდის ნაჭრების გამოყენებით; ეს იყო სახვით ხელოვნებაში კოლაჟის გამოყენების პირველი შემთხვევა.

რამდენიმე ხნის წინ გაზეთ The Times-ის გამოკითხვით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1 400 000 ადამიანმა, პაბლო პიკასო დასახელდა ყველაზე საუკეთესო მხატვრად უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში.

                                                                                                     

ავტორი: თათია ქვილითაია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment