fbpx

ქართველი ემიგრანტი, რომელიც ამერიკის პრესტიჟულ გალერეებში ქართველ ხელოვანებს აპიარებს

ავტორი ჟოლო
773 ნახვა

ვინ არის საქართველოდან წასული ემიგრანტი, რომელიც უცხოეთში ქართველების წარმოჩენაზე ზრუნავს და ნიუ-იუორკის პრესტიჟულ გალერეებში ნიჭიერ ქართველ ხელოვანთა გამოფენებს აწყობს? 

ამჯერად გამოფენა იმართება მანჰეტენზე. 27 სეტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ქართველ მხატვრებს, მოქანდაკეებსა და ფოტოგრაფებს ჩელსიში მდებარე Landmark Arts Building-ი უმასპინძლებს.

ამ კეთილი საქმის ინიციატორი არტ-პრომოუშენ კომპანია Madatart – ის პრეზიდენტი მარიტა დამენიაა. ის ცნობილი ჟურნალისტი და არაერთი უნიკალური პროექტის ავტორი გახლავთ. 

საქართველოში ცხოვრების პერიოდში სწორედ მისი დამსახურებით განხორციელდა ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი გიგო გაბაშვილზე. საზოგადოება გაეცნო გიგო გაბაშვილის უნიკალურ და უცნობ ფოტოებს, რომელთა ნეგატივებიც მარიტა დამენიამ ამ პროექტის თანაავტორთან, მკვლევარ გოგი სარაჯიშვილთან ერთად აღმოაჩინა. ეს წლების წინ იყო, დღეს კი  ნიჭიერი ქართველი მხატვრების აღმოჩენითა და მსოფლიოში მათი პოპულარიზაციით არის დაკავებული.

jolo.ge-ის მკითხველი თავად მარიტა დამენიასგან შეიტყობს, თუ როგორ გაჩნდა ამერიკაში გამოფენის მოწყობის იდეა, როგორ ნახატებზე კეთდება აქცენტი და რას ყიდულობენ უცხოელი კოლექციონერები?

მარიტა დამენია, არტ-პრომოუშენ კომპანია Madatart ის პრეზიდენტი: ეს იდეა ერთ დღეში არ მომწიფებულა.  ვინაიდან საქართველოში რამდენიმე სერიოზული გამოფენა და პროექტი მქონდა გაკეთებული, გადავწყვიტე რომ აქაც ამ საქმით დავკავებულიყავი. გამიმართლა და ნიუ არტ ფესტივალზე ამიყვანეს, შემდეგი ნაბიჯი ამერიკელი არტისტის მარკო სტოატის სტუდიაში მუშაობა იყო, კონკრეტული პროექტის „ჩელსი გერლზ“ ის ფარგლებში მარკოს გაყიდვებში და გამოფენების ორგანიზებაში ვეხმარებოდი. გარდა ამისა, ვუკეთებდი პრომოუშენს ნიუ იორკის ყველა გალერეაში, გალერეების მფლობელებს ვაცნობდი მის ნამუშევრებს. ასეთი ტიპის შეხვედრა უამრავ გალერეაში მაქვს მოწყობილი. ამან საშუალება მომცა ვფლობდე უნიკალურ მონაცემებს  ქალაქის ყველა გალერეასა და მის მეპატრონეზე.

პროექტის დასრულების შემდეგ გადავწყვიტე შემექმნა საკუთარი არტ პრომოუშენ კომპანია. „Madatart“ აწყობს სოლო და ჯგუფურ გამოფენებს ამერიკის მასშტაბით, ასევე ეხმარება ნიჭიერ არტისტებს პირველი ნაბიჯები გადადგან თანამედროვე ხელოვნების უდიდესი ბაზრის დასაპყრობად.

– რომელ წელს მოეწყო პირველი გამოფენა ამერიკაში?

პირველი გამოფენა  2015 წელს ჩელსიში, ემანუელ ფრემინ გალერიში გაიმართა  და მასში თხუტმეტი მხატვარი  მონაწილეობდა. მომდევნო გამოფენაც ჩელსიში, ქალაქის ერთ-ერთ ძველ და კოლორიტულ ფოენიქს გალერიში მოეწყო. მას შემდეგ ამერიკაში 30-ზე მეტი გამოფენა გავაკეთე, ამ გამოფენებზე 500-მდე ქართველი მხატვრი, მოქანდაკე და ფოტოგრაფი გამოიფინა.  ვთანამშრომლობ რამდენიმე ამერიკელ კოლექციონერთან, რომლებიც სისტემატიურად მოდიან ჩვენს გამოფენებზე. იყიდება ქართველი მხატვრების ნამუშევრები და არის ამერიკულ კოლექციებში.

არის თუ არა ეს მათთვის შანსი ნიუ-იორკის საგალერიო სივრცეში თავის დამკვიდრების, როგორც ვხედავ ქართველი ხელოვანების დაინტერესება დიდია.

-დაინტერესება იმაზე დიდია ვიდრე ველოდი, მეხმაურებიან არამარტო საქართველოდან, არამედ მთელი მსოფლიოდან. ემიგრაციაში მყოფი ქართველი მხატვრებიც. ქართველი ებრაელები ისრაელიდან. რაც შეეხება თავის დამკვიდრებას, ეს ნიუ იორკში ადვილი არაა, არტისტმა აქტიურად უნდა იზრუნოს საკუთარ მარკეტინგზე, გამოფენებზე და ა.შ. რადგან აქ არამხოლოდ მხატვრის ნიჭიერება, არამედ მისი ბიოგრაფიაც ძვირად ფასობს და ნამუშევრების ღირებულებას და გაყიდვების სიხშირეს ეს  განსაზღვრავს. ცხადია ეს თითოეული მხატვრისთვის უდიდესი შანსია, რადგან არასდროს იცი, ვის შეხვდები ნიუ იორკში. მე ვეხმარები ქართველ ხელოვანებს, რომ მათ შეიქმნან ამერიკული ბიოგრაფია.

-მარიტა, როგორ ნახატებზე კეთდება აქცენტი?

-რა თქმა უნდა კარგ და საინტერესო ნამუშევრებზე … ისეც ხდება რომ მხატვარს ძლიერი ტექნიკური მხარე აქვს, მაგრამ შეიძლება ეს ის არ არის რაც ნიუ იორკში გაიყიდება. ასეთ შემთხვევაში მათ მიმართულებას ვაძლევ. ვუხსნი რა არის დღეს ბაზარზე მოთხოვნადი და ისინიც მომყვებიან. როცა მხატვარი ნიჭიერია და ძლიერია, ამას ბევრი საინტერესო რამის შექმნა შეუძლია.

-რა მოსწონთ და რას ყიდულობენ უცხოელი კოლექციონერები?

–  მოდაშია დიდი ზომის ტილოები, მუშაობისას რამდენიმე განსხვავებული ტექნიკის და მასალის გამოყენებით შესრულებული ნამუშევრები. არაორდინალური სკულპტურები. ალუმინზე გადატანილი და რეზინით შესრულებული ნამუშევრები. თუმცა აქ მაინც ყველაფრის გაყიდვა შეიძლება.

-როგორც ვიცი თქვენც ხატავთ, გამოფენთ თუ არა თქვენს ნამუშევრებსაც?

-ამ ეტაპზე თავს ვიკავებ. ზოგადად ძიების პროცესში ვარ და საკუთარი ადგილიც ვიცი( იცინის), იმხელა ამბიციები არ მაქვს რომ ასეთი ნიჭიერი მხატვრების გვერდზე საკუთარი ნამუშევრებიც გამოვჭიმო, მარტო  იმიტომ რომ ორგანიზატორი ვარ. ყველაფერს თავისი დრო აქვს… თუმცა, ერთ გამოფენაში უკვე მივიღე მონაწილეობა ჯერსი სითიში და მომდევნოსთვის მინდა უფრო საფუძვლიანად მოვემზადო.

– რამდენად სწორია გამოთქმა – ამერიკა ოცნებებს ასრულებს?

-შრომა, მოთმინება და სწორ გზაზე სიარული ნაყოფს გამოიღებს, თუმცა ბევრი აქ იმიტომ ცხოვრობს რომ ოჯახი შიმშილით სიკვდილს გადაარჩინოს. ისინი ძალიან ნიჭიერი და განათლებული ადამიანები არიან, მაგრამ იმის ფუფუნება არა აქვთ რომ საკუთარი შრომის ნაყოფს ორი-სამი წელი ელოდონ. მათ ფული სჭირდებათ, ამიტომ უფრო ფიზიკურად შრომობენ და ხშირად ამ ჩაკეტილ წრეს თავს ვერ აღწევენ, რადგან ოჯახის წინაშე აქვთ პასუხისმგებლობა. ზოგადად ემგრანტების ცხოვრება რთულია, ყველაფერი ისე არ არის როგორც შორიდან ჩანს. თუმცა, ბევრ წარმატებულ ქართველსაც შევხვდი და ეს ძალიან მახარებს.

-ამერიკიდან როგორია საქართველო და ქართველების ცხოვრება?

-აქედან რასაც თვალს ვადევნებ ძალიან მაშინებს, ქვეყანა ძალიან ნეგატიურ ტალღაზეა. ხალხი დაღლილი, განერვიულებული. ყველა კუთხიდან სიძულვილი იფრქვევა და ეს ქვეყანას უფრო და უფრო ძირავს. შორიდან ისე ჩანს რომ ქევეყანა ერთი დიდი ქვაბია, სადაც მხოლოდ უბედურება იხარშება და ეს ძალიან მტკენს გულს.

რა გენატრებათ ყველაზე მეტად?

-ნოსტალგია სულ მაქვს და მექნება. აქ ყველას საქართველოზე ვუყვები, ფოტოებს ვაცნობ, მის ისტორიას, ვუხსნი რომ ეს არ არის რუსეთი, ეს არის უძველესი კულტურის და ტრადიციების ქვეყანა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახონ.

არამარტო საქართველოს, არამედ მთელს მსოფლიოში მცოხვრებ ქართველებს მინდა ვუთხრა, ვთხოვო, უყვარდეთ და უხაროდეთ ერთმანეთი. სამწუხაროა რომ ბევრი ქართველი უკადრისობს ქართველობას, შეიძლება გამარჯობაზე დამტვრეული ინგლისურით გიპასუხონ გაოცებული სახით; უი ისევ ქართველს ვგავააარ? ამ დროს მაქსიმუმ ათი წელია რაც აქ ცხოვრობენ და უკვე მოახერხეს რომ შვილებს ენა დაავიწყეს და ქართველობა ეუკადრისებათ. ცხადია ეს ყველას არ ეხება, მაგრამ 50 % ასე იქცევა. ამასწინათ ფერეიდნელ ქართველებზე ვუყურებდი სიუჟეტს, საოცარი წნეხის მიუხედავად 400 წელი რომ შეინარჩუნეს ენა. ვფიქრობ ყველას ვინც უკადრისობს ქართველობას უნდა რცხვენოდეს მათი.

ჩემს ქვეყანას მინდა ვუსურვო გაიწმინდოს იმ შავი ღრუბლისგან რომელიც მის თავზეა მოქუფრული. დაუდგეს მშვიდობა, გათავისუფლდეს თავსმოხვეული კლიშეებისგან. ადამიანები გახდნენ მეტად ერუდირებულნი და ლაღები, მეტი გაიცინონ და ყველაფერს ეშველება.

ავტორი: დეა თავბერიძე

Jolo.ge

მსგავსი სტატიები

Leave a Comment