„როგორ მშურს იმ ფრენდების, მშობლიური ქალაქები რომ აქვთ და იქ მიდიან საახალწლოდ. რომ იცი, რომ სადღაც გელიან მთელი გულით დიდი ხნის უნახავს, შენთვის რომ ალაგებენ საგულდაგულოდ მთელ სახლს, “ბავშვი” უნდა ჩამოვიდესო. ამზადებენ და ამზადებენ საჭმელებს, ისე თითქოს ბოლო დღე იყოს..
აქეთ დედა ახვევს ტოლმას, იცის როგორ გიყვარს, იქით ბებია არჩევს ნიგოზს გოზინაყისთვის, გადამალული ჩურჩხელებიც გამოაქვს და თავისი ხელით ჩამოკრეფილ ხილთან ერთად აწყობს. იქით შეშას ჩეხავენ ბუხრისთვის ან შეშის ღუმელისთვის და თოვლისგან წმენდენ ეზოში შესასვლელს…
ყველა რომ ფაციფუცობს. ერთმანეთით დაღლილი დღეები, ჩამოსული “ბავშვით” უნდა გაიხალისონ. ამბებს დაგახვედრებენ, იმ მთისას გეტყვიან, მერე ამ მთისას. სიხარული რომ გამოხატონ, მშობლები ან ბებია-პაპა უშნოდ დაუწყებენ ერთმანეთს ხუმრობას. დილაუთენია ყველა შენზე ადრე წამოხტება და ფეხისწვერებზე დადის, “ბავშვი” რომ არ გაგაღვიძონ. შენც რაღაცნაირად ჩათბები, ჩაჭუპრდები შენს სახლში და დროებით გავიწყდება თბილისში თუ სადმე სხვა უკეთეს ადგილას დატოვებული ყოველდღიურობა და „არაბავშვობა“.
დაბორიალობ მერე ამ შენს ჩამთბარ სახლში უფუნქციოდ, ხან ძველი წიგნების კარადას მიაწყდები და მორავიას ერთ კილოიან წიგნს გადმოიღებ “ამ სახლში მოკლეს ადამიანი”, იქ ყდაგაცვეთილ და დაფურცლულ მაინ რიდის “უთავო მხედარს” წააწყდები, აქეთ შარლოტა ბრონტეს “ჯეინ ეარს”. გადმოიღებ, გადაფურცლავ, ბავშვობაში თითქმის დაზეპირებულ ფრაზებს ხელახლა გადაავლებ თვალს და გრძნობ ნელ-ნელა, როგორ გიჭერს გულზე მარწუხები და ვერ იგებ რატომ.
მერე გაიაზრებ რომ ეს ყველაფერი წარსულშია დარჩენილი და მშობლიურ სახლში ის დროებითი ჩათბობა და ჩაჭუპრებაც ილუზიაა, სინამდვილეში გულზე მარწუხები გიჭერს იმიტომ, რომ დროზე გინდა გაეცალო – ისევ შენი ყოველდღიურობა, შენი სხვა ცხოვრება გიზიდავს სხვა ქალაქში. სამი-ოთხი დღე აი ესეთი ჩამთბარი გაუგებრობა-უფუნქციობის მერე უკან ბრუნდები და სევდაც თან მოგყვება, ერთი პორტალიდან მეორეში გადასვლის სევდა, რომელიც მაშინვე ქრება, როგორც კი შუქებით აციმციმებულ შენს დიდ ქალაქს მოკრავ თვალს შორიდან…
როგორ მინდა აი ახლა, ამ წამს რომელიმე მშობლიურ ქალაქში მივდიოდე დიდ გზაზე და იქ სადღაც, მეორე პორტალში წუთებს ითვლიდნენ “ბავშვის” ჩამოსვლამდე…
ავტორი: Margot Lescaut