დღეს პირველი ოქტომბერია. მოხუცთა საერთაშოროსო დღე ანუ ბებიების და ბაბუების ანუ ყველაზე მყუდრო და უსაფრთხო თავშესაფრის.
ჩემი საყვარელი ბებია მოხუცი არ მახსოვს. ლამაზ, ლაღ და კეკლუც გოგოდ წავიდა და დატოვა მარადიულად შეყვარებული მოხუცი კაცი, რომლისთვისაც არავინ არსებობდა ამ ქვეყნად თავისი ლამაზი გოგოს გარდა. ესე იწვალა, იდარდა, უსაგნოდ იფუსფუსა, თავი იტყუა, ვერსად ვერ იპოვა თავისი ადგილი და 17 წლის მერე თავის გოგოს გაეკიდა.
მეორე ბებია ამ ზაფხულს წავიდა 93 წლის ასაკში. ყოველ დღე ნატურალურ ღვინოს სვამდა, სულ ემღერებოდა, სულ ეცეკვებოდა, სულ ესიცოცხლებოდა. საოცარი ენერგიის, გავლენის და სიძლიერის ქალი იყო. იმპერატორი იყო ალბათ რომელიმე ინკარნაციაში.
90 წლის რომ გახდა ვკითხე, გრძნობ ასაკს მეთქი? რას ამბობ შვილო, რას ვგრძნობ, ვითომც არ მიცხოვრიაო. ჰოო, მაშინ მივხვდი რომ “უჰ ნეტა მაგის ასაკამდე მიმაღწევინა” 20 წლის, 30, 40 თუ 90 წლის ყურისთვის ერთნაირი აღსაქმელია- არსებობს მხოლოდ ახლა და ამ წუთას.
“გოგი შენთან მინდა წამიყვანეო”, ისე ლიტონად ამოუშვებდა ხოლმე ხანდახან. გოგიმაც ცხრა წლის მერე წაიყვანა თავისი იმპერატრიცა.
სიცოცხლეში სულ თვალებით ეფერებოდნენ ერთმანეთს და ეს იყო ერთგვარი თეატრი, ორი მსახიობის.
ყველა მოხუც ადამიანს ვულოცავ ამ დღეს. მინდა ყველა დავსწრებოდეთ საკუთარ სიბერეს, ჩვენც, ჩვენი შვილებიც, ჩვენი შვილიშვილებიც, ჩვენი საყვარელი ადამიანებიც და უკან რომ გავიხედებით, გვეთქმოდეს ” რა კაი იყო”, გვერდზე რომ გავიხედავთ – “რა კაია” და წინ რომ გავიხედავთ, გვეთქვას “ყველაფერი ისევ კარგად იქნება”
P.s ეს წყვილი ჩემს ქუჩაზე დადის ხოლმე. დაჰკანკალებენ ერთმანეთს. ფოტოც სიმბოლურია – ზურგზე წლები და უკან მოტოვებული ახალგაზრდობა.
P.p.s დილა მშვიდობისა და გისურვებთ რომ გაღვიძება გიხაროდეთ იქ, სადაც არ უნდა იყოთ. ❤
1.10.2017 წ