“სული არის ცარიელი სივრცე ადამიანში, რომელიც ამ უკანასკნელს შეუძლია შეავსოს ან ღმერთით ან ეშმაკით”
ამ სიტყვების ავტორი 8 წლის აუტისტი გოგონაა…
სონია შატალოვა 1993 წელს დაიბადა. მას არ შეუძლია ლაპარაკი, მხოლოდ წერს, ისიც განსაკუთრებული პირობით: ხელის მტევანზე გარეთა მხრიდან, თითით უნდა ეხებოდეს დედა. ამას ორმაგი დატვირთვა აქვს-ერთი ის, რომ მორალური მხარდაჭერაა, მეორე – როცა რვეულის კიდემდე მივა, დედა თითის მიჭერით აგრძნობინებს, რომ საჭიროა ახალი სტრიქონის დაწყება.
სონია წერს საოცარ ლექსებს, ჩანახატებს და ზღაპრებს. ხოლო მისი აფორიზმები კი ძალიან პოპულარულია რუნეტში.
გთავაზობთ სონიას რამოდენიმე აფორიზმს, რომელიც მან ჯერ კიდევ 8-9 წლის ასაკში დაწერა:
სპირალი – ცეკვის პროცესში გარინდული სწორი ხაზი.
სიბრძნე – გონივრული შუალედი „მცირე“-სა და „ბევრს“ შორის.
მუსიკა – ხმებისა და ემოციების ჰარმონიული შერწყმა.
აზრი – გონების სიმამაცე, სიტყვებით გააფორმოს წარმოსახვა. ყველაზე მძლავრი ძალა სამყაროში სიყვარულის შემდეგ.
მეცნიერება – ეჭვებზე დაფუძნებული შემეცნება.
ღამე – შავი ქოლგა ვარსკვლავებით.
როლი – ეს არის ცხოვრება, რომლითაც ცხოვრობენ თამაშში.
რომანტიკა – განწყობა, როცა ყველაფერში ხედავ სასწაულს.
ზღაპარი – სულის მიერ მოგონილი ცხოვრება, როცა მას არ აწყობს რეალური ცხოვრება.
სიცილი – მოწყენილი სულის მკურნალი.
ძაღლი – ერთგულების და მორჩილების მყეფარე განსახიერება.
ქარი – ჰაერი, რომელსაც არ უყვარს სიმშვიდე.
ცხენი – დიდი, თბილი, ოთხჩლიქიანი ბედნიერება.
სირცხვილი – ცეცხლი, რომელიც წვავს ცოდვებს ადამიანის სულში.
შიში – მუხრუჭი მოქმედების გზაზე.
ადამიანი – ცოცხალი არსება, რომელსაც აქვს გონება, მეტყველება, ხელები ფეხები და უნარი გადაწყვეტილების მიღებისა, თუ როგორ გამოიყენოს ეს ყველაფერი.
“ეს მე ვარ, სონია. ახლა შემოდგომაა. შემოდგომა! ისევ სასწაული! ფერადი ფოთლების ნარნარი ცეკვა… წვიმაც კი სიხარულს გგვრის. მე ვაგემოვნებ ჯადოსნურ კერძს: შემოდგომა საკუთარ სოუსში, მორთული კვამლით და ღრუბლებით…
დღეს დედასთან ერთად ტყეში ვსეირნობდი. ძველი არყის ხის ძირას ჯუჯა სოკოები დამალობანას ეთამაშებოდნენ ჩამოცვენილ ფოთლებს. ოღონდ ვერ გავიგე, რომელი იმალებოდა: ჯუჯა სოკოები ფოთლების ქვეშ, თუ ფოთლები სოკოების შლიაპების ქვეშ…
მე დედის წინ მივდიოდი და ვესაუბრებოდი შემოდგომას: შემოდგომავ, ბრძენო შემოდგომავ, შენ დღეს ცელქობ როგორც პატარა გოგონა! რამდენი წლის ხარ ახლა? რაო, რვა წლის? შენ მეთამაშები როგორც პატარა კნუტს…
დავიღალე… მოგვიანებით გავაგრძელებ.“
P.S. სონიას შემოქმედებას შეგიძლიათ გაეცნოთ მისსავე საიტზე:https://sofijashatalova.jimdo.com/