„უსაზღვროდ მიყვარს ჩემი დაფშტვენილი ქვეყანა. ამ ქვეყანაში განვიცდი ყველაზე მეტ პირად გრძნობას, ამ ქვეყანაში ვიცინი და ვტირი, ამ ქვეყანაში ვბრაზობ და ვხარობ, ამ ქვეყანაში ვუყვარვარ და ვძულვარ…
ამ ქვეყანაში ვსუნთქავთ მე და ჩემი მეგობრები ერთნაირად მოწამლულ ჰაერს, ამ ქვეყანაში ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე ისტერიული ხალხი, რომელსაც არ შეუძლია ზრდასრული აზრის ქონა და განცდის მონელება, ჩაღრმავება, ზედაპირზე ტეხენ ვაიუშველებელს და მიღმა რჩებათ მთავარი და ნამდვილი პრობლემები.
ისტერიულობაა ამ ქვეყნის მოსახლეობის ხსნაც, რომ არ გადაიწვან ადამიანები ამდენი ნამდვილი პრობლემისგან და ტრაგედიისგან, ვერ ჩავიდნენ აზრით და გრძნობით ტკივილის სიღრმეში და ჩაანაცვლონ ნამდვილი ტკივილი იმ უმნიშვნელო განცდებით, რომლის მონელების უნარიც აქვთ და ისტერიულობაა ამ ქვეყნის მოსახლეობის პრობლემაც, – სიღრმისეული განცდის გადამუშავების გარეშე სულიერ გარდატეხას რომ ვერ ახერხებს და ერთ ადგილს ტკეპნის დიდხანს.
მიყვარხარ ჩემო სამშობლო, ბავშვს გავხარ, სათამაშოს რომ მიაჩეჩებენ, უფროსები რომ არ შეაწუხოს და შენც გაწყობს, იყო ბავშვი. საყვარელი ხარ, ზედმეტად საყვარელი.
ნათია ფანჯიკიძე