“ეს წიგნი შენთვისაა ჩემო მკითხველო და მათთვისაც, ვისაც დღეს არ ულხინს, უიმედოდაა, უჭირს -სულიერად თუ ფიზიკურად. ეს წიგნი არის გამამხნევებელი, იმედის მომცემი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუკი დაისახავთ მიზანს, მას არ უღალატებთ სიზარმაცითა და უიმედობით… ცხოვრებისეულ რთულ მომენტებში ხელს არ ჩაიქნევთ- ბრძოლას კი ყოველთვის აქვს აზრი.”- ეს ანოტაციაა წიგნისა- “ყველა ფერი ბავშვობიდან იწყება”, რომელიც დღის სინათლეს რამდენიმე დღეში იხილავს. წიგნის ავტორი გახლავთ დონარი სამადაშვილი- პერსონალური ქოუჩი პიროვნული ზრდის საკითხებში.
– დონარი, როდის დაიწყეთ წერა და რას გვეტყვით თქვენს სადებიუტო წიგნზე?
-წერა 2015 წელს დავიწყე, პატარა სტატიებით მოტივაციაზე, პიროვნული ზრდის თემებზე. ჩემი მოთხრობები და სტატიები სხვადასხვა ინტერნეტჟურნალშია გამოქვეყნებული. “ყველა ფერი ბავშვობიდან იწყება” ჩემი პირველი საავტორო წიგნია, თუ არ ჩავთვლით ჩემი რედაქტორობით გამოცემულ ლიანა ისაკაძის წიგნს. წერა პანდემიის დროს დავიწყე. იმ პერიოდში სახლში ვიყავი სამსახურში დისტანციურად ვმუშაობდი და მეტი დრო მქონდა საფიქრალად და მუზა თავისთავად მოდიოდა. ამ პროცესმა 2 წელს გასტანა. გზადაგზა ცხოვრებისეული სიახლეები ცვლიდა წიგნის შინაარს. თუმცა ძირითადი ძარღვი უცვლელი დარჩა.
–ვის ეკუთვნის იდეა და როგორი იყო წიგნზე მუშაობის ორი წელი?
-წიგნის- “ყველა ფერი ბავშვობიდან იწყება” იდეა გიორგი შეშაბერიძეს და მის დედას მაიკოს ეკუთვნის. გიორგი ჩემი შვილის- ანას კლასელი იყო და მშობლები ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. ჩვენი დაახლოება კლასის ექსკურსიაზე მოხდა, იმ დღიდან ჩვენ ახლო მეგობრები გავხდით. ხომ არიან ადამიანები ვისთანაც არანაირი ნათესაური კავშირი არ გაქვს, მაგრამ რაღაცნაირად შენიანია, გული შეგტკივა მათზე და გინდა რომ ხშირი კონტაქტი გქონდეს. რაღაც პერიოდის შემდეგ მე და ჩემი შვილი, უკან, თბილისში დავბრუნდით საცხოვრებლად და ჩვენს შორის კავშირი ისეთივე ინტენსიური აღარ იყო.
მალევე მაიკოსგან კარგი სიახლე შევიტყე, რომ კანფეტების ბიზნესი დაიწყეს და რომ ეს იდეა გიორგის ეკუთვნოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, კი მითხრეს რომ თბილისში გადმოდიოდნენ საცხოვრებლად, რა თქმა უნდა, გამეხარდა, ერთ ქალაქში ადვილად შევძლებდით ერთმანეთის ნახვას. ასეც მოხდა. დაიწყო პანდემია ყველა ჩავიკეტეთ და ახლა უკვე ერთმანეთის გამხნევება სხვაგვარად გვიხდებოდა — ხშირი სატელეფონო კონტაქტებით. ერთ დღეს, მორიგი სატელეფონო საუბრისას მაიკომ თავისი სურვილი გამანდო, დაწერილიყო წიგნი მათ ბიზნესზე. მე იდეა მოვუწონე. ამ საუბრიდან რამდენიმე დღეში მაიკო კვლავ დამიკავშირდა და გამაცნო გიორგის გადაწყვეტილება წიგნის შექმნის თაობაზე. მან მითხრა რომ სწორედ მე უნდა დამეწერა ეს წიგნი და არა ვინმე სხვას, რადგან მე ყველაზე კარგად ვიცოდი ყველა ის სირთულე რაც მათ ამ ბიზნესის შექმნისას გამოიარეს. მე უარი ვუთხარი. გიორგი კი დაჟინებით მოითხოვდა წიგნი მის შესახებ მე დამეწერა. დიდი ყოყმანის შემდეგ დავთანხმდი. დავიწყე წერა. ჩემდა გასაოცრად იდეები თავისით მოდიოდა. რამდენიმე თავი წასაკითხად მათ გავუგზავნე. ისინი აღფრთოვანებულები დარჩნენ. ასე შედგა ჩვენი თანამშრომლობა.
–უფრო კონკრეტულად რაზეა წიგნი და რა ასაკის მკითხველზეა გათვლილი?
-წიგნი განკუთვნილია 9 წლის ასაკიდან ზემოთ მკითხველებისთვის. წიგნში მოთხრობილია გიორგის ცხოვრების ისტორია. გიორგი არის პატარა, ნიჭიერი ბიჭი, რომელმაც 9 წლის ასაკში შექმნა ქართული კანფეტი “დორა”, რომელიც შემდეგ ბრენდად აქცია. სხვათაშორის გიორგი “Shark Tank”-ის პროექტის გამარჯვებულია. ეს წიგნი არის მოტივაცია და სიხარულის ნაპერწკალი სწორედ იმ იდეის გასაღვივებლად, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს თქვენს გონებაში გაიელვებს და დაგეხმარებათ ამ ნაპერწკალის დიდ ცეცხლად – ძლიერ ენერგიად გადაქცევაში, მერწმუნეთ, თქვენ ვეღარაფერი შეგაჩერებთ ამ ქვეყანაზე. ყველა გარბის საზღვარგარეთ და აქ თავის ქვეყნის აშენება არავის უნდა. გიორგის მაგალითია ის რომ თუ მოინდომებ გამოგივა შენს ქვეყანაშიც. ასევე არის ადამიანებზე და ადამიანურობაზე, რომლის დეფიციტსაც ასე მწარედ განვიცდით დღეს ჩვენ ყველანი. წიგნს, რომელსაც წარმოგიდგენთ არის იმედზე, რომელმაც ჩემი ღრმა რწმენით, უნდა გადაარჩინოს ათასობით ადამიანი ნიჰილიზმის და უსამართლობის განცდისგან, რომელმაც თვალები აუხვია და უფსკრულისკენ მიერეკება ყველას — განურჩევლად ასაკისა, სქესისა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საბოლოოდ საზოგადოება ინერტულობის და უიმედო გზებზე ატაროს.
–წიგნის წარდგენა როდისთვის იგეგმება?
-წიგნი ახლა სტამბაშია და სავარაუდოდ ერთ კვირაში იხილავს დღის სინათლეს.
–და მაინც, რა ფერია ბავშვობა?
-ბავშვობა ყველა ფერია.
–რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი საავტორო ნამუშევრით და ისევ აპირებთ თუ არა წიგნების წერას?
-რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ. გაგრძელებას ვაპირებ ამ მიმართულებით, პარალელურად ვმუშაობ მხატვრულად დაწერილ ორ ნამდვილ ამბავზე. სამამულო ომის დროს, ქართველ ჯარისკაცს უკრაინელი ქალი შეუყვარდა, ისინი ერთმანეთს ავსტრიაში შეხვდენენ. ქალი კაცს საქართველოში არ გამოჰყვა, ორსულმა შვილი გააჩინა. ქართველმა კაცმა ამის შესახებ არეფერი იცოდა. ეს ამბავი ქალის შვილიშვილმა მომწერა მესინჯერში, ჩემს ახლობლებს ვეძებო, სამადაშვილი იყო ეს კაცი გვარად. მე ვაპოვნინე ერთმანეთი, თუმცა, ბებია და ბაბუა აღარ იყვნენ ცოცხლები. შვილიშვილები შეხვედნენ ერთმანეთს და დღესაც კონტაქტობენ. უკრაინის ომის დროს აქ იყვნენ ორი თვე. 1945 წელს დაწყებული ისტორია 2015 წელს ბედნიერად დასრულდა.
რაც შეეხება მეორე წიგნს, ესეც რეალური ისტორიაა. ახალგაზრდა გოგოს ეხება, რომელიც თურქეთში წავიდა სამუშაოდ. იქ კაცი გაიცნო და შეუყვარდა. წიგნში აღწერილია საქართველოს 90 იანი წლების სიდუხჭირე.
ავტორი: ნინო გონგაძე