fbpx

დღეს სწორედ ის დღეა, როდესაც ჩვენ ვისწავლით — ოცნებას!

ავტორი ჟოლო
342 ნახვა

შინაგანი მენტალურ-ემოციონალური არხების გასუფთავებამდე, ოცნებას არ აქვს ძალა… სწორედ მაგიტომ არის ეს ნაბიჯი მესამე და არა პირველი [ბევრი ტრენერის მიერ შემოთავაზებული სისტემისგან გასხვავებით].

დღევანდელი მოცემული ტექნიკის შესრულების შემდეგ, შენ გაგიჩნდება ნათლად ფორმულირებული მიმართულების ხედვა, საითაც დაიწყებ მოძრაობას.

იმიტომ ვახდენ ამის ხაზგასმას, რომ როგორც აღმოჩნდა, ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ოცნება რაღაც ბუნდოვან, არარეალურ და ზეაღმატებულ მოვლენასთან ასოცირდება. შედეგად, ჩვენ არასოდეს ვიცით ზუსტად, ვცხოვრობთ უკვე ოცნებაში, თუ კიდევ ცოტა უნდა გავიჭირვოთ. ჩვენ არ ვიცით, როგორ გამოიყურება ჩვენი ოცნება.

ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენ დავეშვებით ღრუბლებიდან მიწაზე და დავიწყებთ ჩვენი ამორფული წარმოდგენების კრისტალიზებას, რომელიც გვაქვს წარმატებასთან და სიმდიდრესთან დაკავშირებით.

“ოცნებები ცხოვრებას სძენენ ინტერესსა და აზრს. ოცნება, თუ ის თანმიმდევრული და ცნობიერია, კიდევ უფრო ლამაზი ხდება მაშინ, როცა რეალურ სამყაროში მჟღავნდება!” ანატოლი ფრანსი

ფილმში “საიდუმლო”, ამ საკითხს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა, მაგრამ ოცნების ფორმულირების კონკრეტულ ინსტრუქციას არ გვთავაზობენ.

ამიტომ ჩვენ ახლა ავდგებით და იუველირული სიზუსტითა და თანმიმდევრულობით გავივლით ერთ-ერთ საკვანძო ნაბიჯს, რომელსაც ადამიანების მხოლოდ შემდგარი და წარმატებული  უმცირესობა აკეთებს.  ადამიანების  ხელმოცარული და ლუზერი აბსოლუტური უმრავლესობა არასოდეს აკეთებს იმას, რასაც ახლა მე შემოგთავაზებ. ლუზერებს ფიზიკურად არ სცალიათ საკუთარი ჭეშმარიტი სურვილების გამომჟღავნებისა და მათი ალგორითმიზირებულ სისტემად აკინძვისთვის. ისინი აუცილებლად გამონახავენ დროს, რომ დაგცინონ, გაგაკრიტიკონ, წაიმორალისტონ, მაგრამ არასოდეს ექნებათ საკუთარ ოცნებებზე მუშაობის დრო.

ახლა კი, მისი უდიდებულესობა… ტექნიკა: “ოცნების კარკასი”

ნაბიჯი #1. სურვილის განსაზღვრა

ჩვენი ცხოვრება არ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსებით ან მხოლოდ სულიერებით, ის მრავალწახნაგიანია. ნამდვილი წარმატება ნიშნავს — იყო ჰარმონიული და დაბალანსებული ყველა სფეროში. ეს აბსოლუტურად ნორმალური და რეალურია.

ამიტომ მოდი, ჩამოვწეროთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური სფეროები, რომლებშიც გვინდა განვითარება:

პერსონალური  [სულიერ-პიროვნული] განვითარება;

ოჯახი და პირადი ცხოვრება;

ჯანმრთელობა და ფიზიკური ფორმა;

ადამიანებთან ურთიერთობა და დასვენება;

ფინანსები [ბიზნესი/კარიერა];

ჰობი და ცხოვრების სტილი;

კომფორტი.

შენ შენი პრიორიტეტებისამებრ მიუმატე ან გამოაკელი ამ სიას სფეროები. ამასთან, ვწერთ დროის ორ განზომილებაში: მოკლევადიანი [მიმდინარე წელს] და გრძელვადიანი [5, 10, 20 წელი].

დაუსვი საკუთარ თავს შემდეგი კითხვები, რომლებიც დაგეხმარება შენი შინაგანი, ვირტუოზული ფანტაზიის გამოთავისუფლებაში:

რას ინატრებდი, არანაირი შეზღუდვა რომ არ გქონდეს [დროის, ფიზიკური, ფინანსური] და მსოფლიო რესურსის მფლობელი რომ იყო?

რას შეიძენდი, ყველაფერს ერთი და იგივე, შენთვის ხელმისაწვდომი ფასი რომ ჰქონდეს?

რის მიღწევას ისურვებდი, მილიარდი დოლარი რომ გქონდეს?

რით დაკავდებოდი, ყოველდღიურად საარსებო პურის მოპოვების საჭიროება რომ არ გქონდეს?

ნაბიჯი #2. გასუფთავება

ახლა კი, ვიღებთ შენს მიერ, პირველ ნაბიჯში გაცემულ პასუხებს და თითეულს ვუსადაგებთ შემდეგ შეკითხვებს, რომლებსაც გულწრფელად უნდა უპასუხო [თითოეულ პუნქტს]:

რაში მჭირდება მე ეს?

რას მოუტანს სამყაროს?

რას მომიტანს მე?

ამ კითხვებზე გაცემულ პასუხებს წარმოუდგენლად დიდი მნიშვნელობა აქვს. მათ გარეშე, შენ ვერ შეძლებ სწორი მიზნის განსაზღვრას, რადგან დღეს ადამიანში სურვილების 99% თავსმოხვეულია და არანაირ ენერგიას და საზრისს არ მოგცემს მათ მოსაპოვებლად რბოლა.

ამ კითხვებით, ჩვენ ფაქტიურად, ვასუფთავებთ მწიფე მარცვლებს ჩენჩოებისგან. თუ კარგად იმუშავებ, დაინახავ, რა არის ნამდვილად შენი და რა — სხვა ადამიანების, სერიალებისა და წიგნების მიერ თავს მოხვეული.

როდესაც უპასუხებ ამ კითხვებს, შეეცადე, გააცნობიერო და განიცადო, თუ რა გინდა სინამდვილეში. მაგალითად, თუ შენი სურვილია ავტომობილის შეძენა, მაშინ გულწრფელად უნდა უპასუხო — კონკრეტულად, რაში გჭირდება, რა მიზნებისა და ამოცანების გადაჭრაში უნდა დაგეხმაროს ის. შესაძლოა, ის მოდელი, რომელზეც შენ ოცნებობ, საერთოდაც არ შეესაბამებოდეს შენს რეალურ მოთხოვნილებებს.

ნაბიჯი #3. კარკასი

ახლა კი, მოდი, შენი ფანტაზიები 7 საკვანძო წახნაგის მიხედვით შევამოწმოთ.

ეს წახნაგებია:

მნიშვნელოვანი და ფასეული;

კონკრეტული და ფაქტობრივი;

გაზომვადი მენტალური სლაიდი;

მიღწევადი;

შედეგზე ორიენტირებული;

დროში შეზღუდული;

გაშალაშინებული.

მნიშვნელოვანი და ფასეული

შენი მიზანი უნდა იძლეოდეს ამომწურავ და ემოციონალურ პასუხს კითხვაზე: “რატომ არის ეს მიზანი ჩემთვის მნიშვნელოვანი?” სწორედ ეს ემოცია [მისი არსებობა] მოგცემს იმ ენერგიას, რომელიც სასწაულებს მოგახდენინებს. ამ ემოციის არ არსებობის შემთხვევაში, შენ ნაბიჯსაც არ გადადგამ, როცა სამყარო დაგტესტავს, თუ რა გამძლე მასალისგან ხარ გამოძერწილი და რამდენად მზად ხარ, გადაიხადო საფასური მიზნის მისაღწევად.

კონკრეტული და ფაქტობრივი

გახსოვდეს, რომ — ზოგადი ფრაზებიც არ მუშაობს. “მინდა, ვიყო წარმატებული” — მიზანი არ არის. ახლავე აგიხსნი, რატომაც. ალბათ, არაერთხელ გისარგებლია საძიებო სისტემით ინტერნეტში. ალბათ, სიტყვა “რელევანტურობაც” ნაცნობია შენთვის.

რელევანტურობა — ეს არის საძიებო სისტემაში შეყვანილი საკვანძო სიტყვებისა და იქ არსებული ინფორმაციის შესაბამისობის ხარისხი, ანუ ძიების ობიექტისა და საკვანძო სიტყვების თანხვედრა და მათი თახვედრის მიერ მიღებული ზუსტი თუ არაზუსტი შედეგი.

მაგალითად, სიტყვა “ვიდეო” უამრავ საიტზე გვხვდება… ამ სიტყვას აქტიურად იყენებს სხვადასხვა ინტერესის მქონე საიტი… სიტყვა “ვიდეო” შეიძლება შეგხვდეს, როგორც პოლიტიკურ, ისე სპორტულ საიტებზე. მაგრამ, როდესაც შენ წერ სიტყვა “ვიდეოს”, ალბათ, რაღაც კონკრეტულს ეძებ და არა — ნებისმიერ ვიდეოს.

თუ ჩაწერ მხოლოდ “ვიდეოს”, საძიებო სისტემა ამოაგდებს ყველაფერს, რაც კი ამ საკვანძო სიტყვასთანაა კავშირში, მაგრამ თუ ჩაწერ, მაგალითად: “ინტელექტიკას ვიდეო გაკვეთილები”, საძიებო სისტემა სწორედ შენი მოთხოვნის რელევანტური მონაცემების ინდექსირებას მოახდენს, პირველ რიგში. ეს უკვე სულ სხვა თემაა.

იგივე პრინციპი მოქმედებს აქაც. შენ გინდა საკუთარი ავტომობილი? მაშინ ცოტა მეტად გაისარჯე და კონკრეტულად აღწერე. განსაზღვრე კონკრეტული მარკა, ფერი, ძრავის მოცულობა, სალონის ფერი და ა.შ.

ოცნება უნდა იყოს მაქსიმალურად კონკრეტული და ფაქტობრივი. ის იმდენად კონკრეტული უნდა იყოს, რომ თვალებს რომ დახუჭავ, უნდა ხედავდე საკუთარ ოცნებას, თანაც კონკრეტულ ფერებსა და ფორმებში. შენ უნდა შეგეძლოს, განიცადო ის კონკრეტული შეგრძნება, რომელსაც სიცხადეში განიცდი.

გაზომვადი მენტალური სლაიდი

სამწუხაროდ, მიზნების დასახვის უამრავი სისტემა, რომლებსაც დღეს გვთავაზობენ, მხოლოდ ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს, ლოგიკური ნაწილის აქტივაციას ახდენს, ხოლო მარჯვენა — ვიზუალური ნაწილი, რომელიც ბევრად უფრო ძლიერი და მნიშვნელოვანია — ფაქტიურად, იგნორირებული რჩება. კონკრეტულობასთან იდეურად ძალიან ახლოა გაზომვადობა. როგორც ბრაიან ტრეისი ამბობს: “რაც გაზომილია, ის მიღწეულია!”

უმრავლესობას რომ ჰკითხო, გეტყვის, რომ უნდა “ბევრი ფული”, მაგრამ “ბევრი” რამდენია? ის, რაც ბევრია ერთისთვის, შეიძლება სასაცილოდ არ ეყოს მეორეს. ამიტომ, პირველ რიგში, შენ უნდა იცოდე კონკრეტული ციფრები და ფაქტები.

მაგალითად, ბიზნეს-მიზანი შესაძლოა, ასე გამოიყურებოდეს: “საიტის ტრაფიკი გავზარდოთ დღეში 5 ათას ვიზიტორამდე. ხელმომწერთა რაოდენობა გავზარდოთ 25 ათასამდე. კონვერსია გავზარდოთ 15%-ით. საშუალო ჩეკი გავზარდოთ 15%-ით. წლის განმავლობაში, სუფთა მოგება გავზარდოთ 150%-ით”.

რა თქმა უნდა, ეს მიზანი ერთგვარი ჰიპოთეზაა, რომელსაც ჯერ კიდევ დამტკიცება სჭირდება, მაგრამ ეს არის ის, რისი დათვლაც შესაძლებელია. დათვლისა და ანალიზის შემდეგ კი, ზუსტად გეცოდინება მუშაობს თუ არა ის… იმიტომ რომ, რასაც შედეგად მიიღებ, სწორედ ეგ იქნება ფაქტი, რომელიც განსაზღვრავს შენს სიზუსტესა და ძალას.

სწორედ ასეთი სიცხადეა საჭირო, მიზნისკენ სწრაფი და ეფექტურად მოძრაობისთვის. სხვა სიტყვებით, კონკრეტიკა, ფაქტობრიობა, გაზომვადობა და მენტალური სლაიდი, რომელიც საშუალებას გაძლევს, წარმოსახვაში დაინახო ყველაფერი, შენ ნებისმიერ მომენტში მოგცემს რაციონალური ანალიზისა და კორექციის საშუალებას.

სხვა შემთხვევაში, შენ ვერ შეძლებ ნათელი პასუხის გაცემას კითხვაზე: “მიაღწიე მიზანს?” ან “მიუახლოვდი მიზანს?” როცა შენი სურვილი ზოგადი და ბუნდოვანია, მაგრამ შენ შეგიძლია, ზუსტად განსაზღვრო, სად ხარ, როცა ზუსტად იცი, საით მიდიხარ.

მიღწევადი

შენი მოკლევადიანი სურვილი შენს გონებაში უნდა ეტეოდეს. რა თქმა უნდა, შეიძლება ისურვო 10 მილიონი დოლარი ერთ დღეში, მაგრამ ამისთვის, თუ უორენ ბაფეტი არა, სულ მინიმუმ, რიჩარდ ბრენსონი მაინც უნდა იყო… მაგრამ თუ ამხელა მასშტაბები შენთვის ადრეა და ჯერ ინდ.მეწარმეც კი არ დაგირეგისტრირებია, ჰკითხე საკუთარ თავს: იტევს თუ არა შენი სულიერი, მენტალური, ემოციონალური და ფიზიკური კონტექსტი იმ ოცნებას, რომელიც გსურს.

გრძელვადიანი ოცნება შეიძლება იყოს ძალიან დიდი და მხოლოდ დროის ჩარჩოებში მოქცეული. ჩარჩოებს შენ თავად განსაზღვრავ: საკუთარი ვილა ბალის კუნძულებზე… როდის? 1 წლის, 5 წლის, თუ 10 წლის შემდეგ? რომელი უფრო რეალურია შენთვის?

ორიენტირებული შედეგზე

თუ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს წარჩინებით გაართმევ თავს, შენ აღარანაირი ეჭვი არ უნდა დაგრჩეს იმისა, რომ ოცნება ნამდვილად შენი, რეალური და მიღწევადია. ეჭვი და ურწმუნობა ისე გაქრება, როგორც ფანქრის მიერ გაკეთებული მკრთალი ხაზი, საშლელის გადასმის შემდეგ.

არსებობს ტექნიკა:

“გამარჯვების ნაპერწკალი”

ახალი მიზნის რეალიზების წინ, შენ უნდა დაჯდე და გაიხსენო რომელიღაც ემოციური მომენტი/მომენტები, როდესაც რაღაც კარგი ხდებოდა შენი ძალისხმევით და შედეგად, შენ იმარჯვებდი. გაიხსენე ყველა კონკრეტული დეტალი. რას ხედავდი, რა გესმოდა და რას გრძნობდი? რაც უფრო ნათელი და ემოციურად შეფერილი იქნება შენი წარმოსახვა, მით უფრო დიდ ენერგიას მიიღებ ახალი მიზნის მისაღწევად, ხოლო ენერგია — ეს ის მთავარია, რაც განსაზღვრავს, მიაღწევ თუ არა დასახულ მიზანს.

შემდეგ კი, დგები და იწყებ კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული, ნათლად გაზომილი და ცნობიერი ნაბიჯების გადადგმას.

დროში შეზღუდული

ეს იმას ნიშნავს, რომ შენ უნდა განსაზღვრო კონკრეტული და რეალური ვადები, როდისთვისაც გსურს დასახული მიზნის მიღწევა. შემდეგ კი, დისციპლინირებულად მიყვე წინასწარ განსაზღვრულ პარამეტრებს. ასე თუ არ მოიქცევი, შენი მენტალურ-ემოციონალური კონფიგურაცია ძალიან მალე გაქარწყლდება და დაიკარგება.

გაშალაშინება

ბოლოს კი, როდესაც თითოეულ ნაბიჯს გულწრფელად გავივლით, ვდგებით და დიდი ემოციით ვკითხულობთ ყველაფერს, რაც შევქმენით. შენი ამოცანაა, გამოააშკარაო ნეგატივი და პესიმიზმი და როგორც ხელოსანი, თავისი ბასრი შალაშინით, ზედმეტი ხიჭვებისა და სიბინძურისგან ასუფთავებს სამუშაო ხის ნაჭერს, შენც სრულად გაასუფთაო შენი ოცნება ხიჭვებისგან.

პრაქტიკამ ნათლად დამანახა, რომ ადამიანების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ზუსტად იცის, რა არ უნდა და წარმოდგენაც კი არ აქვს, თუ რა უნდა. საუბრისას, ხშირად მესმის: “მე არ მინდა ვიყო ცუდად”, “არ მინდა ვიყო ღარიბი” და ასე უსასრულობამდე… მაგრამ ეს მიზანი არ არის.

საერთოდ, ნებიმიერი წარმატება, ეს არის მოძრაობა A წერტილიდან B წერტილის მიმართულებით და ჩვენ ვერაფერს გავხდებით, თუ არ ვისწავლით ეფექტურ კომუნიცირებას საკუთარ არაცნობიერთან. სწორედ არაცნობიერი გვაძლევს ენერგიას იმისათვის, რომ წარმოუდგენლად დიდი და გამაოგნებელი ნაბიჯები გადავდგათ ცხოვრებაში… და თუ არაცნობიერისთვის საზრისი ბუნდოვანი და გაუგებარია, ის უბრალოდ, ბლოკავს და არ გვაძლევს ენერგიას… ესეც შენი სიზარმაცის, შიშის, საბოტაჟისა და მისთანების მთავარი მიზეზიიიც.

არაცნობიერს არ ესმის და საერთოდ ვერ აღიქვამს “არ” ნაწილაკს… და როდესაც შენ ამბობ: “მე არ მინდა ვიყო ცუდად”, მას ესმის: “მე მინდა ვიყო ცუდად” – “არ” ნაწილაკი იფილტრება.

ასე რომ, მოგიწევს გარჯა და საკუთარი სურვილის ნეგატივისგან გაშალაშინება.

ოცნება ბიზნეს-გეგმასავითაა. კარგად დამუშავება და დეტალიზება — წარმატების გარანტია!

საკუთარი ოცნების, მოცემული კრიტერიუმების მიხედვით, დამუშავებით, შენ გეზრდება თავდაჯერებულობა და რესურსულ მდგომარეობაში იწყებ ოცნებისკენ მოძრაობას.

გიორგი თვალაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment