24 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, გამოჩენილ მხატვარ ზურაბ ნიჟარაძეს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ასევე გაიმართა სახალხო მხატვრის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის ზურაბ ნიჟარაძის 85 წლისთავთან დაკავშრებული წიგნი-ალბომის პრეზენტაცია. წიგნი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქ.თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობითა და მხადრაჭერით გამოიცა.
ზურაბ ნიჟარაძის საიუბილეო ალბომი ორენოვანია (ქართულ-ინგლისური) და ის მხატვრის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს თარიღებსა და შემოქმედების პერიოდებს აერთიანებს. კატალოგში შესულია ზურაბ ნიჟარაძის ძველი და ახალი ნამუშევრები. პროექტის ავტორი, ალბომის შემდგენელი და დიზაინერი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გიორგი ჯანბერიძეა.
ალბომი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს „სახვითი ხელოვნების განვითარების 2013 წლის პროგრამის“ ფარგლებში გამოიცა.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე, პროექტის ავტორი გიორგი ჯანბერიძე და მოწვეული სტუმრები.