საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში თეიმურაზ წიკლაურის საიუბილეო საღამო გაიმართა, რომელიც მომღერლის 45 წლიან მოღვაწეობას მიეძღვნა.
,,დიდი მადლობა დავით ოქიტაშვილს, რომ ამ ასაკში ,,ვარსკვლავ-ბიჭუნა“ გამხადა“ – ამ სიტყვების შემდეგ შესრულებული ცნობილი სიმღერით – ,,გული არა ბერდება“ თემურ წიკლაურმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დღესაც ისეთივე ენერგიულად და შემართებით გამოდის სცენაზე, როგორც წლების წინ.
როგორც საღამოს წამყვანმა, ნუგზარ კვაშალმა აღნიშნა, თემურ წიკლაური უნიკალური მომღერალია, რომელსაც რეპერტუარში 20-ზე მეტი ჰიტი აქვს. მათგან მომღერალმა მსმენელისთვის განსაკუთებულად საყვარელი სიმღერები შეასრულა: ,,გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარ“, ,,დედა“, ,,არავითარი სხვა სამშობლო“ და ა.შ. თითოეული სიმღერის წინ კი მისი შექმნის ისტორიას იხსენებდა და ჩვეული იუმორით ახალისებდა მსმენელს. თუმცა მხიარულ განწყობას ზოგჯერ სევდაც ცვლიდა, განსაკუთრებით, გარდაცვლილი ,,ივერიელების“ გახსენებისას. ანსამბილის ზოგიერთი წევრი დარბაზიდან გულშემატკივრობდა მეგობარსა და პარტნიორს. სცენაზე კი თემურ წიკლაურთან ერთად ახალგაზრდა მომღერლებიც გამოვიდნენ – გიორგი ბოლაშვილი, ქეთი წიკლაური, ტატო გოდერძიშვილი, სოფო და ბორის ბედიები.
საღამო თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით გაიმართა.
კონცერტი საქველმოქმედო იყო – კულტურის პალატისა და თავად თემურ წიკლაურის სურვილით, ბილეთები არ იყიდებოდა, იგი მოსაწვევების სახით დარიგდა.
კონცერტის ბოლოს, ფილარმონიის წინ კიდევ ერთი – თეიმურაზ წიკლაურის – ვარსკვლავი გაიხსნა.