ხდება ისეც, რომ მცირე წვრილმანებს შეუძლია დიდი სიხარულის მონიჭება.
რამდენიმე დღის წინ ქაღალდის თვითმფრინავი გავაკეთე, წარწერებით:
“ამ ქალაქს აკლია სიყვარული.”
“შენი სიყვარული გადამდებია, გადასდე, რაც შეიძლება მეტ ადამიანს.”
და მუზეუმში “გავაფრინე” – იქვე მდგომ ხეზე შემოჯდა (ტოტებში გაიხლართა).
დღეს ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ ზოგიერთ ადამიანს უბრალოდ სიხარულის არსებობაც კი ჰყოფნის სიხარულისთვის, ხოლო ზოგიერთს ღმერთიც რომ გამოეცხადოს – ესეც არ ეყოფა.
ამ ფიქრებიდან ბავშვის ხმამ გამომიყვანა. დამთვარიელებლები იყვნენ, ეროვნებით რუსები – მამა, დედა და შვილი. ქართულად მომესალმნენ. გამიხარდა. მე ჩემი დამტვრეული რუსულით მივესალმე. ამ დროს პატარა გოგონა ჩემსკენ შემობრუნდა – ხელში ქაღალდის თვითმფრინავი ეჭირა. დიახ, ის თვითმფრინავი. იმ წარწერებით. ჯერ გამიკვირდა (რა თქმა უნდა ლოგიკური ახსნა ექნება ამ ყველაფერს, მაგრამ ფაქტია, თვითმფრინავი მთავარი გზიდან მოშორებით, ტყეში, ერთ-ერთ ხეზე შემოჯდა, ეს ოჯახი კი სრულიად სხვა მხრიდან მოვიდა ჩემამდე) – შემდეგ გამიხარდა. ძალიან მაგრად გამახარა ამ თვითმფრინავიანმა გოგონამ.
ხოდა, მოვდივარ გახარებულ-გაღიმებული სამსახურიდან. ამოვედი 300 არაგველის მეტროდან, მივდივარ გასასვლელისკენ და ვხედავ 13-14 წლის გოგონას, რომელიც 7-8 ნაბიჯით წინ იყო ჩემგან, გასასვლელში გადის, ბრუნდება, მხედავს რომ მეც იქით მივდივარ და იჭერს კარს იქამდე, სანამ მეც არ გავალ. ძალაუნებურად მეც იგივე მოვიმქომედე და იქამდე მეჭირა ეს ვეება შუშისა და რკინის კარი, სანამ ჩემს უკან მოსიარულე არ წამომეწია, თქვენ წარმოიდგინეთ და იმანაც იგივე გააკეთა და ასე გადაგვედო სიკეთე და სიყვარული “ერთ ესკალატორ ხალხს”!
ვიღაცა იტყვის, რა ნახა ამ კაცმა ამ ამბებში ასეთი, რომ ყველას გვიყვებაო, მაგრამ იქნება ისეთიც, რომელსაც გადაედება ეს ჩემი ბავშვური სიხარული და ერთხელ მაინც გააღიმებს.
ხოდა ამად ნამდვილად ღირდა ამ ყველაფრის მოყოლა.
ამ ქალაქს აკლია სიყვარული!
შენი სიყვარული გადამდებია,
გადასდე, რაც შეიძლება მეტ ადამიანს!
თორნიკე ნაროზაული