პოლიგლოტობაზე გიოცნებიათ? იტალიელ პოლიგლოტს, ლუკა ლამპარიელოს ბევრი უკვე ლეგენდად მიიჩნევს, რადგან 35 წლის ასაკამდე 11 ენის შესწავლა შეძლო. ბევრი ადამიანია იმ მეთოდებით დაინტერესებული, რომლებითაც ლუკა ენების შესწავლას ახერხებდა. babbel-თან ინტერვიუში პოლიგლოტმა რჩევები შემოგვთავაზა იმასთან დაკავშირებით, თუ სად შეიძლება ენის შესწავლის მოტივაცია იპოვოთ და გაგვანდო, თერთმეტი ენიდან რამდენიმე მათგანის დაუფლება როგორ მოახერხა.
ლუკა ლამპარიელო: როცა ისეთ ადამიანს ხვდებით, რომელიც რამდენიმე ენაზე თავისუფლად
საუბრობს, ცოტა არ იყოს, გაოცებული რჩებით ხოლმე. პოლიგლოტობა ძალიან მიმზიდველი, მაგრამ რთულად მისაღწევი ჩანს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მეორე, მესამე და მეოთხე ენის სწავლა გვიანდელ ასაკში დაიწყეთ. მე უარვყოფ მოსაზრებას, რომ ენების შესწავლა რთული რამაა.
ენა რომ შეისწავლოთ, წიგნების სიმრავლე და საათობით სწავლა არაა საკმარისი: უნდა იმოგზაუროთ საოცარ ადგილებში, შეხვდეთ ბევრ ადამიანს, ისიამოვნოთ გემრიელი კერძებით და საკუთარი თავის აღმოჩენა დაიწყოთ. ენების სწავლის მოტივაცია ჩემთვის სწორედ ამ გამოცდილებების მიღება იყო.
ინგლისური
1991 წელს, როდესაც 10 წლის გავხდი, ინგლისური უკვე მსოფლიო ენად იყო ქცეული, მისი სწავლა სავალდებულოდ ითვლებოდა. თავიდან გამიჭირდა: მასწავლებელი არ მომწონდა, გრამატიკა მაბნევდა, სასწავლო მასალა კი მონოტონური იყო, მეგონა, ვერასდროს ვისწავლიდი. შემდეგ, ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, ინგლისურის კერძო მასწავლებელთან ვეტარებინე. 13 წლის ვიყავი და ჩემი მასწავლებელი ძალიან კარგი აღმოჩნდა, – ის უბრალოდ კი არ მასწავლიდა, ენის აღმოჩენაში მეხმარებოდა. მან სწორ გზაზე დამაყენა და რაც მთავარია, ენა შემაყვარა.
მალე წიგნების ინგლისურად კითხვა დავიწყე. ყოველდღე ფილმებს ვუყურებდი და კვირაში ერთხელ ჩემს მასწავლებელთან გაკვეთილი მქონდა, – ამან 2 წელიწადში საოცრებები მოახდინა. 15 წლის ასაკში ამერიკული აქცენტით თავისუფლად ვსაუბრობდი.
ფრანგული
ფრანგულის სწავლაც ინგლისურთან ერთად დავიწყე და აქაც მსგავს პრობლემებს წავაწყდი. 14 წლის რომ ვიყავი, ყველაფერი სრულიად შეიცვალა: აღმოვაჩინე, რომ ფრანგული ტელევიზიის ყურება შემეძლო. ყოველ დღე, სადილის შემდეგ, 2 საათის განმავლობაში ტელევიზორს ვუყურებდი ხოლმე. 15 წლის ასაკში თავისუფლად ვსაუბრობდი. რამდენიმე საათი ტელევიზორის ყურებამ უკეთესი შედეგი გამოიღო, ვიდრე 3 წელი სკოლაში სწავლამ. 2010 წელს საცხოვრებლად პარიზში გადავედი და იქ 3 წელი გავატარე. საშუალება მომეცა, ფრანგულ კულტურას გავცნობოდი: ისტორიას, ტრადიციებს, იუმორს, სამზარეულოს.
გერმანული
გერმანული პირველი ენა იყო, რომლის შესწავლაც სულ მარტომ დავიწყე. არ მახსოვს, ეს რატომ მოვინდომე, არც ის ვიცოდი, როგორ უნდა მესწავლა. ბებიაჩემის წიგნების კარადიდან გამოტანილ მტვრიან გრამატიკის წიგნთან თვეები გავატარე. მალევე გული ამიცრუვდა.
შემდეგ ტელევიზორში ენების კომპლექტის შესახებ რეკლამა ვნახე და გადავწყვიტე, მეცადა. მისი გამოყენებით, ახალ მეთოდს წავაწყდი: ნებისმიერი ენის ძირითადი სტრუქტურის ბუნებრივად და გართობის საშუალებით სწავლა იყო შესაძლებელი. წელიწად-ნახევრის შემდეგ, ზაფხულის არდადეგებზე უამრავ გერმანელს შევხვდი. არასდროს დამავიწყდება მათი სახეები და შეკითხვები: „გერმანულად ასე კარგად როგორ ლაპარაკობ?“ ამ რეაქციამ და მათთან ურთიერთობის პრივილეგიამ უფრო მეტად მომანდომა, გერმანულის ცოდნა სრულყოფამდე მიმეყვანა. ამ მომენტიდან, გაუმაძღრად კითხვა დავიწყე. ეს ენა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.
ესპანური
ესპანური და იტალიური დებივით არიან: განსხვავებულები, მაგრამ ამავე დროს, ერთმანეთის მსგავსნი. იტალიაში მითი არსებობს, რომ ესპანური ადვილია. ამბობენ, რომ იტალიურად უნდა ილაპარაკო და ყველა სიტყვას „ს“ დაამატო. ორივე ენის ზოგადი სტრუქტურა მსგავსია, მაგრამ გამოთქმაში, ინტონაციასა და იდიომების გამოყენებაში რამდენიმე საკმაოდ დიდი განსხვავება არსებობს. იმის მიუხედავად, რომ კატალონიურ გარემოში ჩავიძირე, მალაგაში ესპანელ გოგოსთან ერთად ვცხოვრობდი და ესპანელ ხალხს ხშირად ვნახულობდით ხოლმე. რომში როცა დავბრუნდი, ესპანური ჩემ განუყოფელ ნაწილად იყო ქცეული.
რუსული
რომანული და გერმანული ენების შემდეგ, რაღაც ახლის სწავლა მინდოდა. რუსული ძალიან ეგზოტიკურად ჟღერდა: საოცრად მდიდარი, დახვეწილი და დამაინტრიგებლად რთული ენაა. დამხმარე არავინ მყავდა და 8 თვის შემდეგ გადავწყვიტე, რომ რუსულის სწავლა არ ღირდა. 3 წლის მანძილზე არაფერი გამიკეთებია, შემდეგ კი youtube-ზე ვიდეო დავდე, სადაც რუსულად ვლაპარაკობდი. გამოხმაურებამ გამაოგნა. ჩემს ყველაზე ველურ ოცნებებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამდენი ადამიანი ასეთი ენთუზიაზმით სავსე კომენტარებს დადებდა. რუსები თვლიან, რომ მათი ენა ძნელი და მიუწვდომელია და როცა იგებენ, რომ ვიღაც ამ ენაზე საუბრობს, სიხარულს ვერ მალავენ. რუსულის შესწავლა რეგულარულად დავიწყე და ნელ-ნელა რუსულის გრამატიკის ლაბირინთში გზა გავიკაფე.
უცხო ენების შესწავლის მეთოდების აღმოჩენა ჩემთვის საოცარი გამოცდილება იყო. მე უბრალოდ ზმნის ცხრილებს კი არ ვიზეპირებდი, მივდიოდი და იქ ვცხოვრობდი.
სხვადასხვა ენაზე საუბარი საკუთარი თავისა და სხვების მიმართ სიყვარულის აქტია, რაც გეხმარებათ, ადამიანის ბუნების საოცარი მრავალფეროვნება აღმოაჩინოთ. მათ, ვინც მეკითხება, რატომ მიყვარს ენების სწავლა, ყოველთვის ვპასუხობ: „მე ენების სასწავლად კი არ ვცხოვრობ, ვსწავლობ იმისთვის, რომ უკეთესი ცხოვრებით ვიცხოვრო.“
წყარო: Sazogadoeba.ge