fbpx

იბრძოლე შენი მიზნისთვის! დაიწყე დაწყებით

ავტორი ჟოლო
1.9K ნახვა

უკეთესად ვერ იცხოვრებ, თუ არ ეცადე, უკეთესი გახდე და არ არსებობს იმაზე მეტი ბედნიერება, როცა გრძნობ, რომ ნამდვილად ხდები უკეთესი!

კარგი იქნება, ყოველი დღე იმაზე ფიქრით დავიწყოთ ადამიანებმა, შევძლებთ თუ არა დღეს ერთი ნაბიჯი მაინც გადავდგათ დასახული მიზნისკენ.

ის, რასაც აკეთებ დღეს, შენს ხვალინდელ ცხოვრებაში მოიტანს შედეგს. თუ გსურს, ხვალაც მიიღო ნაყოფი, დათესე ყოველ დღე!

“ცხოვრება არის ის, რაც შენ ირგვლივ ხდება მანამ, სანამ შენ მას გეგმავ”.

ვიცი, ცხოვრებისეული მიზნის პოვნა და მისკენ გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა საკმაოდ რთული პროცესია. ძალიან რთულია დატოვო ყოველდღიური რუტინა, გამოხვიდე კომფორტის ზონიდან, რომელშიც ასე კომფორტულად ხარ მოკალათებული. მაგრამ, როდესაც გააცნობიერებ, როცა შენს გონებაში დაიწყება თვითდისციპლინაზე მუშაობა, მხოლოდ მაშინ მიხვდები, რომ ეს ყველაფერი გარჯად ნამდვილად ღირს.

ცხოვრების არსი სწორედ ეს არის, არა საკუთარი თავის პოვნა, არამედ – შექმნა, რადგან როგორც ვიცით, თუ საკუთარი თავის მართვას არ ისწავლი, სხვები გმართავენ.

ცხოვრება თეთრი ფურცელია, საღებავებიც და ფუნჯებიც შენ ხელთაა, ზოგი სწავლობს ლამაზად ხატვას, ზოგი ჯღაბნის, ზოგს კიდევ უმოქმედობისგან საერთოდ უხმება საღებავები და თეთრი ფურცლითვე ასრულებს ცხოვრებას.

შენ რომელს ირჩევ?

რადგან ამ პოსტს კითხულობ, ვეჭვობ, უკვე აირჩიე. ამიტომ, მოდი ასე მოვიქცეთ:

პირველ რიგში, შენ უნდა დაიჯერო ოცნების ძალის. ოცნება გარღვევაა, გაჭრა წარმატებისკენ. ის ერთგვარი ხიდია სამყაროსთან დასაკავშირებლად.

გულდასმით უნდა შეარჩიო ოცნება, მაგრამ ისიც უნდა გახსოვდეს, რომ ოცნება არ უდრის მიზანს. ჩვენ უნდა შევძლოთ და ოცნებისგან გამოვძერწოთ რეალური მიზანი.

მაგალითად, ოცნებაა როცა ვამბობთ, რომ გვსურს გავხდეთ მდიდარი, წარმატებული ადამიანი, მაგრამ თუ ჩვენს თავზე ვიმუშავებთ და გავარკვევთ, კონკრეტულად რა არის ჩვენთვის სიმდიდრე და წარმატება, რისი გაკეთებაა საჭირო მის მისაღწევად და რა დროის განმავლობაში გვინდა ამის მიღება – ეს უკვე მიზანია.

დაუწესე დრო ოცნებებს. “ერთ დღეს საკუთარ წიგნს დავწერ”, “ერთხელაც საკუთარ ბიზნესს დავიწყებ”… როგორც წესი, ასეთი განუსაზღვრელი მიზნები მიუღწეველი რჩება.

განსაზღვრე დრო და გადააქციე ოცნებები მიზნებად. დაიწყე მათი ასრულებისთვის მოქმედება ახლავე.

იბრძოლე მიზნებისთვის. იმოქმედე. დაიწყე დაწყებით.

ბედნიერებისთვის დღევანდელ დღეზე შესაფერისი მომენტი არ არსებობს! ბედნიერება პროცესია და არა – მიმართულება…

განეწყვე დადებითად – დაუმეგობრდი სამყაროს.

აიღე პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე.

უნდა დავიჯეროთ, რომ შეგვიძლია, რადგან ის, ვინც ამბობს, რომ შეუძლია და ისიც, რომელიც ამბობს, რომ მას არაფერი გამოუვა, ორივე მართალია. რადგან შეზღუდვები, ისევე როგორც, შიში, ხშირად, მხოლოდ უსარგებლო ილუზიებია და მეტი არაფერი!

ასე რომ, წამოდექი და იბრძოლე ყოველთვის! არ დანებდე და იყავი ბედნიერი!

თაკო ჯანუაშვილი

 

მსგავსი სტატიები