„კაცის სხეულის ნაწილია ქალი, იგი ხდის კაცს მთლიანს – ეს ქალის ფენომენის გაცხადებული საიდუმლოება»-კახი კავსაძის მოსაგონარი წერილი ბელა მირიანაშვილზე, ემოციური და ამაღელვებელია.
–ბელა! – ვეძახი უნებურად, ძველი ჩვეულებისამებრ… არავინ მეხმაურება. ან როგორ მიპასუხებს მარადისობიდან?! 54 წლისა წავიდა ამ ქვეყნიდან. მაშინ 57 წლის ვიყავი. მას შემდეგ ცალხელა დავდივარ, არა მთლიანი, არამედ – ნახევარი.
კაცის სხეულის ნაწილია ქალი, იგი ხდის კაცს მთლიანს – ეს ქალის ფენომენის გაცხადებული საიდუმლოებაა. ზოგჯერ კაცს ხელი ულპება და აუცილებლად უნდა მოიჭრას, ეჩვენება, რომ ის ქალი ზედმეტია და ტოვებს მას… მე ბედნიერი კაცი ვიყავი – მქონდა სიყვარული და დიდი პასუხისმგებლობა.
ჩემ გვერდით დიდებული ქალი იყო – ბელა მირიანაშვილი, ქალი, რომლის გვერდითაც უნდა გეცადა, ღირსეული ყოფილიყავი. არ ვიცი, რამდენად გამომდიოდა ან საერთოდ გამომდიოდა თუ არა. ხშირად მაგრძნობინებდა, თუ როგორ მაფასებს, რამხელა პიროვნებად მივაჩნივარ – რა უფლება მქონდა მისი აზრი არ გამემართლებინა?! – ბელა! – ღმერთო ჩემო, ასე მერამდენედ მემართება. ვეძახი, ვესაუბრები, მოვლენებს მისი საზომით ვზომავ… ეს ძალზე ინტიმურია.
როცა საყვარელი ადამიანი მიდის ამქვეყნიდან, მოთხოვნილება გიჩნდება, სიზმრად მოგევლინოს. ის კი არა და არ ჩანს… კარგა ხანი რომ გადის, მერე გესიზმრება. ნათლად ვიხილე: თეთრხალათიანები იდგნენ ჩემსა და მას შორის, უფრო – მის მხარეს, და არ გამოუშვეს ჩემთან, რაღაცით ძალიან ბედნიერი იყო, მერე თეთრხალათიანებმა წაიყვანეს… მეორედ ისევ მეზმანა: ვეებერთელა, შავი ტალღები აზვირთულიყო და ამ ტალღებზე გადავიარეთ ჩვენ ორმა, საოცრად მშვიდად… ამბობენ, დრო მკურნალიაო. არა, ბატონო, ეს როგორ უნდა გადაიტანო, ისევ გტკივა, შეიძლება უფრო მეტადაც. უბრალოდ ურიგდები ხვედრს და ეგ არის…
ხალხს უთქვამს, წუთისოფელი წუთისააო – ბრძენია ხალხი
მთელი ჩემი ცხოვრება თვალნათლივ მიდგას. პირველად თეატრალური ინსტიტუტის დერეფანში ვნახე, მესამე კურსზე ვსწავლობდი, ის პირველ კურსზე იყო. გურანდა გაბუნიას ელაპარაკებოდა (კურსელები იყვნენ და მეგობრობდნენ), გურანდამ რაღაც ეპიზოდი გაითამაშა იუმორში და ბელა გულიანად კისკისებდა.
დანახვისთანავე გავშტერდი, გავგიჟდი!!! მას შემდეგ, ზურიკელა ვაშალომიძისა არ იყოს, გადარეული დავიარებოდი. ამას ალბათ ერთი ნახვით შეყვარება ჰქვია. მორცხვი არ ვიყავი, გოგონებთანაც არ მიძნელდებოდა ურთიერთობა, იმ გრძნობას კი საგულდაგულოდ ვმალავდი. ვერაფრით ვბედავდი, პირველი ნაბიჯი გადამედგა.
საოცარი რიდით ვუფრთხოდი, ბელა ჩემს გულისთქმას არ მიმხვდარიყო. ამიტომ მასთან კონტაქტს გავურბოდი, ახლოს ვერ ვეკარებოდი. მიუწვდომლად მიმაჩნდა. ისე ვაღმერთებდი – არავისთვის მემეტებოდა, საკუთარი თავისთვისაც კი… ინსტიტუტში მოსვლიდან მალევე მოხვდა კინოში, «საბუდარელ ჭაბუკში», «დღე უკანასკნელი, დღე პირველშიც» გადაიღეს და საკმაოდ პოპულარული გახდა.
ძალიან მაგარი გოგო იყო, ჭკვიანი, ინტელექტუალური, განათლებული, ადამიანებისადმი კეთილგანწყობილი. ყველა თვისება კარგი ჰქონდა. მისი სცენური და ეკრანული ხიბლი, ნიჭიერების გარდა, პიროვნულობიდანაც მომდინარეობდა.
ბალეტის სკოლა ჰქონდა გავლილი, ინსტიტუტის ფერია იყო. შინაგანი სინორჩე ბუნებით მოსდგამდა. დახვეწილი მანერებით და გაწონასწორებული ხასიათით გამოირჩეოდა. ყველას უყვარდა ერთპიროვნულად. ყველა მოწიწებით ექცეოდა. თვით ინსტიტუტის მაშინდელი რექტორი ილია თავაძე, საკმაოდ მძიმე კაცად რომ ითვლებოდა, ბელას წინაშე სხვაგვარი ხდებოდა – უფრო რბილი და დაშქარული… ზოგჯერ სხვადასხვა კურსის სტუდენტებს ერთად გვიტარდებოდა სასცენო მოძრაობა, ამ დროს ბელასთან ხელით შეხებაც მიწევდა, ყოველმხრივ ვცდილობდი, გრძნობა დამეფარა.
როცა გოგოსთან ცეკვავ ან ვარჯიშობ და ხელის შევლება გიწევს, ძალიან ცუდი ტონია, შეეხო ისე, კაცს რომ არ ეკადრება…
ერთხელ ინსტიტუტი თავის თვითშემოქმედებას თბილისის საოპერო სცენაზე წარადგენდა. ბელასთან ერთად აკრობატულ ნომერს ვასრულებდი. საშინლად ვნერვიულობდი – კონცერტზე, ერთ–ერთი რთული ილეთის შესრულებისას, მოულოდნელად ხელიდან გამივარდა, როგორ შევრცხვი! ბოლო მომენტში ფეხებით დავიჭირე, თავით რომ არ დაცემულიყო სცენაზე.
ბელას პირველმა ქორწინებამ ჩემს დამოკიდებულებაში რაღაც შეცვალა. ინტუიციით ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩემი ცოლი გახდებოდა. როდესაც ნანუკას მამას გაშორდა, თავს შევუძახე: «კახი, ბოლოს და ბოლოს დროა, «შორით დაგვა» შეწყვიტო, გრძნობა გაუმჟღავნო და კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, თორემ…» შეიძლებოდა ეს ქალი სამუდამოდ დამეკარგა.
მტკიცედ გადავწყვიტე, ბოლო მომეღო ამ «უთავბოლობისთვის». არასდროს მითქვამს, მიყვარხარ–მეთქი. მხოლოდ ქცევით ვაგრძნობინებდი… სერიოზულ ყურადღებას ვიჩენდი, სადაც მიდიოდა, ყველგან ვაცილებდი. ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა ბავშვობის ამხანაგმა, ავთო საყვარელიძემ, წვეულებაზე დამპატიჟა, ბელაც თან წავიყვანე, როგორ კოლეგა, თუმცა… – ეს ქალი ჩემი ცოლია, – წარვუდგინე მეინახეებს, ასევე – დედაჩემსაც, როცა ბელა სახლში მოვიყვანე.
იმ დღიდან ჩემი მარტოობა დასრულდა. მას შემდეგ ჩემთან ვცხოვრობდით. ეს ბელას პირველი ნახვიდან 12 წლის შემდეგ მოხდა. ნანუკა გადასარევი ბავშვი იყო. რომ შევუღლდით, მაშინ წლინახევრის გახლდათ, შემდეგ ირაკლი დაიბადა…
ლეგენდარული სიყვარული და ოჯახი ჰქონდათო, ამბობენ, თუმცა არ მესმის, რატომ იყო ლეგენდარული, ან სად გადის ზღვარი ლეგენდასა და სინამდვილეს შორის.
ბელა ყოველმხრივ ფანტასტიკური მეუღლე იყო, ყოველთვის მაკვირვებდა თავისი სიბრძნით, პრაქტიკულობით, ზომიერებით, პიროვნული სიდიდით… ხომ გახსოვთ სიმღერა: «ომში წასვლა მას უხარის, ვისაც კარგი ცხენი ჰყავსო, სახლში მისვლა მას უხარის, ვისაც კარგი ცოლი ჰყავსო»… შინ მოსვლა ყოველთვის მიხაროდა, ვინაიდან ჩემი კეთილმოსურნე, ჩემი შვილების დედა, უახლოესი ადამიანი მხვდებოდა – დიდი სითბოთი და გაგების უნარით.
შინიდან რომ გავდიოდი, არ მახსოვს შემთხვევა, არ გავეცილებინე. სახლში მოსვლით ყოველთვის ბედნიერი ვიყავი, თუმცა «კარში გავარდნაც» მჩვეოდა, ძმაკაცებში და მეგობრებში სიარულს არ ვიკლებდი. ამის გამო საყვედური არასდროს უთქვამს. არაფერი ეშლებოდა, ზომა–წონა იცოდა, არასდროს ჩაერეოდა ჩემი და ძმაკაცის ურთიერთობაში, არასდროს უკითხავს, ფული რამდენი გაქვს, რა ჯამაგირი აიღეო, არც ჩემს ჯიბეში ჩაუყვია ხელი.
ჩემს შესრულებასთან დაკავშირებით საკმაოდ ფრთხილად მეტყოდა თავის მოსაზრებას, თავზე არ მომახვევდა, არც შენიშვნის სახეს მისცემდა.
ავადმყოფობის მიუხედავად, ოჯახის ბურჯი იყო. საჭიროებისამებრ, ძალიან ძლიერი ხდებოდა.
26 წელი ვიყავით ერთად, აქედან 3 წელი ჯანმრთელად იყო და დაფრინავდა, 23 წელი იავადმყოფა. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსოვს, როცა დამიძახა და მითხრა, ცუდად ვარო… არ ტყდებოდა, ღირსების უმაღლეს საფეხურზე იდგა ყოველთვის.
ის დაავადება რომ არა – დღეს ჩემი მეუღლე გაგიღებდათ კარს…
ირაკლიზე იყო ფეხმძიმედ, ვირუსული გრიპი შეხვდა. 40 გრადუს სიცხიანმა დილის სპექტაკლი «ჭინჭრაქა» ითამაშა, ამის შემდეგ გაურთულდა და ფილტვების ანთებაც დაერთო. წამალი ვერ მიიღო, ნაყოფის დაზიანებას მოერიდა.
ბავშვი კი დაიბადა ჯანმრთელი, მაგრამ თავად იგრძნო, რომ ძალა ეცლებოდა. ექიმებმაც არ ატეხეს განგაში, სისუსტე მშობიარობის შემდგომ პერიოდს დააბრალეს…
ბოლოს მიელოპოლირადიკულონევრიტი დაუდგინეს. ნელ–ნელა პოზიციებს თმობდა, მაგრამ ამას ურთიერთობისთვის ხელი არ შეუშლია… მთელი ოჯახი მასზე იყო მინდობილი, თავს არ შეიბრალებდა, არ ზოგავდა.
გადაღებაზე რომ მივდიოდი, მის იმედზე ვტოვებდი ბავშვებს, გადაადგილება უჭირდა, მაგრამ მობილური ტვინი ჰქონდა.
დღესაც, რაიმე განსაცდელი რომ მოდის, ყოველთვის ვამბობთ – აბა, ამ სიტუაციაში როგორ მოიქცეოდა ბელა შალვოვნა!.. ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც საჭირო იყო, არაჩვეულებრივი კულინარიც გახლდათ.
მიხსენებენ ხოლმე, ხელით ატარებდიო… კიბეზე რომ ვერ ამოდიოდა, ავიყვანდი და ამოვარბენინებდი, აბა, რას ვიზამდი?!
ერთხელ ნათელა არველაძისთვის (თეატრმცოდნე) უთქვამს, თავგანწირული თავდადება თუ არსებობს, კახი სწორედ ასეთია ჩემ მიმართო. ბელა ყოველმხრივ ჩემზე მაღლა იდგა. მე ალბათ ის კაცი ვიყავი, ვინც ამას ხედავდა და უბრალოდ აფასებდა.
ვფიქრობ, მაინც ვერ გავუწიე ისეთი მეუღლეობა, როგორიც ეკუთვნოდა, ვერ გავახარე ცხოვრებაში… მოსკოვში ვიყავი, 26 აგვისტოს დავურეკე: – 2 სექტემბრამდე ვაპირებ დარჩენას, როგორ ხარ? – ჩა–მო–დი! – მითხრა დამარცვლით. – რა იყო, ბელა, ცუდად ხარ? – ჩა–მო–დი…
სასწრაფოდ გავქანდი აეროპორტში, მეორე დღესვე ჩამოვფრინდი, 28 აგვისტოს გარდაიცვალა, გამთენიისას… ჩემთვის ეს თავზარდამცემი იყო, შეიძლება უფრო მეტიც… «რა მეშველება?! რა მეშველება?!» – ერთთავად ვიმეორებდი მძიმე დღეებში.
– კახი, რა გაქვს სადარდებელი?!.. რამდენი წელი იცხოვრეთ ერთად? ოცდახუთი, არა? – მკითხა მერაბ კოკოჩაშვილმა, ამით ჩემს ნუგეშისცემას შეეცადა. – დიახ, – შევხედე გაკვირვებით. – მერე, კახი? ადამიანები ისე მიდიან ამქვეყნიდან, ერთი დღეც არ გაუხარიათ, შენ კი 25 წელი იცხოვრე ბედნიერმა!.. ვერაფერი ვუპასუხე.
მართლაც, მეოთხედი საუკუნე გავატარე, როგორც უბედნიერესმა კაცმა, სიყვარულსა და სრულ ჰარმონიაში-კახი კავსაძე.
კახი კავსაძის ჩანახატი ბელა მირიანაშვილზე , მსახიობ ალენ დელონის მოსაგონარ წერილს მახსენებს,რომელსაც რომი შნაიდერს უძღვნის,»ჟოლომ» დელონის ემოციური წერილი უკვე შემოგთავაზათ,რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა…ორივე მსახიობს საოცრად აქვს გადმოცემული უდიდესი სიყვარული საყვარელი ქალისადმი.