fbpx

ქოუჩინგი ოქროს თევზისგან

ავტორი ჟოლო
891 ნახვა

მებადური წავიდა სათევზაოდ. ჩვეულებისამებრ, ისროლა ბადე, თუმცა უშედეგოდ. ისროლა ბადე მეორედ და მხოლოდ, ნიჟარები და ქვიშა გამოაყოლა ზღვამ. მესამე მცდელობაც… და ჰოი, საოცრებავ – გახლართულა თევზი და ფართხალებს უმოწყალოდ!

გაათავისუფლა მებადურმა თევზი. უჭირავს ხელში, ათვალიერებს და ეღიმება – არ ჰგავს ჩვეულებრივს, ოქროს თევზია!

თევზი, ადამიანის ხმით ემუდარება :

– კაცურად… გამათავისუფლე, გამიშვი!

– სურვილს თუ ამისრულებ? – უცებ, გაახსენდა ოქროს თევზის ზღაპარი და არ დაიბნა კაცი.

– შეგისრულებ! მითხარი, რა გინდა?

– როგორ თუ რა მინდა? რა და ყველაფერი – დიდი კერძო სახლი, ბაღით და აუზით, მანქანა – მერსედესი, ძალიან ბევრი ფული, ჭკვიანი და ლამაზი ცოლი.

– გავაკეთებ ისე, როგორც გინდა, მაგრამ მანამდე, ერთ კითხვაზე გამეცი პასუხი: რაში გჭირდება ეს ყველაფერი?

–  რა მაგარი ხარ, ოქროს თევზო? როგორ თუ რაში? იმაში… რომ არ ვიწვალო,  მუდმივად არ მჭირდებოდეს რაღაც რაღაცეებზე ფიქრი და რომ ჩემი ქალი, დღე და ღამე არ მიჭამდეს ტვინს.

– კიდევ, რა გინდა? – ჰკითხა თევზმა.

– რა დაა… – მოიფხანა კეფა კაცმა – აი, ის… სახელი და პრესტიჟი! ყველას შეშურდება და იტყვიან: „რა მაგარი კაცია ეს ჩვენი გივი, რამდენ რამეს მიაღწია ცხოვრებაშიო“

– და კიდევ რა გინდა? – არ ანებებდა თავს თევზი.

– მეტი რაღა უნდა მინდოდეს? კარგი… კიდევ… შემეძლოს მთელი დღეები ვინებივრო აუზთან და სამსახურში არ ვიარო, არასოდეს ცხოვრებაში!

– რა, საერთოდ არ გსურს მუშაობა?

– არც ერთი წუთით! ყელში მაქვს ამოსული ამდენი მუშაობა! – კაცმა, ხელის ყელზე მიდებით, გამოხატა თავისი ემოცია.

– არ მოგბეზრდება მერე, ასეთი ცხოვრება?

– განა მსგავსი ცხოვრება მოსაბეზრებაელია?!

– მერე და, როგორი მოსაბეზრებელი! –  ჩაილაპარაკა თევზმა – და რას იგრძნობ, მსგავსი ცხოვრებით, ერთი წლის მერე?

– ყველაფერი კარგად იქნება, რას ამბობ! დილით გავიღვიძებ – ჩავხტები აუზში! რა ჯობია, წევხარ შენთვის, ირუჯები სადილამდე… და ასე, მთელი წელი?!!!

– კარგი! წარმოიდგინე იგივე სიტუაცია 5 წლის შემდეგაც.

– თევზოო, მგონი მართალი ხარ. მალე მომბეზრდება ასეთი ცხოვრება! რა უნდა გავაკეთო? – აღელდა მებადური.

– შენ თავად რას ფიქრობ? აი, წარმოიდგინე, მუშაობა რომ არ გჭირდებოდეს ოჯახის გამოსაკვებად, მაშინ რა საქმით დაკავდებოდი?

კაცი ჩაფიქრდა.

– იცი რა თევზო, მაშიინ… ხის ნაკეთობების სახელოსნოს გავხსნიდი! ძალიან მიყვარს ეს საქმე!

გაუბრწყინდა კაცს თვალები. უცებ წარმოიდგინა თავისი თავი მომავალში.

– და რას მოგცემდა ეს ყველაფერი?

– მთელი დღე სახელოსნოში ვიქნებოდი, დავამუშავებდი ხეს სიამოვნებით! თუ ფულსა და პურზე არ ვიდარდებ და არ ვიფიქრებ, მაშინ არც ავჩქარდები და დიდ სიამოვნებასაც მივიღებ საქმისგან, რომელიც ასე ძალიან მიყვარს. ამ დროს, ნამუშევარიც სხვანაიად კარგი გამოგდის ადამიანს, როდესაც სულს და გულს ჩადებ მის შექმნაში.

– დავუშვათ ეს ყველაფერი გააკეთე, მერე რა?

– მერე, იმდენი ნამუშევარი მოგროვდებოდა, რომ ნაწილს გავყიდდი და ნაწილს ქველმოქმედებაში გავიღებდი. კი, ასე ვიზამდი! მოსწავლეებსაც კი ავიყვანდი – საქმეს ვასწავლიდი და გადავცემდი, თუმცა დამხმარეებიც კარგი იქნებოდა, სახელოსნოში რომ მყოლოდა! მერე კიდევ, შეხედავ და აგერ, მეორე სახელოსნოსაც გავხსნიდი. სახელიც კი მოვიფიქრე „ოსტატი გივი“! ვაუ, რა მაგარია!

– თავს როგორ გრძნობ, შენს მიერ აღწერილ მომავალში?

– მშვენივრად! როგორ ვიქნები, სხვანაირად? წარმოვიდგინე თუ როგორ ვარ საყვარელი საქმით დაკავებული, ფული მაქვს, კმაყოფილი ვარ, აღიარებაც მაქვს! სრულიად ბედნიერი ვარ!!!

– როდის შეგიძლია დაიწყო ეს საქმე? – დაინტერესდა თევზი.

– ეხლავე შემიძლია დავიწყო! – წამოხტა კაცი. გაიქცა, თან სირბილით გზიდან  გამოსძახა: “მადლობაააა!“

„ასე შე კაცო! არადა გაიძახოდი – სახლიო, მანქანაო!… ხომ უნდა იცხოვრო რაღაცისთვის?“ – გაიფიქრა თევზმა – „ვგიჟდები ქოუჩინგზე“

ოქროს თევზი დამშვიდობების ნიშნად, კუდის მოქნევით, მიიმალა ზღვის ჭაღარა ქაფში. გაცურა მომავალი კლიენტისკენ, მის ბადეში მოსახვედრად.

წყარო: zrda.wordpress.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment