მე და შენ ბევრჯერ გვისაუბრია…გვისაუბრია ყველაზე მნიშვნელოვანზე-ადამიანსა და მის გრძნობებზე, დაუსრულებელ ბრძოლებზე, შიშზე და სიყვარულზეც კი. ალბათ არ იცი, რომ ეს საუბრები ჩემთვისაც არსებითი იყო, იმიტომ რომ მაშინ მეც ცუდად ვიყავი. უფრო ცუდად, ვიდრე დრო და დრო ვარ ხოლმე და ამავე დროს, იმაზე ბევრად კარგად, ვიდრე ჩვეულებრივ შემიძლია ვიყო. ”კარგად”იმიტომ რომ ფუფუნება მქონდა, ტკივილი მეგრძნო. გაგიკვირდება ალბათ, მაგრამ საკუთარ ტკივილში მომწყვდევა არანაკლები ბედნიერებაა, ვიდრე სიხარული. იმიტომ რომ ტკივილი გვიცავს, გვკურნავს და გვახეიბრებს თან, რომ დაშვებული შეცდომები არ გავიმეოროთ, საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ.
მე ჰოლდენ კოლფილდზე გიყვებოდი ჩემს შთაბეჭდილებებს, გეუბნებოდი, რომ ნებისმიერ ”გონებადალაგებულზე” წინ დავაყენებდი მას, იმიტომ რომ გული ერჩოდა. გული ერჩოდა კი ნიშნავს, რომ საზოგადოების უსიცოცხლობა სტკიოდა, სამყარო რომ ერთ დიდ სიკვდილს დაემსგავსა, ამას ვერ ეგუებოდა. გარშემო თავი ყველას ჯანმრთელი ეგონა, ავადმყოფად კი მხოლოდ მას მიიჩნევდნენ. მისკენ თითს იშვერდნენ და გიჟს ეძახდნენ. გიჟი იყო, იმიტომ რომ ცოცხალიც იყო და ყველაფერი სულერთი ჯერ კიდევ არ გამხდარიყო მისთვის. ხედავდა,როგორ უსულგულოდ, მკვდარი თევზებივით მიტივტივებდნენ ადამიანები, ოღონდ ამ მკვდარი თევზებივით უცოდველები არ იყვნენ. გამეტება შეეძლოთ, ერთმანეთის გაცამტვერება და დასახიჩრება. გახსოვს ალბათ, როგორ ენატრებოდა გარდაცვლილი ძმა, ყველა ცოცხალზე უფრო ცოცხალი და ალბათ ისიც გახსოვს, რომ ბოლოს დაასკვნა: ცხოვრება მაინც ცხოვრებაა და გრძელდება, ფეხი უნდა აუწყო და იცხოვროო. ჩემთვის გავიფიქრე,რომ ძლიერება სწორედ ამაში ვლინდება- გადაწყვეტილებაში, რომ ამ ქაოსში იცხოვრო და გაძლო ისე, რომ კი არ გაფუჭდე, არამედ დამკვიდრდე ისეთად, როგორც საკუთარი თავი თვითონ გიხარია. ამას გამძლეობა სჭირდება, მონდომება კი პირველ რიგში.
ბედნიერი ხარ, რომ გრძნობ, რა მნიშვნელობა აქვს, რას. მთავარია, გრძნობ. იმიტომ რომ სანამ გრძნობ, მანამ ხარ ცოცხალიც და სიცოცხლის გამოხატულებაც. როგორც კი გრძნობას დათრგუნავ, დანარჩენი ცოცხალ-მკვდრებივით მოკვდები. დღევანდელი ტკივილი, როგორი აუტანელიც არ უნდა იყოს ის, ხვალინდელი დღისთვის წამალია, ამიტომ ხარბად დაეწაფე მას და ბოლომდე ამოცალე, თავი დაუთმე, გამბედაობა გეყოს, არ გაექცე. მერე სინათლე თავისით შემოვა.
პატივისცემით შენი გულშემატკივარი მასწავლებელი