ამერიკაში მცხოვრებ ახალგაზრდა ბიჭს, გიორგი ნიკოლაიშვილს დღეს უამრავი ადამიანი ემადლიერება. გიორგი ამერიკაში 23 წლის ჩავიდა და 5 წელია რაც ნიუ-იორკში ცხოვრობს. პოპულარული კი რამდენიმე თვის წინ მას შემდეგ გახდა, რაც ფეისბუქზე ახალი ჯგუფი „ჩვენ ამერიკაში“ კეთილი საქმეებით გამოჩნდა.
სოციალურ ქსელში გიორგი ნიკოლაიშვილის მიერ შექმნილმა ჯგუფმა, ბოლო 6 თვეში 45 000 დოლარი შეაგროვა და საქართველოში სხვადასხვა ადამიანთა დასახმარებლად გამოგზავნა. ამ ფულით ბევრის ოპერაცია დაფინანსდა და რამდენიმე სიცოცხლეც გადარჩა.
ჯგუფი, რომელიც ხალხის დახმარებას, მათ გაერთიანებასა და გამოცდილებების გაზიარებას ემსახურება, არა მარტო საქართველოში მცხოვრებ ქართველებს, არამედ ამერიკაში მყოფებსაც გვერდში უდგას… ასევე მათ, რომლებმაც ამერიკაში გამგზავრება გადაწყვიტეს. ჯგუფის შემქმნელი გიორგი ნიკოლაიშვილი ხალხს ამერიკული ოცნებების ახდენაში ეხმარება, ამიტომაც შეარქვეს მას ამერიკული ცხოვრების გზამკვლევი.
„მაბედნიერებს, როცა ადამიანს ვეხმარები და მის კმაყოფილ თვალებს ვხედავ“ – განაცხადა გიორგიმ „ჟოლოსთან“ საუბრისას.
მკითხველს ვთავაზობთ გზამკვლევის რჩვებს, რომელიც რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ ჯგუფში გამოქვეყნდა.
გიორგი ნიკოლაიშვილი: ამერიკა ნამდვილად არის ოცნებების ქვეყანა, მსხვერპლის გაღება და დროებით გაჭირვების ატანა ღირს უკეთესი მომავლისთვის, თუმცა წლებს თავისით არაფერი მოაქვს. საჭიროა განვითარება, რომლის საშუალებასაც ამერიკა იძლევა.
არასდროს არავინ შეგაშინოთ, რომ თუნდაც უსაბუთოს აქ უფლებებს გართმევენ, ამ ქვეყნის კონსტიტუციის ამოსავალი წერტილი ადამიანია, თუ განიცდით ჩაგვრას, შანტაჟს, მუქარას – ნუ შეგეშინდებათ მიმართოთ შესაბამის ორგანოებს. ამის გამო საიმიგრაციოსთან პრობლემები არასდროს გექნებათ.
არავის აქვს უფლება თქვენ ბინიდან გაგაგდოთ, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, იქამდე სანამ ახალს არ ნახავთ. მაგალითად, ნიუ იორკში ეს ვადა 6 თვით განისაზღვრება.
არასდროს გადაიხადოთ წინასწარ ფული სამსახურის შოვნაში.
ცუდად ყოფნის შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა ხართ ქვეყანაში ლეგალურად თუ არა, გაქვთ ჯანმრთელობის დაზღვევა თუ არა, ნებისმიერი საავადმყოფო ვალდებულია გადაუდებელი შემთხვევის დროს გიმკურნალოთ.
იყავით გულწრფელები ამერიკელთან ურთიერთობაში, ტყუილს არ გაპატიებენ.
მომსახურების სფეროებში როგორიცაა ბანკი, ფოსტა და ა.შ. თქვენ თხოვნაზე უარის შემთხვევაში მაშინვე არ გამობრუნდეთ უკან, ყოველთვის მიმართეთ სხვა თანამშრომელს.
ნებისმიერი იურიდიული ან სამედიცინო დახმარების საჭიროებისას, არსებობს 24 საათიანი უფასო საკონსულტაციო პროფესიონალების ჯგუფები. მათი მომსახურება ხელმისაწვდომია ბევრ ენაზე.
არ მოეფეროთ უცხო ბავშვს ქუჩაში, განსაკუთრებით ეს ეხება ბიჭებს. არსებობს ხალხი, ვინც სპეციალურად ხვევენ შარში სხვებს პედოფილიის ბრალდებით.
ქუჩაში ალკოჰოლის ბოთლით არ იაროთ, თუ ის არ დევს გაუმჭირვალე პაკეტში. განსაკუთრებით სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მაგრამ არსებობს თემა, რომელზეც პასუხი არ მაქვს და მას ჰქვია მონატრება. ვერანაირი ფული, სამსახური, კარგი ცხოვრება ვერ შველის ჩვენი ოჯახების მონატრებას.
ყველას გისურვებთ წარმატებას.
ღმერთმა დალოცოს საქართველო და ამერიკა.