fbpx

ჩეხოვის ”თოლია” და ახალგაზრდა რეჟისორი

ავტორი ჟოლო
69 ნახვა

ჩეხოვის განსხვავებული „თოლია“, ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის თავისებური ხედვა და სპექტაკლი ვაშლების თანხლებით... პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა. ხორავას თეატრის სცენაზე მდგომ მსახიობებს მაყურებელი ოვაციით შეხვდა, დარბაზს აშკარად ეტყობოდა, რომ ახალგაზრდების შრომა და მონდომება მათ განწყობაზე დადებითად აისახა. თუმცა, სპექტაკლამდე ახალგაზრდა რეჟისორი ლაშა ლომჯარია ძალიან ღელავდა, ეს ბუნებრივიცაა რადგან „თოლია“ მისი პირველი დამოუკიდებელი სპექტაკლია.

 

 

ლაშა ლომჯარია: „ამ სპექტაკლზე მუშაობა 4 თვის წინ, იანვარში დავიწყეთ. ეს ჩემი სადიპლომო სპექტაკლია. სამი დღის წინ ჩავაბარეთ პედაგოგს გოგი ქავთარაძეს და მიხარია რომ ძალიან კმაყოფილი დარჩა… მასალა იმდენად ძლიერია და იმდენად საინტერესო რომ გადავწყვიტე შევჭიდებოდი. ძლიერ მასალაზე მუშაობა მართლაც ძალიან სასიამოვნოა, შენ თვითონაც იზრდები, მეტის საშუალება გაქვს, ფანტაზიაც უფრო გახსნილია… სპექტაკლში სტუდენტები თამაშობენ, ჩავთვალე რომ მათთვისაც ბევრად უკეთესი იქნებოდა ძლიერ მასალაზე ესწავლათ, ვიდრე სუსტზე. მოკლედ გავრისკე და ახალი ფორმის ძიება გადავწყვიტე… მერე რაღაც დეტალები შემოვიტანე, მათ შორის ვაშლიც, ცოდვის სიმბოლო, რადგან პიესის პერსონაჟებიცა და საზოგადოებაც მთლიანად ცოდვილები არიან. ამ ვაშლებზე მოქმედება მხატვრულად ავაგეთ. რაც მთავარია ბევრი ვიშრომეთ და ჩვენ თავთან მართლები ვართ, იმედია რომ შრომა დაფასდება“.

 

 

ახალგაზრდა რეჟისორს ჩანაფიქრში უკვე ახალი სპექტაკლი აქვს. ამჯერად უნდა რომ ქართულ სცენას კამიუს „მართალი“ მოარგოს.

 

 ლაშა ლომჯარია: „ძალიან მიყვარს კამიუ, მისი შემოქმედება, აბსურდის განხრა და ეგზისტენციალიზმი. ახლა სწორედ ამას მინდა რომ შევეჭიდო, ცოტა ძნელია, მაგრამ მაინტერესებს,  მინდა რომ ამოვხსნა. თემაც ისეთია რომ დღევანდელ საქართველოს ესადაგება. ვნახოთ რა გამოვა შევძლებ თუ არა ამას მაყურებელი შეაფასებს… მე კი ვიცი რომ  ბოლომდე დავიხარჯები“.  

მსგავსი სტატიები

Leave a Comment