ადამიანებს ხშირად სიკეთის კეთება მოტივაციას მატებთ და წარმატებას კეთილი საქმეებისთვის იყენებენ. რა შთააგონებთ მათ? რა თქმა უნდა კეთილი სურვილები.
მინდა ასეთი კეთილი საქმეების შემოქმედი გაგაცნოთ, საკონდიტრო ტკბილ’Anna-ს დამფუძნებელი – თეონა ხაჭაპურიძე, რომელმაც კულინარიული ნიჭი, სიკეთის კეთების საქმედ აქცია და ყოველთვიურად საკონდიტროდან მიღებული მოგების ნაწილს ქველმოქმედებას ახმარს.
– როდის გაგიჩნდათ იდეა საკონდიტრო ტკბილ’Anna დაგეარსებინათ და თქვენი კულინარიული გატაცება ბიზნესად გექციათ?
– კულინარია, ჩემი ერთ-ერთი გამორჩეული ჰობია, მაგრამ რომ არა პატარა ანა, ამ გატაცებას ბიზნესად ნამდვილად ვერ ვაქცევდი. ანა ჩვენი 12 წლის ნანატრი შვილია, 12 წლის ახდენილი ოცნება… მისმა დაბადებამ ბედნიერებით ამავსო და სამყაროსადმი მადლიერების გამოსახატად სიკეთის კეთების ასეთი გზა ავირჩიე. მეგობრების და ოჯახის წევრების ,,წაქეზებით” ჩემი ჰობი რეალობად ვაქციე და მიზნად დავისახე საკონდიტროდან მიღებული შემოსავლის ნაწილი ყოველთვე ქველმოქმედებისთვის მომეხმარა.
– ქველომოქმედება სულის თვისებაა, მსგავსი თვისება კი ადამიანში მოულოდნელად არ ჩნდება…
– სიკეთის კეთების მოთხოვნილება რომ მაქვს ეს მშობლების დამსახურებაცაა ალბათ, მთელი ცხოვრება მათ ქველმოქმედებას ვუყურებდი და ყოველთვის მქონდა სურვილი მეც გამეგრძელებინა მათი დაწყებული კეთილი საქმეები… მერე უფალმა იმდენად დიდი საჩუქარი გაგვიკეთა ანას სახით, მინდა ყოველ დღე კეთილი საქმეებით გამოვხატო მადლიერება. როდესაც მეგობარს ჩემი ფიქრები გავანდე, მომწერა შენს სიკეთეებს “ტკბილანნა”დაარქვი, ყველაზე მეტად შეეფერებაო, ძალიან მომეწონა და დავიწყე…
დღეს, ტკბილ’Anna-ას დამსახურებით ხშირად მიხდება მატერიალურად შეჭირვებული ადამიანების გახარება და ეს ძალას მმატებს… თითოეულს განსხვავებულად სევდიანი ცხოვრება აქვს… მინდა ვთქვა, რომ არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც იცი, რომ შენი ,,გაწვდილი ხელით” მათ ელემენტარული პრობლემების მოგვარებაში ეხმარები.
– ტკბილ’Anna რა სახის ტკბილეულს სთავაზობს მომხმარებელს?
– ამჟამად ვამზადებთ: ვაფლის მილებს(ტრუბოჩკებს), კაკალს სგუშონის შიგთავსით, შუს და ეკლერს, იდეალს, მედოკს, ჩიტის რძეს, კექსებს, ასევე საბავშვო ორცხობილებსა და ტარტალეტკას. ეს ყველაფერი მზადდება ნატურალური პროდუქციით.
როდესაც ჩემს ტკბილეულს დააგემოვნებთ გემრიელთან ერთად ხარისხიანიც უნდა იყოს, ასევე მინდა იმ ტკბილეულის გემო გაგახსენდეთ, რომელსაც ბავშვობაში დედა ან ბებო გიმზადებდათ. ლამაზი მოგონებები, რომელიც საყვარელი ადამიანების მიერ მომზადებული კერძისა, თუ ტკბილეულის გემოს უკავშირდება სასიამოვნო ემოციებს აღვიძებს. თითოეულ ნამცხვარში სულს და გულს ვდებ, რომ სწორედ ბავშვობასთან და ბედნიერებასთან დაკავშირებული ემოციები გაგახსენდეთ, და მართლაც ასე ხდება, როდესაც ”ტკბილანნას” პროდუქციას შეუკვეთავთ, ხშირად მწერენ – ბავშვობაში დაგვაბრუნეო… ძალიან მახარებს როდესაც ტკბილეულზე საქებარ სიტყვებს მწერენ, დაღლასაც ვერ ვგრძნობ, მითუმეტეს მარტო ვამზადებ ამ ყველაფერს.
– დადებითი გამოხმაურება მართლაც სასიამოვნოა… და რაშია ამ გემრიელობების საიდუმლო?
– კულინარია შემოქმედებითი საქმიანობაა ჩემთვის. ჰაეროვანი, გემრიელი ტკბილეულის მოსამზადებლად სასიამოვნო განწყობით უნდა დაიწყო დილა. ფიქრების სიმსუბუქე, ხასიათის სინაზე, იუმორი – ბევრი თვისება ჭირდება მზარეულს გემრიელი ტკბილეულის მოსამზადებლად. მეც ამ დადებითი ფიქრებით შთაგონებული ვამზადებ… ვფიქრობ, სწორედ ეს არის ამ გემრიელობების საიდუმლო…
მერე ამ მთავარ ინგრედიენტს ემატება შოკოლადი, მოხალული ნიგოზი, ფორთოხალი, ბანანი, კარამელი, მოხალული თხილი, ვანილის უგემრიელესი კრემი, სახლური გარგრისა და ფეიხოს ჯემი…
ძალიან მინდა გამოცდილი გუნდი შემოვიკრიბო და უკვე გუნდთან ერთად წარმატებით გავაგრძელო ჩემი საქმიანობა. ამ ბოლო დროს შინ მომზადებული გემრიელი ტკბილეული იმდენად მოთხოვნადი გახდა ვფიქრობ დიდი დრო არ დამჭირდება ამისთვის და ჩვენი ბიზნესი საკუთარი სახლის სამზარეულოდან საკუთარ საკონდიტროში გადაინაცვლებს!
P.S ბევრს გვიყვარს ტკბილეულით, საკუთარი თავისა და საყვარელი ადამიანების განებივრება. ეს კი განსაკუთრებით სასიამოვნოა, თუ იცი, რომ შენს მიერ გადახდილი თანხის ნაწილი კეთილ საქმეებსა და ქველმოქმედებას მოხმარდება… სტატიის წაკითხვის შემდეგ თუ მოისურვებ ტკბილ’Anna-ს დაუკავშირდე და სახლური ტკბილეულით გაუმასპინძლდე ოჯახის წევრებს კურიერი ადგილზე მოგართმევთ.