fbpx

აქციე საკუთარი თავი ჩემპიონად

ავტორი ჟოლო
1.1K ნახვა

ხდება ხოლმე, რომ ჩიხში შევდივართ, გვიჩნდება შიშები, ეჭვები, გაუგებრობა. ეს ყველაფერი გრძნობებია, რომლებიც თითქოს გვასველებენ, გვამძიმებენ და ერთ უცვლელ მდგომარეობაში გვყინავენ.

როგორც წესი, მსგავს მდგომარეობაში მაშინ აღმოვჩნდებით ხოლმე, როცა გვეჩვენება, რომ ჩვენი სიტუაციიდან გამოსავალი არ არის.

თუ დაგისახავს ამბიციური ფინანსური მიზანი, გეცოდინება, რომ პირველი ორი კვირის განმავლობაში, ყველაფერი თავდაყირა დგება და შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს, რა უნდა ქნა. ამ დროს დიდია შანსი, ჩიხში შეხვიდე.

მახსენდება ასეთი პერიოდი, როცა იმ დროისთვის ძალიან ამბიციური ფინანსური მიზანი დავისახე. თანაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ იმ მომენტში არ მქონდა ფული, ხოლო გეგმა, რომელზეც ვამყარებდი იმედებს, ჩაიშალა… მოკლედ, აღმოვჩნდი მდგომარეობაში, საიდანაც დეპრესიამდე ნახევარი ნაბიჯიღა იყო დარჩენილი.

ერთადერთი, რაც გამახსენდა, ჩემი მენტორი, მერლინი იყო.
არასოდეს დამავიწყდება ის დღე და მისი სიტყვები…

მე შევჩივლე მერლინს და ვუთხარი:

– აღარ ვიცი, რა ვქნა, თავს არ ვზოგავ, ღამეებს ვათენებ, ოფლს ვღვრი და მუხლჩაუხრელად ვმუშაობ… მაგრამ არაფერი გამოდის…

მცირე პაუზის შემდეგ, მერლინი მეკითხება:

– სპორტი გიყვარს?
– ისე რა… – გაკვირვებულმა ვუპასუხე.
– რომელ სახეობას ანიჭებ უპირატესობას?
– ალბათ, უფრო ფეხბურთს…
– ქართველ ფეხბურთელებს გულშემატკივრობ?
– რა თქმა უნდა, მაგრამ…
– მოდი, მაშინ ქართული ფეხბურთის მაგალითზე გეტყვი… საქმე რომ მხოლოდ ვარჯიშსა და ფიზიკურ აქტივობაში იყოს, ყველა, ვინც ბურთის დაჭერა, დარტყმა და პასის გაკეთება იცის, მსოფლიო ჩემპიონი იქნებოდა… არადა, გამარჯვებისა და ჩემპიონობის არსი სულ სხვა სიღრმეშია.

მერლინმა პატარა პაუზა გააკეთა, დარწმუნდა, რომ გულისყურით ვუსმენდი და განაგრძო:

– ის, რაც პირველ რიგში უნდა შექმნა, არის – დამცავი გარსი გარე სამყაროსგან. ეს არის სიმშვიდის ტერიტორია შენს შიგნით. ეს არის ცნობიერი გადაწყვეტილებების მიღების ტერიტორია, ადგილი, სადაც არავის შეუძლია შემოსვლა. რაც არ უნდა ხდებოდეს გარეთ, სულ რომ გამოუვალი მდგომარეობა იყოს, იქ ყოველთვის სიმშვიდეა.

მოწინააღმდეგე გჯობნის? ყველა შენ წინააღმდეგ ამხედრდა? ყველაფერი თავდაყირა დადგა? მნიშვნელობა არ აქვს! ამ ტეროტორიაზე შენ ყოველთვის ჩემპიონი ხარ და არაფერს ძალუძს, შემოაღწიოს იქ და შენი მდგომარეობა შეცვალოს. ეს შენი განახლებისა და ჩემპიონობის ტერიტორიაა.

რაც არ უნდა ხდებოდეს, ყოველთვის გახსოვდეს ეს ადგილი შენში და იცოდე, რომ იქ ყოველთვის არსებობს გამოსავალი. იქ ყოველთვის აღმოაჩენ კომბინაციას, რომელიც მიგიყვანს გამარჯვებამდე. ნამდვილი გამარჯვება არ საჭიროებს არავის დამარცხებას, ის თვითკმარი და თავისთავადია. მთავარია, არ დაუშვა, რომ ჩიხში შეხვიდე და ისე დაანაგვიანო შენი ცნობიერება და სხეული, რომ წვდომა დაკარგო ამ ტერიტორიასთან.

მერლინი კვლავ შეჩერდა და პირდაპირ თვალებში ჩამხედა…
ეს იყო მისი შეგნებული პაუზა, რათა კითხვა დამესვა და მონოლოგის ნაცვლად, დიალოგში გადასულიყო ჩვენი საუბარი.

– ძალიან მაგარია, რასაც ახლა შენ მეუბნები, მაგრამ როგორ? როგორ გადავიდე ამ მდგომარეობაში? ვკითხე მე.

– არასოდეს იწუწუნო, არ ჩავარდე დეპრესიაში, არ გაიკარო ადამიანები, რომლებიც პრობლემური აზროვნებითა და წუწუნით ამ ტერიტორიაში შესასვლელ კარს გინაგვიანებენ და გიხერგავენ. ამ მდგომარეობაში შესვლას პრაქტიკა სჭირდება… პირველ რიგში, მიიღე, რომ ეს ტერიტორია არსებობს შენში, შემდეგ კი დაიწყე დაკვირვება, უბრალო, ნეიტრალური და მიუკერძოებელი დაკვირვება გვერდიდან, ყოველგვარი განსჯისა და შეფასებების გარეშე. იცოდე, რომ ამ სივრცეში შენ ყოველთვის გაქვს არჩევანი და რწმენა იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ამ მდგომარეობას ვერავინ ვერასდროს წაგართმევს. შენ არასოდეს დამარცხდები, თუ თავად არ გადაწყვეტ ამის გაკეთებას.

გახსოვდეს – ცხოვრება თამაშია, ხოლო მოთამაშეთა ორი კატეგორია არსებობს: პირველი აცხადებს: ვთამაშობ იმისთვის, რომ არ წავაგო; მეორე კი ამბობს: ვთამაშობ იმისთვის, რომ მოვიგო. ადამიანი, რომელიც საკუთარი ფასეულობებისა და ძლიერი მხარეების საპირისპირო გზით დადის, ცნობიერად თუ არაცნობიერად ირჩევს თამაშს იმისთვის, რომ არ წააგოს. მეორე კატეგორია კი, ყველაფერს სიღრმისეულად უდგება, ცხოვრობს 100% პასუხისმგებლობის გრძნობით და საკუთარი ფასეულობებისა და ძლიერი მხარეების რეალიზებით, ქმნის საზოგადოებრივ ფასეულობას… სინამდვილეში, ეს სამყაროსეული ფასეულობაა. სწორედ ესენი არიან ნამდვილი ჩემპიონები და სწორედ ამიტომ, მათი რაოდენობა იყო, არის და იქნება ცოტა.

GT

გიორგი თვალაძე

წყარო: Business Inteleqtika 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment