ამბავი, რომელიც ნაპოლეონ ჰილის ერთ–ერთ პერსონაჟს გადახდა თავს, ალბათ ბევრისთვის გაკვეთილადაც იქცევა და წარმატების მოპოვებაში დაეხმარება. „ამ შემთხვევამ მასწავლა, რომ არ დავნებდე, რაც არ უნდა გამიჭირდეს“. — ამბობს მისტერ დარბი.
50 ცენტად ღირებული დაჟინებისა და წარმატების გაკვეთილი
ეს ისტორია, დაგარწმუნებთ, რომ „არა“ ყოველთვის არ ნიშნავს არას.
მისტერ დარბი ბიძას, წისქვილში, ხორბლის დაფქვაში ეხმარებოდა. ბიძამისი, ძალიან დიდ ფერმას ფლობდა, რომელშიც უამრავი ფერადკანიანი მუშაობდა. კარები ჩუმად გაიღო და პატარა გოგონა შემოვიდა, ის ერთ-ერთი ფერადკანიანის შვილი იყო.
დარბის ბიძამ თავი ასწია და უხეშად დაიღრიალა:
–რა გინდა?
-დედამ 50 ცენტისთვის გამომგზავნა — უპასუხა გოგონამ.
–მე შენ არაფერს მოგცემ, — უთხრა ბიძამ, — მოუსვი აქედან.
-დიახ სერ, — თქვა გოგონამ, მაგრამ არ განძრეულა.
ბიძა ისე იყო მუშაობით გართული, რომ ეს ვერ შენიშნა, მერე კი როდესაც თავი ასწია და კვლავ გოგონა დაინახა, დაუყვირა.
-სახლში წადი-მეთქი, მოშორდი, თორემ მე შენ გიჩვენებ!
–დიახ სერ, — თქვა ისევ გოგონამ და მაინც არ დაძრულა ადგილიდან.
ბიძამ ძირს დადო მარცვლით სავსე ტომარა, ხელი დაავლო კასრის ფიცარს და მრისხანე სახით გაემართა გოგონასკენ.
დარბის სუნთქვა შეეკრა, ის დარწმუნებული იყო, რომ სასტიკი განაჩენის მომსწრე გახდებოდა. მან კარგად იცოდა ბიძამისის მკაცრი ხასიათი.
როდესაც ის გოგონას მიუახლოვდა, გოგონამ უკან დახევის ნაცვლად მისკენ გადადგა ნაბიჯი, თვალებში შეხედა და მთელი ხმით დაიყვირა:
–დედას 50 ცენტი სჭირდებააა!
ბიძა შეჩერდა, თითქმის მთელი წუთის განმავლობაში უყურებდა მას, მერე ძირს დადო ფიცარი, ჯიბეში ხელი ჩაიყო, ნახევარდოლარიანი ამოიღო და გოგონას გაუწოდა. გოგონამ ფული აიღო და ნელა გაემართა კარებისკენ, მას თვალი არ მოუშორებია იმ ადამიანისათვის, რომელზეც სულ ახლახანს გაიმარჯვა. გოგონას წასვლის შემდეგ ბიძა კასრზე დაჯდა და 10 წუთზე მეტს იყურებოდა სივრცეში…
ნაპოლეონ ჰილი
წიგნიდან „იფიქრე და გამდიდრდი“