„ლამაზი თვალები და ფულიანი მამა სულაც არ არის საჭირო იმისთვის რომ წარმატება მოიპოვო. მთავარი არის – რას გეგმავ, რას ფიქრობ, რას გინდა რომ მიაღწიო … ყველაზე მთავარი კი დაუღალავი შრომაა“, – ამბობს ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი დიზაინერი თეო ოთარაშვილი და თავის ამერიკულ წარმატებებს ფბ.მეგობრებს უზიარებს.
თეო ოთარაშვილი: არავის ეგონოს რომ ნიუ-იორკში ჩამოვედი და გამიმართლა, ეს ყველაფერი მინიმუმ 25 წლის თავაუღებელი შრომის შედეგია. რასაც ჩემი ჯანმრთელობაც შეეწირა, მაგრამ შემთხვევით არაფერი ხდება. ესეც საჭირო იყო, იმისთვის რომ ბევრად უფრო ძლიერი ვყოფილიყავი.
მინდა გაგიზიაროთ ჩემი ნამუშევარი COACH – VIP ხაზისთვის. გიპიური და ყვავილები მანქანით ნაქარგია შიფონზე. გოფრეს ხელით შესრულებული. ჯერჯერობით მხოლოდ ქსოვილია, ნაწარმსაც შემოგთავაზებთ როგორც კი შეიქმნება“.
ეს ხდება დღეს, თეოს უშუალო მონაწილეობით ნიუ- იორკში, ერთ-ერთი ცნობილი ხაზისთვის ულამაზესი ქსოვილები და სხვადასხვა სახის ნაწარმი იქმნება. წლების წინ კი იყო მხოლოდ ოცნება ამერიკაზე და დაუღალავი შრომა, არა მარტო პროფესიასთან დაკავშირებით, არამედ პიროვნულ ზრდასა და განვითარებაში. უფრო ადრე კი იყო ბრძოლა გადარჩენისთვის, სიცოცხლეში დასაბრუნებლად…
რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ტრენინგზე მოვხვდით ერთად. ეს იყო თამარ საგინაშვილის საოცრად ეფექტური სამდღიანი მასტერკლასი დანიშნულებასთან დაკავშირებით. რომელიც ბუკნარში გაიმართა. სწორედ იქ გავიცანი თეო. მეგობარს მოჰყავდა ხელკავით, ძალიან ნელი ნაბიჯებით…
პირველი რამაც ფიქრებში გამიელვა იყო სიტყვა – „საბრალო“… რომელიც ძალიან მალევე დავივიწყე 🙂 <3
სასტუმროს ერთ ნომერში აღმოვჩნდით, იქ გავიგე მისი ისტორია, თუ როგორ გაითიშა მუშაობისას, როგორ აღმოაჩნდა დაავდება, რამაც სხეულის პარალიზება გამოიწვია, როგორ მოწყდა წელს ქვემოთ, როგორ „უწინასწარმეტყველეს“ ექიმებმა რომ სამუდამოდ ასეთად დარჩებოდა, როგორ მიატოვა ამ მძიმე წუთებში ქმარმა, როგორ დარჩა პატარა გოგონასთან ერთად საკუთარი თავის ამარა…
როგორ არ დანებდა, როგორ იბრძოლა, როგორ შეძლო, როგორ ადგა, როგორ გაიარა, როგორ დაისახა მიზნები და … მალე თავის დიდ ოცნებასაც განახორციელებს – ამერიკაში გაემგზავრება და ცნობილი დიზაინერი გახდება.
მანამდე კი აქ, საქართველოში სხვებისთვის მოაქვს ბედნიერება და ეს აძლევს ძალას… თავისი სალონი აქვს აღმაშენებელზე, სადაც ქმნის დადებითი ემოციით დამუხტულ საოცრად ლამაზ საქორწინო კაბებს…
თბილისში დაბრუნებისთანავე თეოს სალონს ვეწვიე და აღფრთოვანებასთან ერთად გაოცებულიც დავრჩი. აღფრთოვანებული ნამუშევრით, გაოცებული რაოდენობით. მაშინ გავიგე თეოსგან, რომ მუშაობდა მაშინაც კი როცა წელს ქვემოთ მოწყვეტილი იყო.
„მე ესკიზებს ვხატავდი, მეგობრები და ახლობლები კი კერვაში მეხმარებოდნენ, საკერავი მანქანის „პედალს“ ისინი აჭერდნენ ფეხს… არ გავჩერებულვარ !“
აი, ასე იქმნება მეგობრებო წარმატება !!! …
თამარ საგინაშვილის ტრენინგის შემდეგ, მე და თეო რამდენიმე ტრენინგზე მოვხვდით ერთად. არასოდეს დამავიწყდება ფსიქოლოგ ხათუნა მუზაშვილის მიერ საახალწლოდ ჩატარებული „ოცნებებისა და მიზნების ასრულების მასტერკლასი“, სადაც იმ მიზნებზე ვმუშაობდით, რომელთაც ერთ წელში აუცილებლად ავისრულებდით.
ჩვენი სურვილები ფურცელზე უნდა დაგვეფიქსირებინა, მერე ფურცელი კონვერტში ჩაგვედო, კონვერტი დაგველუქა და ხათუნასთვის გადაგვეცა. კონვერტის გახსნის საშუალება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გვეძლეოდა.
ყველაზე გამორჩეული ადამიანი, რომელიც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა და ზედმიწევნით ასრულებდა მუზაშვილის ყოველ დავალებას თეო ოთარაშვილი იყო. 15 მონაწილიდან სწორედ თეო ოთარაშვილს აუსრულდა ყველა ის სურვილი, რომელიც დალუქულ კონვერტში ერთი წლის მანძილზე ინახებოდა. კონვერტი თავად არ გაუხსნია, რადგან მომავალ ახალ წელს თავის საოცნებო ნიუ-იორკში შეხვდა. ეს იყო იმ კონვერტში მოკალათებული ერთ-ერთი სურვილთაგანი …
დღეს კი თეოს სტატუსს, მის სხვა ფბ. მეგობრებთან ერთად მეც გავეცანი და გამიელვა, რომ ეს ის გოგოა, რომლის ცხოვრება, შემართება, მიზანდასახულობა და ბრძოლის ჟინი ყოველთვის სტიმულსა და დიდ მოტივაციას მაძლევდა და მაძლევს დღესაც.
გამახსენდა თეოს დაუღალავი გზა და მომინდა თქვენთვისაც მომეყოლა მცირედი, და ამით მეთქვა – თქვენი ოცნებებით არასოდეს დაიღალოთ, თქვენს ცხოვრებაში რაც არ უნდა მოხდეს მაინც არ გაჩერდეთ, დაეცემით? წამოდექით, ისევ დაეცემით? ისევ წამოდექით, არასოდეს დანებდეთ, იბრძოლეთ, იმოქმედეთ… და აუცილებლად გამოჩნდება გზა, გზა, რომელიც ოცნებასთან მიგიყვანთ …
თეო, მადლობა იმ მუხტისთვის რომელსაც მაძლევ <3
სიყვარულით
დეა თავბერიძე