fbpx

„მე გადავრჩი, მაგრამ ბევრი ვერ გადარჩა, მინდა ყველა გადარჩეს!“

ავტორი დეა თავბერიძე
242 ნახვა
0 კომენტარი
3

რატომ აშინებთ ბავშვთა სახლის მოზარდებს 18 წელი?

რატომ არ უხარიათ საკუთარი დაბადების დღე?

და რა ხდება მაშინ, როდესაც მათ ბავშვთა სახლის დატოვება უწევთ?

„მთავარი პრობლემა ის არის, რომ 18 წლის შემდეგ ეს ადამიანები ქუჩაში რჩებიან. სისტემა მათ გარეთ უშვებს და სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირი ზრუნვა ეხსნებათ. ვისაც არავინ ჰყავს, სრულიად დაუცველი რჩება,“- მეუბნება ლევან ჩახაია, ბიჭი, რომლის გულისტკივილი, სამომავლო მიზნები და დიდი ოცნებაც ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს უკავშირდება.

ლევანმა მათი ცხოვრება ძალიან კარგად იცის, რადგან თავადაც ეს რთული გზა გაიარა – ბავშვთა სახლიდან თვითდამკვიდრებამდე. სტუდენტიც გახდა, პროფესიაც შეიძინა და დღეს იმ გამონაკლისთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც, ცხოვრებისეული სირთულეების მიუხედავად, საკუთარ თავზე გამარჯვება და წარმატების მოპოვება შეძლო. ის ახლა ბავშვთა სახლების სხვა ბავშვებს ასწავლის, როგორ გაუმკლავდნენ ცხოვრებისეულ სიძნელეებს, როგორ გაძლიერდნენ და როგორ გახდნენ დამოუკიდებლები.

ლევან ჩახაია: ბავშვთა სახლში 14-დან 18 წლამდე ვცხოვრობდი, შემდეგ საკმაოდ რთული პროცესები გავიარე, გამოცდილება მივიღე და გადავწყვიტე, იმ საქმიანობაში ჩავერთო, რომლის დახმარებითაც ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს ცხოვრების ასპარეზზე გასვლისას სირთულეების დაძლევაში დავეხმარები. ოთხი წელია, ახალგაზრდულ სახლში ვმუშაობ. მე და ჩემი თანამოაზრეები ვცდილობთ, გავაძლიეროთ და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოვამზადოთ ის ახალგაზრდები, რომლებიც ბავშვთა სახლებს ტოვებენ.

რას აკეთებთ ამისთვის?

– პირველ რიგში, ვთავაზობთ ფსიქოლოგთან კონსულტაციებს, სხვადასხვა თერაპიულ აქტივობებს, რომლებიც მათი რეაბილიტაციისა და ფსიქოლოგიური გაჯანსაღების მიზნით არის შექმნილი. გადიან ასევე პროფესიულ ტრენინგებს; ეუფლებიან სხვადასხვა პრაქტიკულ პროფესიას; სწავლობენ, როგორ გაიარონ გასაუბრება. შემდეგ ვასაქმებთ. ერთ-ერთი სერვისია საცხოვრებლის შეთავაზებაც, მაგრამ რესურსი იმდენად მცირეა, რომ ვერ ვახერხებთ, ყველას მოვემსახუროთ.

ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემს გუნდთან ერთად, დამეფუძნებინა ორგანიზაცია, რათა კიდევ უფრო მეტი და ახალი სერვისი შეგვეთავაზებინა ამ ადამიანებისთვის. რეალურად, ყველაზე დიდი პრობლემა საცხოვრებელია. შეიძლება არსებობს ორგანიზაცია, რომელიც 10 ადამიანს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს, მაგრამ შემდეგ ისინი ისევ გარეთ რჩებიან… შეიძლება ვასაქმებთ კიდეც და მერე დამოუკიდებლად ვუშვებთ, რომ ბინა იქირაონ და ასე გააგრძელონ ცხოვრება, მაგრამ კოვიდის პერიოდმა გვაჩვენა, რომ სტაბილური არაფერია. ამ პერიოდში ჩვენი სამიზნე ჯგუფიდან აბსოლუტურად ყველამ დაკარგა სამსახური. ვინც ქირით იყო, ქუჩაში დარჩა…

– სახელმწიფო რას აკეთებს ამ დროს?

– არაფერს, სახელმწიფო ამ ადამიანების ცხოვრებაში აღარ ერევა. არადა, თუ ის ზრუნავს დევნილებზე, სოციალურად დაუცველებზე და მათ საცხოვრებლით უზრუნველყოფს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, აუცილებელია, იმ ახალგაზრდებზეც იზრუნოს, რომლებიც 18 წლის ასაკში ბავშვთა სახლებს ტოვებენ.

ჩემი ორგანიზაცია ახლა სწორედ ამაზე მუშაობს. იმ ბავშვების მონაცემთა ბაზას ვაკეთებ, რომლებიც ბავშვთა სახლებს ტოვებენ. ზოგი დედასთან და მამასთან ბრუნდება, არის ასეთი შემთხვევებიც, მაგრამ არიან უდედმამოებიც და ისეთებიც, რომლებსაც არცერთ სისხლით ნათესავთან არ აქვთ კონტაქტი. იმ ბავშვთა მონაცემთა ბაზა, რომლებიც  უდედმამოები არიან და ქუჩაში რჩებიან, სახელმწიფოს არ გააჩნია. მინდა, მთელი საქართველო მოვიარო და მცირე საოჯახო ტიპის ყველა ბავშვთა სახლი შევისწავლო, მერე კი, როცა მონაცემთა ბაზა იარსებებს, უკვე სახელმწიფოსთან და სხვა კერძო სტრუქტურებთან ერთად ადვოკატირება გავაკეთო და სახელმწიფოს ვთხოვო კონკრეტული დახმარება, თუნდაც დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა – 10 ან 5 წლით, რომ ბავშვები ქუჩაში არ დარჩნენ. ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი.

– ლევან, თქვენ დაგეხმარათ ვინმე, ქუჩაში რომ არ დარჩენილიყავით?

– ძალიან დამეხმარა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია. ის მაშინ ერთადერთი იყო, რომელიც ბავშვებს  ცხოვრების შანსს აძლევდა. ამ ორგანიზაციამ უცხოელ დონორებთან დამაკავშირა. მათ კი თავიანთ თავზე აიღეს ბინის ქირისა და სწავლის საფასური, ასევე სხვა საჭიროებები… მე ასე გადავრჩი, მაგრამ ბევრი ვერ გადარჩა, მე გამიმართლა.

– „ვერ გადარჩაში“ ქუჩის უარყოფით ზეგავლენას გულისხმობთ? გაქვთ ამის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია?

– დიახ… გარდა იმისა, რომ პირადად მქონია შეხება, ამ საკითხებზე წლებია ვმუშაობ. როცა სახლი არ მაქვს, ვერ ვიფიქრებ, რომ მივიღო განათლება, შესაბამისად, ძალიან მძიმე შრომის ფასად მიწევს, თავი გადავირჩინო. ზოგს იმის უნარიც კი არ აქვს, რომ დამოუკიდებლად იცხოვროს და გადარჩეს. შეიძლება ბევრს გაუკვირდეს და თქვას – 18 წლის ახალგაზრდას რატომ არ აქვს უნარი, რომ სადმე იმუშაოს? ამ ადამიანებს რატომღაც არ ამზადებენ, რომ დამოუკიდებლად და თავისუფლად ინტეგრირდნენ საზოგადოებაში. ბავშვთა სახლებიდან აბსოლუტურად ასოციალური ადამიანები გამოდიან.

– ანუ, სახელმწიფომ და იმ სახლმა, სადაც ეს ბავშვები ცხოვრობენ, პირველ რიგში იმაზე უნდა იზრუნოს, რომ ისინი ცხოვრებისთვის მოამზადოს, აუცილებელი უნარ-ჩვევებით აღჭურვოს და ძლიერ და მტკიცე ადამიანებად გაზარდოს.

– დიახ. 18 წლამდე ეს ბავშვები სისტემაში არიან და სწორედ სისტემამ უნდა მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. მათ ბევრი რამ არ იციან. ელემენტარულად არ იციან საჭმლის მომზადება, რადგან 18 წლამდე მზარეული ემსახურებათ. არ იციან, როგორ ეძებონ სამსახური, როგორ იქირაონ ბინა, როგორ იმუშაონ, არ აქვთ სამუშაო უნარ-ჩვევები. ზოგი იმდენად უუნაროა, რომ არ შეუძლია, რაღაც მონახოს და გადარჩეს. პირველ რიგში, ეს არის კრიმინალისა და პროსტიტუციის რისკი და ამის ძალიან ბევრი მაგალითის თვითმხილველი ვარ პირადად მე.

– რამდენი ადამიანი ტოვებს ყოველ წელს ბავშვთა სახლს?

– ეს იმდენად პატარა რიცხვია, რომ სახელმწიფოს ნამდვილად არ უნდა გაუჭირდეს მათზე ზრუნვა. დაახლოებით 100 ადამიანი. ზოგმა წერა-კითხვაც არ იცის. არ ვიცი, როგორ ხდება ასე, მაგრამ ასეთებიც არიან. ზოგს ანგარიშები აქვს დაყადაღებული, იმის გამო რომ ავტობუსის ჯარიმა არ გადაიხადა და მერე ეს ძალიან დიდ თანხაზე ავიდა. იურიდიულადაც ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, სახელმწიფოსთან ერთად.

– რას უსურვებ ამ ახალგაზრდებს, შენი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე?

–  აღარ ეშინოდეს, რომ 18 წლის გახდება და ქუჩაში დარჩება. ეს შიში მოიხსნას! ეს არის ჩემი ძალიან დიდი ოცნება. სხვა მოზარდებს უხარიათ, სრულწლოვანები რომ ხდებიან, ბავშვთა სახლში კი პირიქითაა, არ უნდათ 18 წლის გახდნენ, რადგან ქუჩაში დარჩენა ემუქრებათ. გამუდმებით ფიქრობენ – რა მეშველება? სად წავიდე? რა ვქნა?

არადა შეიძლება, ისე გაკეთდეს, რომ ისინი რეალიზებულნი და სასარგებლონი იყვნენ საკუთარი თავისთვისაც და საზოგადოებისთვისაც…

თითოეულს ვუსურვებ, მაქსიმალურად იმუშაონ საკუთარ თავზე, მოინდომონ და ყველა მიმართულებით განვითარდნენ. პიროვნულად გაიზარდონ. უთხრან თავს – მე უნდა გავხდე ბევრად ძლიერი, ვიდრე ვარ. მე ეს შემიძლია! და თუ მოინდომებენ, ნამდვილად შეძლებენ, ყველა შეძლებს!

ჩვენ კი ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მათ ცხოვრების შანსი მივცეთ. მე მომცეს ცხოვრების შანსი და გადავრჩი. ძალიან მინდა, ყველა გადარჩეს. ეს შესაძლებელია!

დეა თავბერიძე

0 კომენტარი
3

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი