ამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ერთი საოცრად კარგი გოგო ნენე ლელაშვილი აღმოვაჩინე და მინდა „ჟოლოს“ მკითხველსაც გავაცნო. ნენე, მაგალითია იმისი, თუ როგორ უნდა გააკეთო სიკეთე უანგაროდ. ვინც პიროვნული ზრდით და განვითარებით არის დაკავებული და დიპაკ ჩოპრას სიუხვის 21 დღიან მარათონშია ჩართული კარგად იცის ამ სიკეთის ძალა. რადგან ეს მარათონი ნენეს დამსახურებაა. ვინც ჩართული არ ხართ და სურვილი გაგიჩნდათ გული არ დაგწყდეთ, აუცილებლად მოგიწვევთ, მერე თქვენ სხვას გააბედნიერებთ და ასე, თუმცა, ამაზე ცოტა მოგვიანებით მანამდე ნენე გავიცნოთ.
ნენეს უკავშირდება ასევე ის ფაქტიც , რომ სოციალურ ქსელში ერთ-ერთ პოპულარულ გვერდზე, insight timer, სადაც მსოფლიოში ცნობილი მედიტაციაებია განთავსებული, სხვა ენებთან ერთად მედიტაციას ქართულ ენაზეც მოისმენთ.
– ნენე, insight timer-ზე, ქართული ხმის აღმოჩენა დიდი სიამოვნება და ბედნიერებაა, როგორ მოხდა ეს ?
–insight timer– ი, – ეს საოცარი აპლიკაცია, სადაც 100 000-მდე უფასო მედიტაცია და მედიტაციის მუსიკაა თავმოყრილი გასული წლის პანდემიის დროს, აღმოვაჩინე.
პარამეტრებში შესაძლებელია 5 ენის არჩევა (მსოფლიოს თითქმის ყველა ენიდან) რომელ ენაზეც გსურთ მედიტაციების მოსმენა. როდესაც ენებს ვირჩევდი გული დამწყდა, როცა ქართული ენა ვერ აღმოვაჩინე და სწორედ ამ მომენტიდან ჩაეყარა საფუძველი იდეას, რომ შემექმნა მედიტაციები ქართულ ენაზე და გამეზიარებინა ისინი ამ აპლიკაციის საშუალებით. insight timer – ის დამხმარე გუნდი, ძალიან მხარდამჭერი აღმოჩნდა და გარკვეული დროის შემდეგ, მათ დაამატეს ქართული ენა აპლიკაციის პლატფორმაზე და დღეს თქვენ შეგიძლიათ უკვე აირჩიოთ პარამეტრებში ქართული ენა და მოისმინოთ გიდირებული მედიტაციები ჩვენს მშობლიურ ენაზე.
– დიპაკ ჩოპრას 21 დღიან მარათონზეც მინდა გკითხო და მადლიერება გამოვხატო, რადგან სწორედ შენი დამსახურებით ბევრი ადამიანი ჩაერთო „სიუხვის ფერხულში“ და სამყაროს კანონებს ეზიარა. როგორ გაჩნდა დიპაკ ჩოპრას თარგნის სურვილი?
– ისევ და ისევ პანდემიის დროს : ) მკაცრი შეზღუდვების პერიოდში, ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა შემოთავაზება, დიპაკ ჩოპრას – 21 დღიანი მარათონში ჩასართველად. მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე მქონდა ჩემი ყოველდღიური მედიტაციის პრაქტიკა გადავწყვიტე მომესინჯა. ეს პროგრამა ჩემთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა თავისი ყიველდღიური დავალებებით და მანტრა მედიტაციებით და გამიჩნდა სურვილი მისი ჩემი ახლობლებისთვის გაზიარების. თუმცა, ნახევარ მათგანთან ვერ შევძელი გაზიარება ენის ბარიერის გამო (პროგრამის ორიგინალი ვერსია ინგლისურ ენაზეა). ამიტომაც ვთარგმნე ქართულად. ეს იყო ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა შემექმნა ეს პროგრამა ქართულ ენაზე და გამეზიარებინა ის ქართველი აუდიტორიისთვის.
– შენ შესახებაც მოგვიყევი – ვინ ხარ, რამდენი ხანია რაც მედიტაციით, პიროვნული ზრდით და ფსიქოლოგიით დაინტერესდი და როგორ იპოვე შენი გზა ?
– თინეიჯერობიდან მოყოლებული ვიყავი დაინტერესებული ფსიქოლოგიით და ფილოსოფიით, თუმცა, ამ ტერმინებს მიღმა რომ შევიხედოთ, ვიტყოდი რომ რეალურად ვიყავი დაინტერესებული საკუთარი თავის შეცნობით. ცხოვრების ერთ-ერთ ეტაპზე დამიდგა ძალიან კრიზისული პერიოდი – ეს იყო მომენტი როდესაც აღარაფერი აღარ მსურდა, დავანებე სამსახურს თავი, გერმანიაში ვაპირებდი სწავლის გაგრძელებას – ეს იდეაც მივატოვე და დავრჩი მარტო საკუთარ თავთან. რა მინდოდა? და ვინ ვიყავი? – ეს კითხვები ყოველთვის მაწუხებდა, თუმცა, ამ პერიოდისთვის განსაკუთრებულად გამძაფრდა.
ვიზოლირდი ყველასგან, ამოვიღე ჩემი ლექსიკონიდან სიტყვა ,,უნდა’’ და დავიწყე იმის კეთება რაც გულწრფელად მსურდა, ვკითხულობდი მხოლოდ იმას რაც ჩემს გულთან ახლოს მოდიოდა და ვეკონტაქტებოდი მხოლოდ იმ ადამიანებს ვინც ,,ჩემს ენაზე საუბრობდა’’. ამ თვითშემეცნების ეტაპზე წავაწყდი ისეთ წიგნებს და ინფორმაციას რამაც, მედიტაციამდე მიმიყვანა. თავდაპირველად გამიჭირდა ჩემი ქაოტური გონებით მედიტაციის დაწყება, თუმცა ძალიან დამეხმარა სხეულზე ორიენტირებული მედიტაციები, როგორიც არის: სხეულის სკანირება და იოგა ნიდრა (იოგური ძილი). თუ აქამდე მეგონა რომ მთელი ჩემი განძი ჩემი გონება იყო და რაც შეიძლბე მეტი უნდა მეფიქრა : ) ამ მედიტაციების საშუალებით აღმოვაჩინე და დავაფასე სხეულის ძალა, აღმოვაჩნე რომ, თურმე ჩვენი სხეული, დიდ სიბრძნეს და ინფორმაციას ინახავს, მთავარია მისი მიყურადება ფიქრებს მიღმა.
პირადი ფსიქოთერაპიის ერთ-ერთ სეანსზე, მქონდა ძალიან ძლიერი გაცნობიერება იმისა, რომ – თუ ჩემი მეგობრების თუ თანაკლასელების ბავშვობის ოცნება იყო გამხდარიყო: ექიმი, ადვოკატი, მეცნიერი თუ ისტორიკოსი, ჩემი გულითადი სურვილი იყო გავმხდარიყავი ის ვინც სინამდვილეში ვარ – ,,ნამდვილი მე’’. სწორედ მედიტაციამ ითამაშა ერთ-ერთი (თუმცა არა ერთადერთი) ყველაზე დიდი როლი, იმაში რომ მე მივახლოვებოდი ჩემს ნამდვილ მეს.
დღესდღეობით მედიტაცია არის ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი: როგორც შხაპის მიღება და კბილების გახეხვა არის სხეულის ჰიგიენა, მედიტაცია ჩემთვის არის, შინაგანი და სულიერი ჰიგიენა.
მედიტაციამ და აღმოსავლურმა ფილოსოფიამ, მიმიყვანა გეშტალტ თერაპიამდე. ამ მომენტისთვის მე ვარ დ. უზნაძის სახელობის თბილისის ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტი და ვაპირებ ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დავიწყო პირადი ფსიქო-თერაპიული პრაქტიკა და გავაგრძელო ისეთი პროგრამების შექმნა, რომელიც დაეხმარება ქართველ აუდიტორიას თვითშემეცნებაში, პიროვნულ და სულიერ ზრდაში.
„ჟოლოს წარმატების მარათონი“ დიპაკ ჩოპრას და ნენეს სიკეთის წყალობით „სიუხვის გაკვეთილებით“ იწყება . ჩართვა უფასოა. ასე რომ ვისაც სურვილი გაქვთ ჩაერთოთ 21 დღიან მარათონში გადადით ლინკზე – 21 დღის განმავლობაში თქვენ მიიღებთ მნიშვნელოვან დავალებებს და მედიტაციებს, სიუხვის ( ბარაქის, სისავსის) თემაზე.
2 კომენტარი
მინდა წარმატების მარათონი.
გაიხარეთ.მე თქვენ სუყველას გისურვებთ ბედნიერებას