„გამოსავალი არსებობს ყოველთვის! მთავარია, დავინახოთ“ — ამბობს თამარ საგინაშვილი და იმ გზას გვთავაზობს, რომელიც თითოეულს ცხოვრების შეცვლასა და მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარება. მთავარია მიჰყვეთ რჩევებს და მოქმედება არ დაიზაროთ.
როდის იწყება ცვლილებები?
მაშინ, როცა მიზნებს ვისახავთ?
იქნებ როდესაც მიზნებს გეგმებად გავწერთ?
ანდა, როცა მოქმედებებს ვიწყებთ?!
მაგრამ ამ ყველაფერს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ უძღვის წინ!
რის გარეშეც მიზნები მიზნებად რჩება და გეგმები — გეგმებად!
როდესაც ამას მივხვდი, ჩემს ცხოვრებაში სასწაულები დაიწყო. თუმცა, სასწაულები უფრო ადრე დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამ ყველაფერს ინტუიტიურად ვაკეთებდი და არ ვაანალიზებდი და არ მესმოდა, რა და როგორ ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში.
გამოჯანმრთელებაც, საკუთარი თავის ძიებაც, წინსვლაც, პიროვნული ზრდაც მაშინ დაიწყო, როცა მე გადავწყვიტე, რომ ძველებურად აღარ ვიცხოვრებდი, როცა გადავწყვიტე, რომ ჩემი, აუხდენლობით «შეშინებული» ოცნებები უკვე ვეღარ დარჩებოდნენ ოცნებებად.
მაშინ მე ეს გადავწყვიტე ისე, რომ არც კი დავფიქრებულვარ, რა შეიცვალა ჩემში!
გადაწყვეტილება! აი, საიდან იწყება ცვლილებები!
ადამიანების უმეტესობას უჭირს გადაწყვეტილების მიღება და ამას სიამოვნებით მიანდობს სხვას. მათი ცხოვრებაც, შესაბამისად, სხვადასხვა ადამიანების გადაწყვეტილებების გაუგებარი «აჯაფსანდალია»! ჩვენს ცხოვრებას ჩვენ ვმართავთ.
ამიტომ იქნებ ახლავე დაფიქრდეთ და უპასუხოთ კითხვას: რომელ თქვენს გადაწყვეტილებას (რომელსაც დიდი ხანია «ბლოკავთ») შეუძლია საფუძვლიანად გააუმჯობესოს თქვენი ცხოვრება? და არ გააგრძელოთ კითხვა, სანამ პასუხს არ მიიღებთ!!! …
იპოვეთ პასუხი? უკვე იცით, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ გადადგათ პირველი ნაბიჯები ცვლილებების გზაზე? არა?
ერთი კარგი ქართული სიტყვა გამახსენდა — მიაყურისძირა 🙂 გაგიგონიათ? ჰოდა, ძალიან ხშირად სწორედ ისე ვაყურისძირებთ ყველაზე მნიშვნელოვანს ჩვენს ცხოვრებაში, როგორც ახლა ზოგიერთმა თქვენგანმა ( ეჭვი მაქვს რომ უმრავლესობამ:))) მიაყურისძირეთ ეს მნიშვნელოვანი კითხვა.
და იმისათვის, რომ ასე აღარასოდეს მოექცეთ საკუთარ თავს, იმისათვის, რომ საკუთარ თავთან ურთიერთობა, კითხვების დასმა და შესაბამისი პასუხების მიღება თქვენთვის სასიამოვნო და სასარგებლო «საქმიანობა» გახდეს, იმისათვის, რომ შეამჩნიოთ და სიყვარულით აავსოთ ის უნიკალური პიროვნება, რომელიც თქვენ ხართ და გამოიყენოთ მისი ამოუწურავი შესაძლებლობები, მიიღეთ გადაწყვეტილება!!!
21-ე საუკუნემ უნიკალური ცოდნის «ვარსკვლავთცვენა» მოგვიწყო! პირდაპირ თავზე გვეყრება სამყაროს კანონების, ჩვენი შესაძლებლობების, ცხოვრების მოწყობის წესების შესახებ ინფორმაციები! მხოლოდ სიყვარულით და მადლიერებით უნდა მიიღოთ, გაიაზროთ და გამოიყენოთ! ნებისმიერი თქვენი გადაწყვეტილების განხორციელების პოტენციალი უკვე არის თქვენში.და თუ მარტოს გიჭირთ მისი მიგნება, აუცილებლად იპოვით ადამიანს, რესურსს, წიგნს, ფილმს, ტრენინგს თუ უბრალოდ ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ ამ პოტენციალის აღმოჩენაში.
ყველას თავისი გზა აქვს. მთავარია ამ გზამ ბედნიერების «სამფლობელომდე» მიგიყვანოთ! მიიღეთ თქვენთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და თქვენი ცხოვრება შეიცვლება!
თამარ საგინაშვილი