რამდენიმე დღის წინ, ვარკეთილში, ბავშვთა დღის ცენტრში ვიყავი და ქართველი ემიგრანტების ნათია ხარებაშვილის და სოფო ფოცხვერაშვილის დამსახურებით პატარები წიგნებით გავახარე.
სახლისკენ მიმავალს უცხოეთიდან მეგობარმა ნინა ორჯონიკიძემ დამირეკა, საქართველოში მოვდივარ და ერთი კვირით დარჩენას ვაპირებო. ნინა ქოუჩია და ბევრს დახმარებია არტ-თერაპიით. ჰოდა, ბავშვებისგან გამოყოლილი ემოცია გავუზიარე თუ არა, იმ წამსვე კიდევ ერთი ვიზიტი დავგეგმეთ ბავშვთა ცენტრში, ამჯერად არტ-თერაპიის სეანსით, რომელსაც ნინა ჩაატარებდა. ❤️
გზად , დღის ცენტრის დირექტორის ნინო ქუმსიშვილის პოსტიც წამომეწია, – ჩვენს ცენტრს “ბედნიერების ელჩი” ჰყავსო წერდა.
ამ პოსტმა ძალიან იმოქმედა 🙏
ნინასთან საუბრის შემდეგ, კიდევ ერთ მეგობარს, ჩაის სახლის ერთ-ერთ დამფუძნებელს დავურეკე, ადრე მისი ინიციატივით და დამსახურებით პანსიონატის მოხუცებს ვახარებდით ზღაპრული სადილით, ვიცოდი არც ახლა მეტყოდა უარს და უგემრიელეს ნამცხვრებს გამატანა ბავშვებთან… ასე ვესტუმრეთ “ჩაის სახლის” გემრიელობებით ხელდამშვენებულები მე და ნინა ბავშვებს.
ნინას ყოფნამ სულ სხვა ელფერი შემატა შეხვედრას, ვიმხიარულეთ, დავხატეთ, ნინამ და ბავშვებმა ნახატები “გაარჩიეს”, მერე ყველამ ერთად ნამცხვრები დავაგემოვნეთ და სამახსოვრო ფოტოებიც გადავიღეთ.
ეს იყო ერთი ლამაზი დღე, სითბოთი და სიყვარულით სავსე, დადებითი ენერგიები გავცვალეთ და ყველამ ერთად ერთმანეთი გავაბედნიერეთ …
– რა დიდი ძალა აქვს თუნდაც სულ პატარა სიკეთესო – მითხრა ნინამ , როცა უკან ვბრუნდებოდით.
სანამ ბავშვებს დავემშვიდობებოდით, მათი ერთი სურვილის შესახებაც შევიტყვეთ, – ორსართულიანი ავტობუსით უნდათ თბილისის დათვალიერება. ვიცი, გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები და ამ სურვილსაც მალე ავუსრულებთ პატარებს.
მანამდე კი მადლობა მინდა გადავუხადო სოფო ფოცხვერაშვილს და ნათია ხარებაშვილს, რომ არა სოფოს ლექსები და ნათიას სურვილი და ჩართულობა ეს დღე არ იქნებოდა.
მადლობა ჩაის სახლის დამფუძნებელს, რომელმაც მითხრა, რომ სხვა ბავშვებთანაც ასე გემრიელობებით ხელდამშვენებული მივიდოდი.
მადლობა ჩემს საოცარ მეგობარს ნინა ორჯონიკიძეს, უცებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის და იმ დიდი საქმისთვის, რომელიც ბავშვებისთვის გააკეთა.
მადლობა ქალბატონ ნინო ქუმსიაშვილს, რომელიც ასე ზრუნავს პატარებისთვის და ყველაფერს აკეთებს რომ მათ ცხოვრება გაულამაზოს.
და მადლობა თქვენ ჩემო პატარა მეგობრებო იმ ენერგიისთვის , გულწრფელობისთვის და სითბოსთვის, რომელიც დიდხანს გამყვება და ცხოვრების იმ დიდი გაკვეთილისთვის რომელიც თქვენგან მივიღე. ❤️
P.S დღეს, ესპანეთში მყოფ ბავშვობის მეგობარს ნინოს ვესაუბრე. ზუსტად იმ დროს დავრეკე , როცა საქართველოში მცხოვრები პატარებისთვის ამანათს ამზადებდა. თვალები უბრწყინავდა, ნახე რა ლამაზ-ლამაზი რამე-რუმეები ვუყიდე ბავშვებსო – სიუჟეტი უნახავს სამშვილიან მარტოხელა დედაზე და … ნათიას მსგავსად ნინომაც მეგობრები შემოიკრიბა, ფული ააგროვა, პატარებს საჭირო ნივთები და სამოსი უყიდა და მათი გახარება ასე გადაწყვიტა…
გაუკვირდება ალბათ როცა აქ თავის სახელს ამოიკითხავს, მაგრამ ძალიან მომინდა მისი სიკეთის ამბავი აქაც გამეზიარებინა…
იმრავლეთ და იხარეთ სიკეთის ადამიანებო
გავაბედნიეროთ ერთმანეთი ❤️
დეა თავბერიძე
სიკეთის ადამიანები – ისტორია 1