fbpx

თუ სურვილს არ აისრულებ – წაგართმევს სასიცოცხლო ენერგიას

ავტორი ჟოლო
1,044 ნახვა

სურვილი სასიცოცხლო ენერგიაა, უფრო სწორად სურვილს მიაქვს ჩვენგან ეს ენერგია და მის ასრულებას უკან მოაქვს. ბუნებრივია სურვილი მხოლოდ სიცოცხლის პერიოდში შეიძლება გაგვიჩნდეს, ამიტომ სურვილების წრფის სათავე – დაბადება, დასასრული კი გარდაცვალებაა.

სურვილების წრფის სათავეში ბავშვია, დიდი სასიცოცხლო ენერგიის მატარებელი სხეული, პირობითად „წერტილი“. ბავშვს უჩნდება სურვილი და წრფეზე ახალი წერტილი ფორმირდება. თვითონ საწყისი წერტილი კი ამ დანაკლისის გამო ზომაში მცირდება. ბავშვს უნდება ის, რასაც ხედავს, რაც მის შორიახლოს, მის თვალწინაა, ამიტომ ახალი წერტილიც სათავესთან ახლოს ფორმირდება. ბავშვს ყავს დედა, მამა, ან სხვა აღმზრდელი, რომელიც მას სურვილს უსრულებს. პირობითად „მამის ხელი“ დავარქვათ იმას, რაც ამ ახალ წერტილს უკან ჩამოაჩოჩებს და პატარა სურვილში ინვესტირებულ მცირე ენერგიას უკან დაუბრუნებს ბავშვს. წლების განმავლობაში ასე გრძელდება, ენერგია თითქმის საერთოდ არ იკარგება. ის მალევე ბრუნდება უკან და მისი მცირეხნიანი დანაკლისი შეუმჩნეველი რჩება.

ენერგია არც არსად იკარგება, ის უბრალოდ მეტად გვშორდება. ბავშვი გაიზარდა და მას სათამაშოს ნაცვლად უკვე ნამდვილი ავტომობილი სურს. ამისათვის უნდა ისწავლოს ტარება, გავიდეს მართვის მოწმობის გამოცდაზე, შეაგროვოს ფული, ამიტომ ეს სურვილი გაცილებით უფრო შორს გადასტყორცნის მისგან ენერგიას. მამის ხელიც აღარ ფუნქციონირებს, ნუ ჩვენს შემთხვევაში, და ამიტომ საწყისი წერტილი, უკვე გაზრდილი ბავშვი, ამ სურვილისკენ დამოუკიდებლად იწყებს გადაადგილებას. მანამდე კი ის ამ ენერგიის გარეშეა, სურვილის ასრულებამდე შორია და უკვე დაგვეტყო ამ შედარებით დიდი ენერგიის ნაკლოვანება. ასე ვსტყორცნით ათობით და ასობით წერტილს აქეთ-იქით, ჩვენი საწყისი წერტილი კი სულ მეტად პატარავდება.

მერე რა მოხდა? რა და რეალურია იმის საშიშროება, რომ ამ ენერგიისგან თითქმის ბოლომდე დავიცლებით და შესაბამისად ახალი აღარც არაფრის სურვილი გაგვიჩნდება. ცოტა ადამიანი გინახავთ სასიცოცხლო ენერგიის გარეშე? სურვილებად დარჩენილი სურვილების ტომარა. არ მოძრაობ, თუ არ გაქვს სურვილი და როცა ერთი სურვილის მიმართულებით გადაადგილდები, გზად სხვა ბევრი გამოგრჩება. სწორედ ასეთებში გვეკარგება ენერგიის უმეტესი ნაწილი, თუმცა მათი უკან დაბრუნებაც შესაძლებელია. კი, შესაძლებელია და ჩვენი მთავარი შეცდომა სწორედ ამის დაუშვებლობაა. წრფეზე წერტილი დაბადებიდან გარდაცვალებამდე ერთი მიმართულებით არ გადაადგილდება. ის არ არის დროის ღერძი, წრფე წრფეც არ არის, სინამდვილეში ის რკალია. ბავშვობაში ძალიან მინდოდა ველოსიპედი მქონოდა, ბავშვობა წარსულს ჩაბარდა, მაგრამ სურვილი არა. დღესაც შემიძლია ის ავისრულო, რომ უკან დავიბრუნო მასში კონცენტრირებული ენერგია და ახალი სურვილიც ამის შემდგომ თუ გამიჩნდება. როდესაც გაქვს სურვილი და მისკენ არ მოძრაობ, გაჩერებული ხარ, ჩათვალე მკვდარი ხარ.

ამაზე მუშაობს მარკეტინგი, რეკლამა. თუ სურვილს გაგიჩენს და მას აისრულებ – ბედნიერებას გაგრძნობინებს, თუ სურვილს გაგიჩენს და მას არ აისრულებ – წაგართმევს სასიცოცხლო ენერგიას.

ავტორი: ნიკა ბეგაშვილი

წყარო: www.marketer.ge

მსგავსი სტატიები

Leave a Comment