fbpx

“ულამაზესი იყო, საოცრად იცვამდა, ჭრელ სარაფნებში გამოიპრანჭებოდა და”…

ავტორი ჟოლო
220 ნახვა

ექვსი წლისას უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ გავიზრდებოდი, ლუდა უნდა გამოვსულიყავი.

ლუდა ჩემს უბანში ცხოვრობდა.

ჯარიდან ჩამოიყოლა ქმარმა, რომელიც მალევე გარდაიცვალა და დედამთილ – მამამთილმა რძალი სახლიდან გამოაგდეს.

პატარა სარდაფი იქირავა საცხობის გვერდით და თავი რაღაცნაირად გაჰქონდა.

ულამაზესი იყო, საოცრად იცვამდა, ჭრელ სარაფნებში გამოიპრანჭებოდა და მთელი ქუჩა მოჰქონდა.

ხატავდა, ქარგავდა, კერავდა, ყველაფერი გამოსდიოდა ლუდას.

კვირაში ორჯერ მაინც ვიმიზეზებდი, რუსულის დავალება ვერ გავიგე – მეთქი და თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი ლუდასთან.

დომინოს მოთამაშე ბიჭებს ჩავუარე, გზას გადავჭრიდი და ოც ნაბიჯში ლუდასთან ვიქნებოდი, რომ დამიძახეს.

– შენთვის ნაყინი იყიდე – ჩამონათვალს მოაყოლა გელამ.

სხვა დროს მიყვარდა, მაღაზიაში რომ მაგზავნიდნენ, მაგრამ ახლა ლუდა მერჩივნა.

– რუსთან მიდის და ეზარება – ჩემს მოჭყანულ სახეს დიაგნოზი დაუსვა დათომ.

– ბიჭო, ეგ ქალი საცვლებს არ ხმარობს ხო ?! – სხვათაშორისად იკითხა ნიკამ და დომინოს ქვა დაახეთქა მაგიდაზე.

– არ აქვს.

– იასნია.

– ვერ შეიკერა.

– სომეხმა რომ წამოაძახა, გახსოვთ, უტრუსიკო ქალი ხარო.

– ეგაა რაა, არ აქვს.

– ვუყიდოთ.

– ეს წაუღებს – ჩემზე ამბობდნენ.

– ემდურის ტრუსიკებს.

– უჭერს.

ხორხოცებდნენ, მუცელზე ხელს იდებდნენ, თითს იშვერდნენ ლუდას ფანჯრისკენ.

შეშინებული ვიყურებოდი, არ დაინახოს – მეთქი.

ჩემთვის ნაყინი არ მიყიდია.

ქუჩა გადავჭერი და ლუდას მივადექი.

ქარგავდა.

თავი მიანება და მამეცადინა.

თხელი, სიფრიფანა ზედა ეცვა ულიფოდ.

ისეთი მკვრივი მკერდი ჰქონდა, ხელით შეხება მომინდა.

რვეული წიგნში ჩავაკვეხე და წასასვლელად მოვემზადე.

– ისინი ჩემზე რას ამბობდნენ ?!

ადგილზე გავშეშდი.

– თქვი, გამეცინება – მითხრა და გამიღიმა.

– საცვლები არ აქვსო ლუდას და ვუყიდოთო – ხმა მიკანლალებდა, ვბლუყუნებდი რაღაცეებს.

დაპირებისამებრ, ჩაიცინა.

მეორე დღეს სკოლაში დამაგვიანდა.

ლუდას ფანჯრის გისოსიდან ეზოში მდგარ ჭერმის ხემდე თოკი გაება და მხოლოდ საცვლები ეკიდა.

ოცი, ოცდაორი, ოცდაოთხი, ოცდაექვსი – ორორად ვითვლიდი.

იდგნენ ბიჭებიც ქუჩის გადაღმა და ფერად საცვლებს თვალს არ აშორებდნენ…

დინა მირცხულავა

მსგავსი სტატიები

Leave a Comment