ყავარჯენს დაყრდნობილი შემოიყვანეს გოგონებმა და მაგიდასთან დასვეს. ჯერ ამოიოხრა, მერე დარბაზს შეავლო თვალი და სახე გაუნათდა – ეს რა უცხო და სასიამოვნო გარემოაო.
მოგწონთ? – ვეკითხები ღიმილით.
ძალიან ბებო, ძალიან, – მიბრუნებს ღიმილს და მზერა ჭერზე გადააქვს, დიზაინს იწონებს – ეს რა უცნაურად და ლამაზად მოუფიქრებიათო.
ყავარჯნიან ბებოს სხვა ბებიები და ბაბუებიც მოჰყვნენ, ზოგი ერთმანეთს ეყრდნობა, ზოგი ხელკავით შემოჰყავთ, დამოუკიდებლად გადაადგილება თითქმის ყველას უჭირს.
აი, თურმე რატომ მისტუმრებენ უარით ხშირად მოხუცებულთა სახლებიდან, როცა სადილად ვეპატიჟებით, მე კი როგორ მწყინს ხოლმე, – ვტუქსავ საკუთარ თავს.
… შვიდი წელია შენობიდან არ გავსულვარ შვილო, – მარკვევს ფიქრებიდან ყავარჯნიანი ბებო. შვიდი წელია ოთახში ვარ გამოკეტილი, ასე მომისაჯა სიბერემ… ჯერ ფეხი მოვიტეხე, გაშოტილი ვიწექი დიდხანს, მერე ინფარქტი გადავიტანე. ეს ფეხიც არ მორჩა ბოლომდე, ხანდახან ისე მტკივა, ლამის სული ამომაძროს… რამდენიმე დღეში ოპერაციას მიკეთებენ, ჰოდა, გავიფიქრე, ვაითუ დავრჩე იმ საოპერაციოზე-მეთქი და ჩემს თავს შემოვუძახე – ადექი, გამოეწყვე და წადი, ეს მაინც დაგრჩება-თქო! გავრისკე და წამოვედი. ვდარდობდი, არ მინდოდა ამ ყავარჯნებით ტვირთად დავწოლოდი სხვებს, მაგრამ მაპატიებენ ალბათ… ბედნიერი ვარ და მაპატიებენ…
თვალები უცრემლიანდება და აკანკალებული ხელებით ჩემს ხელს ეფერება.
– ჯერ სად ხარ ბებო, ისეთი ლამაზი საღამო გველიიის – ვეუბნები ღიმილით და მეც ვეფერები…
არ იცის ბებომ, რომ ეს ღიმილი ცრემლებს მალავს ახლა. არც ის იცის აკანკალებული ხელების სითბო, რომ დიდხანს გამყვება…
-ახლა გაიღიმე ბებო, ოპერაციის შემდეგ კი, ისევ აქ ვიზეიმოთ შენი კარგად ყოფნა…
-შემოგევლოს ბებო, რა სიხარულით სავსე გოგო ხარო, მეუბნება და მიღიმის.
არ იცის ბებომ, რომ ეს სიხარულით სავსე გოგო, მოხუცებთან დამშვიდობების შემდეგ სახლამდე მანძილს ტირილით გაივლის.
დეა თავბერიძე
12 აპრილი, 2019 წელი
ჩაის სახლი
P.S
ჩაის სახლი ქიაჩელზე ალთჰაუსი მადლობა თქვენ იმ სითბოსთვის და ბედნიერებისთვის,
რომელსაც ამ სათნო მოხუცებს ჩუქნით
და მადლობა, რომ მე ამირჩიეთ ამ სიკეთის გამზიარებლად
მადლობა კეთილ მოხუცებს და ხანდაზმულთა პანსიონატის „ბასილიადას“ დამფუძნებელ რუსო ბერიძეს თბილი გამოხმაურებისთვის
მადლიერი ვარ