fbpx

ადამიანები, რომლებიც სხვების გაბედნიერების სანაცვლოდ არაფერს ითხოვენ …

ავტორი დეა თავბერიძე
49 ნახვა

დღეს, ჩემი სიხარულის მიზეზი ერთი ადამიანის კეთილი ნება და ის გულიანი სურვილია, რომლის დამსახურებითაც „ჩაის სახლში“ ერთი დარბაზი იმისთვის დაიკეტა, რომ ხანდაზმულთა სახლის ტკბილ და საყვარელ მოხუცებს გემრიელობებით გამასპინძლებოდნენ.

საღამო მოხუცების სიმღერით დაიწყო და შავი ღვინით და სადღეგრძელოებით დაგვირგვინდა. შავი ღვინო კახელი სტუმრის „მოთხოვნა“ იყო, გვეხუმრა ამ არომატულ ჩაის მალევინებთ კახელ კაცსო?

თინა ნინიძემ, ოპერის ჩაის სახლის მთავარმა მენეჯერმა მალევე აუსრულა სურვილი.

შავ ღვინომდე დარბაზში ჯაზიც გაჟღერდა, რომელიც 100 წელს მიკაკუნებულმა ბატონმა ლევანმა მოკრძალებით ითხოვა.

თხოვნა, მასაც აუსრულდა, გაიხარა -აი, ეს მესმისო 🙂

ეს საღამო რამდენიმე კვირის წინ დაიგეგმა, ჩაის სახლის ერთ-ერთი დამფუძნებელი დამიკავშირდა და მთხოვა, მოხუცებს მინდა გავუმასპინძლდე და ორგანიზებაში თუ დამეხმარებიო. რა თქმა უნდა სიხარულით დავთანხმდი, მერე გუგლის დახმარებით  „მოხუცებულთა სახლიც“  მოვიძიე, ნომერი ავკრიფე და ასოციაცია „მზრუნველის“ დამფუძნებელს მაკო კაციტაძეს ვესაუბრე…

აი ისინიც აქ არიან, ამ ლაღი მასპინძლობით გახარებულები და ბედნიერები. ყველაზე მაგარი ის არის რომ ამ სახის საღამოები ჩაის სახლში სამომავლოდაც გაგრძელდება <3

მაკო კაციტაძე, ასოციაცია „მზრუნველის“ დამფუძნებელი: მიხარია, რომ დღეს მოხუცებს ჩაის სახლში ასე გაულამაზეს დღე. არაჩვეულებრივი გარემო დაგვხვდა, არაჩვეულებრივი მასპინძლებით,  იმდენად გაკვირვებულები არიან მოხუცები, მეკითხებოდნენ, – რამდენი უნდა გადავიხადოთო? ძალიან კმაყოფილები ვართ ყველა, მადლობას ვუხდი მასპინძლებს და განსაკუთრებით იდეის ავტორს, რომელსაც არ სურს რომ ასე საჯაროდ დავაფიქსიროთ ჩვენი მადლობა.

დეის ავტორმა და მთავარმა მასპინძელმა მთხოვა, ჩემი სახელი და გვარი არსად ახსენო, ამას იმისთვის ვაკეთებ რომ გულით მინდაო. ჰოდა, ვასრულებ პირობას.

უბრალოდ მინდა ყველას ვუთხრა, რომ არსებობენ კეთილი და გულიანი ადამიანები, რომლებიც სხვების გაბედნიერების სანაცვლოდ არაფერს ითხოვენ და ისინი აქვე, ჩვენს გვერდით დადიან…

P.S  არადა, როგორ გულით მინდა ყველას გასაგონად ვთქვა თქვენი სახელი და ასე გადაგიხადოთ მადლობა.

იმედია ამ წერილისთვის არ გამიბრაზდებით 🙂

სიკეთე ხომ გადამდებია, მინდა მოედოს ქალაქს თქვენი დაწყებული საქმე 🙂

მადლობა <3

პატივისცემით დეა თავბერიძე


მსგავსი სტატიები

Leave a Comment