არაფრით არ ჯერათ ადამიანებს, რომ ზეიმი და დღესასწაული მხოლოდ რამდენიმე საათი გრძელდება. ჩვენ დრო კი არ გაგვყავს, ან დროს კი არ ვატარებთ, არამედ ვცხოვრობთ ჩვენთვის განკუთვნილ დროში.
ჩვენზეა დამოკიდებული, რაში ან როგორ მოვიხმართ ამ წუთებს.
რა დრო გასულაო, ხშირად გვითქვამს და გვინანია წარსული.
ნუ გაატარებ დროს, გამოიყენე სასარგებლოდ. იყავი მშვიდი და იზრუნე ჯანმრთელობაზე, რომელიც შეუფასებელია.
დრო არ მაქვს თავს მივხედოო, ვამბობთ და არ ვფიქრობთ შედეგზე.
სიცოცხლე, ჯანმრთელობა, სიყვარული, ახალგაზრდობა, სიმდიდრე, სიღარიბე და ტანჯვა დროებითია. მარადიული მხოლოდ სიკვდილია, რომელიც ვერავინ ვერ დაამარცხა.
ადამიანთა ხვედრი: დროებით ახალგაზრდა, დროებით ჯანმრთელი, დროებით გამარჯვებული, დროებით ნეტარი, დროებით მდიდარი და დროებით ცოცხალი.
დატკბი და გაიხარე იმ დროში, რაც განგებამ მოგანიჭა.
ნუ დარდობ ირგვლივ უსამართლობაზე, შენ იყავი მართალი და წესიერი.
ყველამ საკუთარ შეცდომებზე რომ იფიქროს, არც უზნეობა იქნება, არც უსამართლობა.
სხვისკენ გაშვერილი თითი შემოიტრიალე შენსკენ, თქვი რა დააშავე, თუ არ იტყვი გაიფიქრე მაინც და ინანე. ნუ შეგეშინდება სინანულის, სინანულიც დროებითია.
არასოდეს არ ვფლანგავ დროს, დროულად მიხარია და დროულად ვწუხარ.
დროებით ვარ ბედნიერი, დროებით მაპატიეთ.
დროებით მიყვარხართ.
გიორგი ჯაჯანიძე