fbpx

”და დრო გადიოდა…” – შეხვედრა მანანა მენაბდესთან

ავტორი ჟოლო
36 ნახვა

მანანა მენაბდე პროფესიით რეჟისორია. ამასთან, ხატავს,  ლექსებსაც წერს, ამჟამად კი მისი იგავ-არაკების კრებულის – ,,და დრო გადიოდა“-  პრეზენტაცია გაიმართა. თუმცა ქართველი მსმენელისთვის ის, პირველ რიგში, მომღერალია, იშხნელების შთამომავალი და გარკვეულწილად, მათი ტრადიციების გამგრძელებელიც.

 

 ,,ხშირად მეკითხებიან, რატომ ვმღერი თვალდახუჭული, მე კი ყოველთვის ასე ვპასუხობ: მე იმ მამალს ვგავარ, რომელიც ,,ყიყლიყოს“ თვალდახუჭული ამბობს, რადგან ნოტები ზეპირად იცის“. – თბილისში ცოტა ხნით ჩამოსულმა მანანა მენაბდემ ასეთი ხუმრობანარევი  განმარტება შემოქმედებითი საღამოს დასაწყისში გააკეთა, რომელიც ,,მწერალთა სახლში“ გაიმართა.

 

,,შევიშრობ ცრემლსა“, ,,თეთრი ვარდები“, ,,ჯეირანი“, ,,სტვენს ბულბული“… კარგად ცნობილი სიმღერები მანანა მენაბდისეული შესრულებით გაჟღერდა, რამდენიმე მათგანი კი დასთან, თინათინ მენაბდესთან  დუეტშიც შეასრულა.

 

  როგორც მომღერალმა აღნიშნა,  ერთი და იმავე სიმღერის განსხვავებული ინტერპრეტაციით შესრულება უყვარს. სწორედ ამიტომ,  ცნობილი სიმღერის, ,,ისევ შენ და ისევ შენ“ ორგვარი ვარიანტი შესთავაზა მსმენელს: ჯერ ისე, როგორც  ბებიისგან იცოდა, შემდეგ კი – საკუთარი ინტერპრეტაციით.

 

მანანა მენაბდე სიმღერებს ყოველთვის გამორჩეული პოეტების გამორჩეულ ლექსებზე წერს: გალაკტიონი, ბარათაშვილი, ახმატოვა… მისი   ლექსებიც სიმღერასავით ჟღერს, სადაც რიტმი რითმას გარეშეც იგრძნობა.

 

 იგავ-არაკების კრებულის ბოლო ფურცელზე ვკითხულობთ – ,,პირველი ნაწილის დასასრული“. რაც იმის მაუწყებელია, რომ გაგრძელება იქნება…

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment