„უცნაური ხალხი ვართ… ქვეყნის სიყვარულზე, ერთგულებასა და თავდადებაზე სადღეგრძელოების თქმაში მსოფლიოში მეტოქე არ გვყავს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, არავის ადარდებს სამშობლო…?! ოკუპანტები, ყოველ დღე, რამდენიმე ათეული მეტრით მოიწევენ ქართლის გულისკენ და სულ უფრო აქეთ მოაქვთ ადმინისტრაციული საზღვარი, მაგრამ ესაც აღარავის ადარდებს და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება არც არავის აინტერესებს…
აღარც ის ახსოვს ვინმეს დღითიდღე რომ იმატებს ქვეყანაში მშიერი ადამიანების რაოდენობა, დაპირებული კეთილდღეობაც დაავიწყეს ხალხს, – შემცირებული გადასახადები, გაზრდილი პენსია (240 ლარამდე). მოკლედ ცნობილი მსახიობებისა თუ რეჟისორების ქუჩა-ქუჩა, კარ და კარ წანწალი და მოსახლეობისთვის იმის დაპირება, რომ “სოფლად და ქალაქად ყველა ოჯახი გამდიდრდება”, “აღმშენებლობა დაიწყება”, “ქუჩაში აღარავინ ნახავს მოწყალებისთვის ხელგაწვდილ პენსიონერს”, “სანაგვე ურნებში ნარჩენებისთვის ამოსაღებად თავდაყირა დამდგარ ადამიანებს”, “კრიმინალს მოვსპობთ”, ყველამ დაივიწყა…
ნეტავ რატომ? აღარავის უჭირს? მართლა ასრულდა “ოცნება”…?! მართლა ასე კარგადაა საქმე, თუ მე მეჩვენება ქუჩებში გასაცოდავებული მოხუცები, დილიდან საღამომდე საშოვარზე რომ არიან გამოსულნი და მოწყალებას ითხოვენ…. იქნებ შემცირდა გადასახადები, გაიზარდა პენსიები, აშენდა და წელში გაიმართა ქვეყანა ისე, რომ ყველა ბედნიერია და ახლა მხოლოდ სხვისი პირადი ცხოვრების გამომზეურების “გულშემატკივრები” გავხდით ყველა ერთად?!
“ადამიანის პირადი ცხოვრება”- ესე იგი, ეს იმას ნიშნავს , რომ მისი ცხოვრება მხოლოდ მას ეკუთვნის, მხოლოდ ისაა პასუხისმგებელი, შეცდომაზე დაფიქრების საშუალებაც მხოლოდ მას აქვს და არავის სხვას… ხოდა ვისაც რამდენჯერ, ვისთანაც და სადაც უნდა, იქ ექნება სექსი-ასეთი თუ ისეთი…ეს არავის საქმე არაა და კარგი იქნება თუ სხვაზე ჭორაობის მაგივრად, იმაზე იფიქრებთ და იდარდებთ, ღმერთი არ გაგვიწყრეს და ხვალ რომ დამოუკიდებელ საქართველოში დავიძინებთ, დილით ჩვენი ოკუპანტის (რუსეთის) შემადგენლობაში არ გავღვიძოთ…
ხელისუფლებას, რომელსაც ჩავაცვით და დავახურეთ, ევროპაში სეირნობისა და გართობის საშუალებაც მივეცით, ჩვენ ვკვებავთ და ვაჭმევთ საჭმელს, სწორედ ასეთი პრობლემების მოგვარება უნდა მოვთხოვოთ, თანაც კატეგორიულად, სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ !!! ქვეყანა თავზე გვენგრევა, პატრონი არ ჩანს, არააა“……
კახი ლაზარიშვილი, ჟურნალისტი