fbpx

„ჰო, ფრაუ მარტა“ – ქართველი ემიგრანტის სულისშემძვრელი ლექსი

ავტორი ჟოლო
59 ნახვა

ჰო, ფრაუ მარტა , გსურთ მოგიყვეთ ერთი ამბავი?!
ოღონდ ნამდვილი… როგორც სუნთქვა, ისე მართალი.
არის ქვეყანა… მასზე მითებს დღესაც ჰყვებიან-
იცით?! იქ თოვლიც უჩვეულოდ იისფერია.
ცა ფირუზია და ხმელეთი – ფერი ზურმუხტის,
ერი პურადი და გულადი , ლაღი , გულუხვი .
და სიყვარული, სიყვარული როგორ იციან ?-
სიტყვა სიტყვაა, ერთგულება თითქოს ფიცია .
ჰო, ფრაუ მარტა, ამ ქვეყანას მე ახლოს ვიცნობ.
როცა გიამბობთ, ოცნებებით იქა ვარ თითქოს.
არა, რას ამბობთ, სიმართლეა, განა ზღაპარი?!
მხოლოდ მადროვეთ, შეგისწოროთ მხრებთან საბანი…
და თქვენ რომ გიყვართ “მზე შინაო”, ჩემი სიმღერა-
იმ ქვეყნაში მზე მაისში, თაფლად იღვრება .
თქვენ უნდა ნახოთ, რა ნაზია ლურჯი აპრილი…
ან ვაზი, ვაზი მსხმოიარე, დალალაყრილი.
გრემი, იყალთო, ნიკორწმინდა, სვეტიცხოველი…
ოო, მის ხატებთან მუხლის მოყრას რა რიგ მოველი.
არა, რა ცრემლი?! თვალში მტვერი მომხვდა ნამცეცა.
იცით, ქორწილში, ენკენის თვეს, იცით, რა მეცვა ?..
და ტყუპი ბიჭი , მერე გოგო , სამი ნუგეში…
ოჰ, მონატრების ცრემლს ვერ ვმალავ თვალის უპეში.
თქვენ არ ინაღვლოთ, ფრაუ მარტა, გედგებით მცველად.
(ნეტავ მუხლები ისევ სტკივა ჩემ მოხუც დედას?!)
არა, რა მითი?! სიმართლეა, ასეა, მართლა…
იმ ქვეყნის სურნელს კვლავ ინახავს ეს ძველი ჩანთა .
იღიმით ვხედავ, გეთანხმებით, მე გამიმართლა-
ჰო, იმ ლამაზი ქვეყნიდან ვარ,
ჰო, ფრაუ მარტა!..

ნანა გოგოლაური

მსგავსი სტატიები

Leave a Comment